მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტები TripAdvisor-ის მიხედვით


გააზიარე სტატია

 

სერვისმა TripAdvisor-მა  იმ ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩადიოდა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.

მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი სეჩენის აბანოები გახდა. ბუდაპეშტის ეს ღირსშესანიშნაობა ევროპაში ყველაზე დიდი აბანოთა კომპლექსია. მისი მშენებლობა 1909 წელს დაიწყო და თერმული წყლებით მალევე გაითქვა სახელი. ამჟამად კომპლექსი სამი ღია და 15 დახურული აუზისგან შედგება. სეჩენის აბანოები ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის თერაპიებს, მასაჟს, სპა და არომა-პროცედურებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად კომპლექსის არქიტექტურაც, რომელიც კლასიციზმისა და ნეორენესანსის სტილშია გადაწყვეტილი. შენობის ინტერიერი გაფორმებულია წყალთან  დაკავშირებული თემატური მოტივებით.

 

TripAdvisor-ის მიხედვით, 2018 წელს ტურისტების რეკორდული აქტივობა იყო ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით, უაი-ო-ტაპუს რეგიონში. „უაი-ო-ტაპუ“ მაორების ენაზე – „ღვთიურ წყლებს“ ნიშნავს და მაღალი გეოთერმული აქტივობით გამორჩეულ ვულკანურ რეგიონს წარმოადგენს.

1931 წლიდან ტერიტორიას სახელმწიფო იცავს,  თუმცა ნაწილობრივ ტურისტული ატრაქციონიცაა. ეს მხარე გამოირჩევა ულამაზესი გეიზერებით (ლედი ნოქსი), სამკურნალო ტალახის აბაზანებით, ასევე თერმული ბუნებრივი აუზებით, როგორიცაა, მაგალითად, „შამპანურის აუზი“. ამ უკანასკნელს ამგვარი სახელი იმის გამო დაერქვა, რომ პერიოდულად იფრქვევა  ნახშირორჟანგი, რაც საოცარ სანახაობას ქმნის.

 

TripAdvisor-ის ნუსხაში ასევე მოხვდა არაბული აბანო „ალ-ანდალუსი“ გრანადის ისტორიულ ნაწილში. მისი ისტორია XI საუკუნიდან იწყება, როცა ჩრდილოეთ აფრიკიდან მოსულმა მავრიტანული ტომების წარმომადგენლებმა წყლის არხების, ავზებისა და აბანოების მშენებლობა დაიწყეს. ისინი შენობებს  რომაული თერმული აბანოების პრინციპით აგებდნენ, რაც სხვადასხვა ტემპერატურაზე გამთბარი დარბაზებს გულისხმობს. მათვე დაამკვიდრეს ეთერზეთების გამოყენების კულტურაც, რასაც დღეს „არომა-თერაპიას“ ვუწოდებთ.

 

TripAdvisor-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ:

 

არგენტინის ანდებში მდებარე სპა-ცენტრი Termas de Cacheuta

 

კოსტა-რიკის მინერალური და თერმული წყლების კურორტი Paradise Hot Springs

 

ექვსსართულიანი სპა-კომპლექსი ტოკიოში Thermae-Yu Hotspring


ტრადიციული არაბული აბანო (ჰამამი) მარაქეშში

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.