თბილისის 5 სპორტდარბაზი მათთვის, ვინც ვარჯიშის დაწყებას გეგმავს
ვარჯიშის დაწყება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, თუმცა რთული გადაწყვეტილებაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკუთარი თავისათვის მიცემული იმ პირობების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა შესრულება არც ისე მარტივი საქმეა. მიზეზი კი ნებისყოფა, დრო და ენერგიაა, რომელსაც ვარჯიში მოითხოვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ მაინც მტკიცედ გადაწყვიტეთ ვარჯიშის დაწყება და თბილისში შესაფერის სპორტდარბაზს ეძებთ, ამ სტატიამ შესაძლოა საქმე გაგიმარტივოთ და დროც დაგიზოგოთ.
OKTOPUS FITNESS CLUB • ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული კლუბია, რომელსაც ამჟამად ორი ფილიალი აქვს – საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე და ვაკეში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე. გარდა მყუდრო ინტერიერისა და მრავალფეროვანი ტრენაჟორებისა, OKTOPUS FITNESS CLUB-ის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა კვირაში 7 დღე 24-საათიანი მომსახურებაა. პროგრამა მოიცავს კარდიო ვარჯიშებს, მძიმე დატვირთვის ვარჯიშებს, აერობიკას, პილატესს, იოგას, ზუმბას, სპინინგს და სხვა მიმართულებებს. სპორტდარბაზში მხოლოდ ულიმიტო (საათობრივად შეუზღუდავი) პაკეტები მოქმედებს და სტანდარტული ტიპის – ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 155 ლარია. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეიძინოთ 3-თვიანი, 6-თვიანი და 12-თვიანი აბონემენტები. ამ შემთხვევაში კლუბს პირობებთან დაკავშირებით გარკვეული შემოთავაზება აქვს. ოქტუპუსის სპორტდარბაზის სივრცეში კაფესაც იპოვით, სადაც შეგიძლიათ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებით იკვებოთ.
წრე • TSRE
ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მდებარეობს. სპორტდარბაზის სამუშაო დრო დილის 8 საათიდან ღამის 1-ლ საათამდეა. სპორტკლუბის პაკეტები მრავალფეროვანია და ითვალისწინებს თითქმის ყველა საჭიროებისა და გემოვნების მომხმარებლის სურვილებს. სერვისი მოიცავს კრივის, კიკ-ბოქსის, პილატესის, აერობიკის და სხვა პროგრამებს, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ჯგუფურად, ასევე აირჩიოთ კონკრეტული მიმართულების ინდივიდუალური პაკეტი, რაც ცხადია, უფრო ძვირიც დაგიჯდებათ. ინდივიდუალური პაკეტების ფასები 200-დან 245 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ულიმიტო პაკეტს, ერთთვიანი აბონემენტის შეძენა 125 ლარად შეგიძლიათ. წრე • TSRE სხვა სპორტდარბაზებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ის კონკრეტულად ბავშვებისთვის ტანვარჯიშის პროგრამას მოიცავს. პროგრამის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება 100 ლარია. გარდა ამისა, კლუბის ნებისმიერ წევრს საშუალება აქვს ისარგებლოს ველოსიპედით, თანაც სრულიად უფასოდ.
World Class Georgia
საერთაშორისო ბრენდია, რომელიც უკვე 34 წელია ბაზარზეა. მისი ერთ-ერთი ფილიალი თბილისშიც ფუნქციონირებს და ის ფილარმონიის შენობის ზედა სართულზე მდებარეობს. 1300 კვადრატული მეტრის ფართობის მულტიფუნქციური სპორტდარბაზი მრავალფეროვანი, უახლესი თაობის ტრენაჟორებით არის აღჭურვილი. ამასთან ერთად, სპორტკლუბი ჯგუფურ ვარჯიშებსაც გთავაზობთ. აბონემენტში შედის საუნაც. სპორტდარბაზის სამუშაო დრო კვირის სამუშაო დღეებში დილის 7 საათიდან ღამის 1-ლ საათამდეა, ხოლო უქმეებზე დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე. ერთთვიანი პაკეტის, სპორტკლუბის ყველა ტიპის მომსახურებას მოიცავს და ღირებულება 255 ლარია. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც კლუბის წევრებს დამატებით კომფორტს უქმნის, პარკინგისათვის გამოყოფილი ცალკე ტერიტორიაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის გარემოებებიც, რომელიც შეიძლება ამ სპორტდარბაზის ნაკლად ჩაითვალოს – ფეისბუქის ოფიციალურ გვერდსა და World Class Georgia-ს ვებგვერდზე ვერ იპოვით შემოთავაზებული პაკეტების კონკრეტულ ფასებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სოციალური ქსელში შეტყობინების სახით დასვამთ აბონემენტის ღირებულებასთან დაკავშირებულ კითხვას, ნომერს გთხოვენ, შემდეგ ოპერატორი (სავარაუდოდ, გაყიდვების მენეჯერი) დაგიკავშირდებათ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. ეს მარკეტინგული სტრატეგია შესაძლოა, ერთი შეხედვით ყურადღებიან დამოკიდებულებადაც განიხილებოდეს, თუმცა თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროცესი ალბათ ზედმეტი დროის კარგვასთან უფრო ასოცირდება.
Snap Fitness Georgia
კიდევ ერთი 24-საათიანი სპორტკლუბია, რომელსაც თბილისში რამდენიმე ფილიალი აქვს. ფილიალები მდებარეობს საბურთალოზე – ყაზბეგის და ცინცაძის ქუჩებზე, ასევე ვაკეში – ჭავჭავაძის გამზირზე. სნეპ ფიტნესიც სხვა სპორტდარბაზების მსგავსად, ტრენაჟორების გარდა, სხვადასხვა ჯგუფურ გაკვეთილებს გთავაზობთ. აბონემენტები ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება. ერთთვიანი ულიმიტო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, 119 ლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო პაკეტების ღირებულება შესაბამისად 285, 510 და 950 ლარია. სპორტკლუბი არა მხოლოდ ვარჯიშის მსურველებისათვის, არამედ მათთვისაც საინტერესო სივრცეა, ვისაც ფიტნეს ინსტრუქტორობა სურს. Snap Fitness-ს თავისი სასწავლო ცენტრიც – სნეპ აკადემია აქვს, რომლის კურსის გავლის შემდეგ, სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსი მოგენიჭებათ. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, ღირებულება კი – 1100 ლარი.
Aspria Fitness
ეს ის სპორტკლუბია, რომელსაც თბილისში ყველაზე მეტი ფილიალი აქვს. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის ნებისმიერ უბანში მცხოვრები ადამიანისათვის ხელმისაწვდომია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სპორტდარბაზის არჩევისას, ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ მისი მდებარეობაა. Aspria-ს ფილიალები მდებარეობს საბურთალოზე, ვაკეში, გლდანსა და დიდუბეში. ყველა დარბაზი მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. პროგრამა სტანდარტულად აერთიანებს ტრენაჟორებსა და ჯგუფურ ვარჯიშებს. ამ სპორტკლუბის კიდევ ერთი უპირატესობა საკმაოდ დაბალანსებული ფასებია. 30-დღიანი ულიმიტო აბონემენტი 99 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო 365-დღიანი, ანუ ერთწლიანი აბონემენტის ღირებულება 799 ლარია. Aspria Fitness დაინტერესებულ მომხმარებელს ერთდღიან ულიმიტო აბონემენტსაც სთავაზობს, რომლის შესაძენად მხოლოდ 15 ლარის გადახდა მოგიწევთ.