მეორე მსოფლიო ომში, ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის ჯაშუში იყო


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რიდ ტაკერი

 

ის იყო ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, თუმცა, ამასთან ერთად, მას ჰქონდა სხვა როლიც – ჯაშუშის როლი, რომლის შესახებ თითქმის არავინ იცოდა. და მისი ეკრანული პერსონაჟებისგან განსხვავებით, ამ როლის თამაში მართლა სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი იყო.

უკიდურესად კარჩაკეტილმა მსახიობმა, რომელიც 1993 წელს გარდაიცვალა, რამდენჯერმე მიანიშნა მეორე მსოფლიო ომში ჰოლანდიური წინააღმდეგობის მოძრაობასთან თანამშრომლობის შესახებ. ახლად გამოსულ წიგნში (“ჰოლანდიელი გოგონა: ოდრი ჰეპბერნი და მეორე მსოფლიო ომი”, ავტორი რობერტ მატცენი) უკვე შეიძლება სიღრმისეულად შეიტყოთ იმ თავგადასავლის შესახებ, რაც ჰეპბერნს  გადახდა მეორე მსოფლიო ომის დროს. წიგნის ავტორმა გამოიკვლია საიდუმლო დოკუმენტები, ესაუბრა ჰეპბერნის ოჯახის წევრებს და მიაკვლია დღიურებს, რომელიც ამ მოვლენების შესახებ ახალ ინფორმაციას შეიცავდა.

დავიწყოთ იქიდან, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ოდრი ჰეპბერნი მხოლოდ 10 წლის იყო. ამასთან ერთად, გოგონას მშობლები მათდა სამარცხვინოდ პროფაშისტები იყვნენ – თუმცა მოგვიანებით, ნაცისტური რეალობიდან გამომდინარე, დედამისმა ამ საკითხზე აზრი შეიცვალა.

ჰეპბერნი დაიბადა 1929 წელს ბელგიაში, შეძლებულ ოჯახში.  მამამისი ფინანსისტი იყო, ხოლო დედა, ბარონესა ელა ვან ჰეემსტრა – ჰოლანდიელი არისტოკრატი. 1935 წელს მამამ ოჯახი მიატოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, რაც ჰეპბერნმა მტკივნეულად გადაიტანა.

“ვფიქრობ, რომ მიტოვებული ბავშვებისთვის ცხოვრება ზოგჯერ რთულია, – ამბობდა ჰეპბერნი მოგვიანებით. – არ მაინტერესებს, ვინ არიან ისინი. ეს ბავშვებს ძალიან აწამებს. მათ არ იციან  პრობლემის არსი. ბავშვებს ემოციური წონასწორობისთვის ორივე მშობელი სჭირდებათ”.

რამდენიმე წელი ჰეპბერნმა ინგლისში, დოვერის მახლობლად, ძვირად ღირებულ კერძო სკოლაში გაატარა, მაგრამ ომის სამზადისში დედამისმა თავის შვილთან ახლოს ყოფნა ამჯობინა და მასთან ერთად ჰოლანდიაში გადავიდა.

ჰეპბერნი ინგლისიდან ჰოლანდიაში 1939 წლის დეკემბერს 10 წლის ასაკში გაემგზავრა.

მიუხედავად ელას წარჩინებული წარმომავლობისა, მისი ოჯახი მდიდარი არ იყო. ოჯახის დიდი საგვარეულო სახლი, სადაც ჰეპბერნის ბაბუა ცხოვრობდა, გაქირავებული იყო.

“დედაჩემი უკაპიკოდ იყო, – თქვა ერთხელ ჰეპბერნმა. – ჩემი მშობლები განქორწინდნენ, როცა მე 10 წლის ვიყავი. მამაჩემი უბრალოდ გაქრა.  ჩვენ ფული საერთოდ არ გაგვაჩნდა.”

ჰეპბერნის დედამ ავეჯის გაყიდვას მიჰყო ხელი და ისინი  აღმოსავლეთ ჰოლანდიის ქალაქ არნჰემში, მოკრძალებულ ბინაში დასახლდნენ. ვან ჰეემსტრა ნაცისტების მხარდამჭერი იყო. ერთხელ მან ნაციონალ-სოციალისტების გაზეთში დაწერა: “დაე იამაყოს ადოლფ ჰიტლერმა ამ დიდებული ქვეყნის აღორძინებითა და გერმანული სულის აღზევებით”. ის  მეუღლესთან ერთად ერთხელ პირადად შეხვდა კიდეც ფიურერს მიუნხენში, 1935 წელს.

გერმანიამ ნიდერლანდების ანექსია 1940 წლის მაისში მოახდინა. დიდძალმა ჯარმა გადმოლახა საზღვარი და მალე დაიკავა ქალაქები და სოფლები. თითქმის ერთ ღამეში საჯარო ნიშნები გერმანულით შეიცვალა და აფრიალდა სვასტიკიანი დროშები.

 

190409-hepburn2190409-hepburn2“პირველი რამდენიმე თვე ჩვენ ზუსტად ვერ ვხვდებოდით, რა მოხდა… მე ჩვეულებრივად დავდიოდი სკოლაში, – იხსენებდა ჰეპბერნი. – სკოლებში ბავშვები არითმეტიკაში მეცადინეობისას ამგვარ  ამოცანებს ხსნიდნენ:

‘თუ ბერლინს 1000 ინგლისური ბომბდამშენი შეუტევს, რომლებიდანაც 900-ს ჩამოაგდებენ, სულ რამდენი დაბრუნდება ინგლისში?’

ჰეპბერნის შვება ცეკვა იყო. ის ინგლისში ყოფნისას ბალეტზე დადიოდა და ახლაც  მთლიანად ამ საქმეზე გადაერთო – გადაწყვიტა პროფესიონალი ბალერინა გამხდარიყო. 1940 წელს მან ერთ-ერთი ცნობილი ცეკვის მასწავლებლის სპეციალიზებულ სკოლაში ჩააბარა და სცენა შეუყვარდა.

“მორცხვი და გარიყული ბავშვი, რომელიც ნებისმიერ სოციალურ სიტუაციაში უბრალოდ უჩინარდებოდა, ცეკვის ზეგავლენით, თავისი თავის გამოხატვას მიეჩვია”, – წერს მატცენი, თუმცა ჰეპბერნის ოჯახის შედარებითი სიმშვიდე დაირღვა, როცა 1942 წელს მისი ბიძა, ოტო ვან ლიმბურგი გერმანელებმა დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ კი ტყეში მას და კიდევ  ოთხ სხვა პატიმარს თავიანთივე საფლავები გაათხრევინეს და დახვრიტეს.

ამის გამო ჰეპბერნის დედა იძულებული გახდა პატარა ქალაქ ველპში გაქცეულიყო, სადაც მისი ბაბუა ცხოვრობდა. ტრაგედიის გამო ოდრის დედას ნაცისტებზე გული აუცრუვდა და ის წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდამჭერად გადაიქცა. სისასტიკე ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა.

1991 წელს ჰეპბერნი იხსენებდა, თუ როგორ ავსებდნენ გერმანელები მატარებლებს ებრაელი პატიმრებით.

“ძალიან მკაფიოდ მახსოვს ერთი პატარა ბიჭი, რომელიც პლატფორმაზე თავის მშობლებთან ერთად იდგა, ძალიან ფერმკრთალი, ძალიან ქერათმიანი, ზომაზე დიდი პალტოთი, და ის მატარებელში ავიდა, – უთხრა ოდრიმ რეპორტიორს, – მე თვითონ ბავშვი, ვუყურებდი ბავშვს… და შემდეგ გავიაზრე, თუ რა ბედი ელოდა მას”.

1944 წლის ზაფხულში ჰეპბერნმა დაიწყო მოხალისედ მუშაობა დოქტორ ჰენდრიკ ვისერ ჰუფტთან, რომელიც 39 წლის სიმპათიური ექიმი და ყოფილი ოლიმპიელი იყო. სწორედ აქ დაუკავშირდა ოდრი იატაქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას. ვისერ ჰუფტი ანტიგერმანული მოძრაობის ლიდერი იყო და ჰოსპიტალი, სადაც ის მუშაობდა, იმ რეგიონის წინააღმდეგობის ცენტრი გახლდათ, სადაც ექიმები გერმანელებისგან მიმალვაში მყოფ ადამიანებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბებაში ეხმარებოდნენ.  

ჰეპბერნის ერთ-ერთი “შემოწირულობა” ცეკვა გახლდათ. მან დაიწყო არალეგალურ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობისთვის ფულის შესაგროვებლად იმართებოდა. ამ ღონისძიებებს “შავი საღამოები” ერქვა, რადგან მასპინძლები იძულებული იყვნენ კონსპირაციისთვის  ფანჯრები ჩაებნელებინათ.

“გარეთ მცველები მორიგებოდნენ, იმისთვის რომ გერმანელების მოახლოება ეცნობებინათ, – იხსენებდა ჰეპბერნი მოგვიანებით. – ყველაზე კარგი წარმოდგენების ბოლოსაც კი პუბლიკას კრინტი  არ უნდა დაეძრა”.

 

 

დამხმარე ბალერინა ასევე ავრცელებდა წინააღმდეგობის გაზეთს, Oranjekrant-ს. ქაღალდის დეფიციტის გამო გაზეთი ნახევარი ხელსახოცის ზომისა  იბეჭდებოდა. “მე მათ ჩემს შალის წინდებსა და ხის ფეხსაცმელში ვმალავდი, ვჯდებოდი ველოსიპედზე და მიმქონდა”, – ამბობდა ჰეპბერნი.

იმის გამო, რომ ჰეპბერნს განათლება ინგლისში ჰქონდა მიღებული, მას 1944 წელს ვისერ ჰუფტმა მოკავშირე პილოტებისთვის გზავნილებისა და – ჩამოგდებული პილოტებისთვის – საჭმლის გადაცემაც დაავალა.

ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო და ამიტომ ძნელად ექცეოდა პოლიციის ყურადღების არეალში.

ჰეპბერნის ოჯახი იმდენად შორს წავიდა, რომ ერთი პერიოდი ნიდერლანდებში ჩამოგდებულ ინგლისელ პილოტსაც იფარავდა, ანა ფრანკის მსგავსად. მისმა არსებობამ ომი მთლად სახლში შემოიტანა “ისეთი სახით, როგორითაც 15 წლის თინეიჯერი ვერასდროს წარმოიდგენდა”, – წერია წიგნში. ჰეპბერნის შვილის, ლუკა დოტის სიტყვებით, ეს  ოდრის საყვარელი ამბავი იყო ომის ისტორიებიდან.

“დედაჩემი მომიყვა, როგორი აღტაცებული იყო ამ ყველაფრით – ეს სარისკო საქმე იყო, უცხო პილოტი უნიფორმაში, მებრძოლი, შესაბამისად – რაინდი და გმირი, – ამბობს დოტი. – შემდეგ კი შევიტყვე გერმანული კანონის შესახებ, რომ მტრის შეფარების შემთხვევაში მთელ ოჯახს აპატიმრებდნენ”.  თუმცა საქმე აქამდე არ მისულა. დაუზუსტებელია, თუ რამდენ ხანს იმალებოდა პილოტი და რა ბედი ეწია მას, თუმცა ის გერმანელებს ხელში არ ჩავარდნიათ.

ომის გამო ჰეპბერნის ოჯახი დიდ გაჭირვებაში იყო. ხშირად ისინი შუქის, გათბობისა და წყლის გარეშე რჩებოდნენ, ხოლო 1944-45 წლის ზამთარში საკვები თითქმის არც უნახავთ.  

ოდრი ხშირად სამი დღის განმავლობაში უჭმელი იყო ხოლმე, ხოლო თვეების მანძილზე ოჯახის საუზმე ადუღებული წყალი და ყავისფერი მარცვლებისგან დამზადებული პურის ნაჭერი იყო. სადილად კი წვნიანი კარტოფილით.  

ომის შემდეგ ჰეპბერნმა განაგრძო ცეკვა და სხვადასხვა გზით ცდილობდა  ფულის შოვნას. 1948 წელს ის პირველად გადაიღეს დაბალბიუჯეტიან ფილმში  “ჰოლანდიური შვიდ გაკვეთილში”, სადაც ჰეპბერნი ქუჩაში მოდის და კამერაში იღიმის. კინოფირის სიძვირის გამო, რეჟისორმა ფილმში პირდაპირ ოდრის სინჯების მასალა გამოიყენა.

მალე ოდრი ლონდონში გადავიდა ცეკვის სასწავლად. თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ  ზედმეტად მაღალი (174 სანტიმეტრი) იყო ბალერინობისთვის, რის გამოც მსახიობობა გადაწყვიტა.

ჰეპბერნი აიყვანეს მოცეკვავედ მიუზიკლისთვის High Button Shoes, რასაც სხვა როლებიც მოჰყვა. 1951 წელს, ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე ის ბროდვეის Gigi-ში ათამაშეს.

იმდროისათვის  დედამისი მასთან ერთად არ იყო. წინააღმდეგობის მოძრაობისთვის გაწეული დახმარების მიუხედავად, ვან ჰეემსტრას ბევრი მაინც ნაცისტთა მხარდამჭერად  თვლიდა, ომის წინა პერიოდში ჰიტლერის საჯარო სოლიდარობის გამო.

ომის შემდეგ მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ოდრის დედას ბინაში ნაცისტური სიმბოლიკიანი ნივთები ჰქონდა და ასოცირებული იყო საიდუმლო პოლიციასთან. ვან ჰეემსტრამ ბრალდებები უარყო, თუმცა მას მაინც უარი უთხრეს შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე.  

ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ მისი შედეგები ჰეპბერნის ოჯახს მაინც თან დაჰყვებოდა. “ამდენის მიღწევის შემდეგაც კი,  რაც ჰეპბერნი ოსკაროსანი მსახიობი, ჟივანშის მოდელი, რივიერას, რომისა და პარიზის ბინადარი გახდა, ომის წლები მაინც მუდმივად მასთან ერთად რჩებოდა”, – აღნიშნავს ავტორი.

“ომი მისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამბობს ჰეპბერნის შვილი. ომის წყალობით გახდა ოდრი იმად, რასაც წარმოადგენდა”.

 

ორიგინალი: https://nypost.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.