fbpx

სარემონტო მასალები, რომლებიც სახლში ტყვიით დაბინძურების რისკებს შეიცავს


გააზიარე სტატია

UNICEF-ის კვლევის შედეგები ცნობილია. საქართველოში 1 578  ბავშვის სისხლიდან 41%-ში  ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. შედარებისთვის, 2016 წელს აშშ-ში იგივე შემცველობა ბავშვების 4%-ს აღმოაჩნდა. საქართველოში ტყვიის ამ კონცენტრაციის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა (85%), შემდეგ გურიაში (73%), სამეგრელო-ზემო-სვანეთსა (71%) და იმერეთში(61%). თბილისში ტყვიის 5 მკგ/დლ ან მეტი შემცველობა აღებული სინჯების 30%-ში აღმოჩნდა.  

ტყვია ბოლო დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ვიცით, რომ ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია ტყვიით. რომ ტყვია ერთ მეტრ სიმაღლემდე გროვდება და განსაკუთრებით სიფრთხილე გვმართებს ბავშვების გარეთ გასეირნებისას და ა.შ. თუმცა ატმოსფერული ჰაერი არ არის ტყვიით დაბინძურების ერთადერთი წყარო. ადამიანი დროის 80%-ს დახურულ სივრცეში ატარებს, იქნება ეს სახლი, თუ სამსახური. ამიტომ მისი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია  ის მიკროკლიმატი, რომელიც მას ამ გარემოში ხვდება.

საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ  მცირე კვლევა ჩაატარა სწორედ იმის გამოსავლენად, თუ რა არის ბინებში ტყვიით დაბინძურების ძირითადი წყაროები. კვლევა 17 ოჯახში ჩატარდა, საიდანაც სულ 268 სინჯი შემოწმდა. ესენი იყო სურსათი, სათამაშოები, სამშენებლო და სარემონტო მასალები, კოსმეტიკა და ბიჟუტერია. შედეგად, ტყვიის შემცველობა დაფიქსირდა:

სურსათი –   84 სინჯიდან 5-ში

სათამაშოები – 77 სინჯიდან 19-ში

სამშენებლო და სარემონტო მასალები – 34 სინჯიდან 13-ში

კოსმეტიკა და ბიჟუტერია – 25 სინჯიდან 4-ში

 

როგორც ხედავთ, პროცენტულად ყველაზე მეტგან ტყვია სამშენებლო და სარემონტო მასალებში აღმოჩნდა. ესენია როგორც სამშენებლო – ცემენტი, გაჯი,  ბლოკი, ასევე ინტერიერის მასალები – საღებავები, სამზარეულოს ზედაპირი, მეტალო-პლასტმასი, შპალერი, ლამინირებული იატაკი, ბავშვის ემდეეფის საწოლი. ანუ ყველაფერი ის, რაც ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახშია.

საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე კონტროლი ჯერჯერობით არ არსებობს. 2019 წლის იანვარში ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ 4 სამშენებლო მასალის კონტროლს ითვალისწინებს. ესენია არმატურა, ცემენტი, პლასტმასის მილები და ელექტროკაბელები. სია ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და 2022 წლისთვის ყველა სამშენებლო კომპონენტზე გავრცელდეს. თუმცა მანამდე ჩვენი სახლების უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენსავე ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.

დღეს რემონტის კეთებისას ძირითადად უპირატესობას ვანიჭებთ თანამედროვე მასალებს, რომელთა წყალობითაც რემონტს ბევრად სწრაფად და რაც მთავარია, იაფად ვაკეთებთ. თუმცა არცთუ ისე ხშირად ვფიქრობთ მათ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

მაგალითად, ე.წ. ემდეეფი და ლამინატი – დღეს ალბათ უმეტესობა სწორედ ამ მასალებს იყენებს სახლში ავეჯის დასამზადებლად. თუმცა პარალელურად ბევრი ჩივის, რომ ასეთი ავეჯი უსიამოვნო სუნით გამოირჩევა, რაც შეიძლება სწორედ პირველ სიგნალად მივიჩნიოთ, რომ საქმე გვაქვს ტოქსიკურ კონცენტრაციასთან. ზოგადად ეს მასალა მზადდება  ნახერხისა და წებოსგან. წებო კი თავის მხრივ შეიცავს ფორმალდეჰიდს, რომელიც კანცეროგენურ ნივთიერებათა სიაშია. უხარისხო მასალაში ნახერხი ცოტაა და ჭარბად არის წებო, შესაბამისად – ფორმალდეჰიდიც, რომლის სუნთქვაც მავნეა ჯანმრთელობისთვის. თუმცა ფორმალდეჰიდის გარდა, ეს მასალები შეიძლება კიდევ არაერთ აქროლად ნივთიერებას შეიცავდეს. მარტივად ამის შემოწმება ასეც შეიძლება – მასალის პატარა ნაჭერს ცეცხლი რომ მოუკიდოთ, ეკოლოგიურად სუფთა მასალა ხის სუნით იწვის. იქ კი, სადაც კონცენტრაცია ტოქსიკურია, წებოს წვის უსიამოვნო სუნი გამოიყოფა.

საღებავი  ტყვიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ტყვიაზე დამზადებული საღებავი, ერთი შეხედვით, ძალიან მიმზიდველია, რადგან ტყვია ფერებს სიკაშკაშესა და სიმკვეთრეს აძლევს. განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ ასეთი საღებავები 40 წლის წინ აკრძალა. თუმცა ინტერნეტში თუ მოძებნით ქვეყნებს, სადაც ტყვიის შემცველი საღებავები ისევ აქტიურად იყიდება, ჩამონათვალში ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიას შეხვდებით.  საქართველოც ჯერჯერობით ამ ქვეყნების სიაშია. ამიტომ საღებავის ყიდვისას თავად მიაქციეთ ყურადღება ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას და უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც მითითებული აქვს, რომ არ შეიცავს ტყვიას, გავლილი აქვს ეკოლოგიური ტესტირება, დამზადდებულია ვროკავშირში, ან ევროკავშირის სტანდარტებით.

სამზარეულოს ზედაპირი  განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აარჩიოთ, რადგან მასზე, როგორც წესი, უშუალოდ საკვებს ვდებთ. ამ შემთხვევაში ეკოლოგიურად სუფთა შეიძლება იყოს როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი ქვა. თუმცა, მაგალითად, გრანიტის გამოყენებას სპეციალისტები ცალსახად არ გვირჩევენ, რადგან ის ხშირად შეიცავს რადიონუკლიდების გარკვეულ რაოდენობას და ამიტომ არათუ სამზარეულოში, გრანიტი საერთოდ არ არის რეკომენდებული შიდა მოპირკეთებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი პროდუქტი შეიძინეთ სერტიფიცურებულ მწარმოებლებთან თუ იმპორტიორებთან და მოითხოვეთ მისი უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა შეიცავს პოლივინილის ქლორიდს (PVC), რომელიც გამოყოფს აქროლად ორგანულ ნაერთებს. ამიტომ თუ რამდენიმე წლის წინ ადამიანებმა მასობრივად ჩაანაცვლეს ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასით, დღეს ბევრი უარს ამბობს ამ მასალაზე მისი ტოქსიკური დანამატების გამო და ისევ ხის კარ-ფანჯარას უბრუნდება. თუმცა თუ მაინც მეტალოპლასტმასის გამოყენება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ეცადეთ, რომ ის შედარებით სანდო კომპანიებს დაამზადებინოთ.

იგივე შეიძლება ითქვას შპალერზეც. მოიკითხეთ და შეიძინეთ შპალერი, რომელსაც აქვს უსაფრთხოების სერტიფიკატი, რომ ის არ შეიცავს პოლივინილის ქლორიდს და შესაბამისად მასში აქროლადი ორგანული ნაერთების რაოდენობა მინიმუმი, ან საერთოდ არ არის.

გურანდა ავქოფაშვილი – ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კვლევის ავტორი:

„ძირითადად ტყვია აღმოჩნდა ისეთ პროდუქტებში, რომლებიც არ წარმოადგენდნენ  ბრენდებს, ან არ იყო შეძენილი სერტიფიცირებულ ადგილებში. შედარებით ცნობილი ბრენდების პროდუქტებში ტყვია არ დაფიქსირდა.  თუმცა კვლევის დროს არაერთხელ გადავაწყდით ფალსიფიკაციის შემთხვევებს.

მაგალითად, ერთ-ერთ ოჯახს ეგონა, რომ სახლში ცნობილი ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა სამზარეულოს ზედაპირი ჰქონდა. თუმცა ჩვენი კვლევის შედეგად მასში ტყვია აღმოჩნდა. გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ პროდუქტი ფალსიფიცირებული იყო და რეალურად არ წარმოადგენდა იმ ბრენდს, რომლის სახელითაც ის მომხმარებელს მიყიდეს.

გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა ხელოსანმა თავად შეიძინა ბინისთვის საღებავი. მეპატრონე დარწმუნებული იყო, რომ ეს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის პროდუქტი იყო. რეალურად კი კედელზე სულ სხვა საღებავი ღმოჩნდა,  რომელშიც ჩვენი კვლევის შედეგად, ოჯახისთვის მოულოდნელად ტყვიის შემცველობა დაფიქსირდა. ასე რომ, მომხმარებლები ამ კუთხითაც ფრთხილად უნდა იყვნენ.“

იმისთვის, რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ, ეცადეთ, პროდუქტი ოფიციალურ წარმომადგენლებთან, შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ იყიდოთ. და რაც მთავარია, ყველანაირი მასალა თქვენი ხელით შეიძინეთ  და შემდეგ დაამზადებინეთ ხელოსანს, ავეჯი იქნება ეს, თუ სხვა მოსაპირკეთებელი სამუშაო. თუმცა თუ რემონტი უკვე გაკეთებული გაქვთ და არც მის უსაფრთხოებაში ხართ დარწმუნებული, შეგვიძლია 2 მარტივი რჩევა მოგცეთ ზიანის შესამცირებლად:

  1. დაიცავით ტემპერატურული რეჟიმი, რადგან ტემპერატურის მატებისას აქტიურდება ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა.  
  2. გაანიავეთ სახლი დღეში სამჯერ მაინც –  გაღვიძებისას, სადილის მომზადების შემდეგ და ძილის წინ.

 


რეკომენდებული სტატიები
ისტორიული ხანძრები რიცხვებში

ისტორიული ხანძრები რიცხვებში

ისტორიული ხანძრები რიცხვებში
ცნობილი ხანძრები, რომლებმაც საუკუნეების მანძილზე მთელი ქალაქები, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ექსპონატები გაანადგურეს
შოპინგი სახლიდან გაუსვლელად - საუკეთესო ონლაინ მაღაზიები

შოპინგი სახლიდან გაუსვლელად - საუკეთესო ონლაინ მაღაზიები

შოპინგი სახლიდან გაუსვლელად - საუკეთესო ონლაინ მაღაზიები
ონლაინ შოფინგი დღესდღეობით საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ჩვენც გთავაზობთ ინტერნეტში არსებულ ქართულ მაღაზიებს, სადაც შეგიძლიათ სასურველი ნივთების შეძენა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.