“ლისი გრინსის” დეკორატიული მებაღეობა
ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი
სანერგე “ლისი გრინსში” ფოტინიის ფოთლები უკვე წითლდება. შთამბეჭდავი ვიზუალით – ნახევრად წითელი და ნახევრად მწვანე ფოთლების გამო პირველი ის იქცევს ყურადღებას.
ფოტინია მარადწვანე მცენარეა – ჩრდილსაც იტანს და მზის უხვ სხივებსაც, გამძლეა და ეფექტური. უხვად აპრილსა და მაისში ყვავილობს. მისი ნახევრად მწვანე და ნახევრად წითელი ფოთლები ეფექტურ და საინტერესო ვიზუალს ქმნის დეკორატიულ მებაღეობაში. ფოტინიას იყენებენ ღობეებისთვისაც, ასევე ხის ფორმითაც გვხვდება.
მცენარე კარგად არის ადაპტირებული ჩვენს კლიმატთან და თითქმის ნებისმიერ ნიადაგს ეგუება. სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო ფოტინიას არ გასჭირვებია ლისი დეველოპმენტის ქალაქში – მწვანე ქალაქი ლისზე – სავიზიტო დეკორატიული მცენარე გამხდარიყო.
სანერგე “ლისი გრინსი” ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. 2014 წლის 15 მაისს კომპანია “ლისი დეველოპმენტმა” ახალი პროექტის – “ლისი გრინსის” პროექტის პრეზენტაცია გამართა და კომპანია უკვე მეხუთე წელია, რაც ფუნქციონირებს.
სანერგე გამოირჩევა განსაკუთრებით ხარისხიანი და მრავალფეროვანი მცენარეებით, რომელიც ექსკლუზიურად ჩამოაქვთ იტალიიდან. “ლისი გრინსის” პარტნიორია ცნობილი იტალიური კომპანია Innocenti & Mangoni Piante, რომელიც 1950 წლიდან, დაარსებიდანვე წარმატებულია სანერგე ინდუსტრიაში.
“ლისი დეველოპმენტის” შვილობილი კომპანია “ლისი გრინსი” არა მარტო ლისი დეველოპმენტს ამარაგებს დეკორატიული მცენარეებით, არამედ სხვადასხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობს.
გურამ მჭედლიშვილი, “ლისი გრინსის” გაყიდვების მენეჯერი, კომპანიაში გახსნის დღიდან მუშაობს. გურამი გრინსის მცენარეებს გვაცნობს და მხოლოდ მათი სახელების ჩამოთვლით არ კმაყოფილდება, ზოგიერთ მცენარეს თავისი უნიკალური ისტორია ან ლეგენდად ქცეული ამბავი აქვს და ამ ამბებსაც სიამოვნებით გვიყვება.
“ნაძვის სხვადასხვა სახეობებს გაჩვენებთ, ჯერ ამით დავიწყოთ: ეს არის ტაქსუს ბაკატა, ლათინურად ასე ჰქვია, მაგრამ ქართულად უწოდებენ “უთხოვარს”. ქართული სახელი დაკავშირებულია თამარ მეფესთან, თითქოს ნაძვის ეს სახეობა მხოლოდ საქართველოში იყო და სხვას არ აძლევდნენ უფლებას, რომ გაეტანათ ქვეყნის გარეთ, ანუ ეთხოვებინათ”, – ამბობს გურამი ღიმილით და შემდეგ ტაქსუს ბაკატას შინაარსობრივ დახასიათებას იწყებს.
ტაქსუს ბაკატა, გნებავთ, უთხოვარი ვუწოდოთ, საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეა და მოწყვლად სახეობად ითვლება. უფრო ჩრდილის მცენარეა და მასზე ზრუნვა ცოტათი სპეციფიკურია. არ უნდა ჩაირგოს ისეთ ადგილას, სადაც მთელი დღის განმავლობაში ანათებს მზე, რადგან ის ვერ უძლებს მცხუნვარე სხივებს.
გაზაფხულზე შეწამვლა სჭირდება, იკრიჭება ნებისმიერი ფორმით. მარადმწვანე მცენარე 20-25 მეტრის სიმაღლეზე იზრდება, მოწითალო ქერქი აქვს და ასევე ძალიან სასიამოვნო ტექსტურით გამოირჩევა. ტაქსუს ბაკატა იდეალური მცენარეა დეკორატიულ მებაღეობაში გამოსაყენებლად. ის აპრილ-მაისში ყვავილობს.
წიწვოვან მცენარეებზე საუბრისას კვიპაროსებთანაც ვჩერდებით. ეს კვიპაროსებიც იტალიიდან არის ჩამოტანილი “ლისი გრინსისთვის”. კვიპაროსი მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარეა. აქვს სწორი ტანი და პირამიდული ვარჯი. ცნობილია კვიპაროსის ორი ფორმა – პირამიდული და ჰორიზონტალური.
მასზე ზრუნვისას გასათვალისწინებელია, რომ მცენარეს მორწყვა არ დააკლდეს, განსაკუთრებით ზაფხულში, გვალვების პერიოდში, ზამთარში კი კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მორწყოთ. კვიპაროსიც მარადმწვანე მცენარეა და ზამთარ-ზაფხულ მისი წიწვები ხასხასა მწვანეა. ერთ-ერთი კარგი თვისება ისიც აქვს, რომ არ იზიდავს მწერებს. მისი მოვლისთვის მნიშვნელოვანია სითბო და სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზის ქვეშ.
“ლისი გრინსის” მცენარეებს ძირითადად მასშტაბური გამწვანებისთვის იყენებენ, თუმცა მოყვარულ მებაღეებსაც ხშირად მიაქვთ მცენარეები აგარაკების, საკუთარი ეზოების, საცხოვრებელი სახლების ფანჩატურებისა თუ აივნების დასამშვენებლად.
“ლისი გრინსის” დეკორატიულ მშვენებათაგან ნეკერჩხალს გამოვარჩევდი. ეს იაპონური ნეკერჩხალია, რომელსაც ძალიან ლამაზი განტოტება აქვს და ჰორიზონტალურად იზრდება. მისი ეს ვიზუალური ღირსება – არ დაიჩრდილოს – მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. იაპონურ ნეკერჩხალს ცალკე რგავენ და მისი ეფექტიც ეს არის, გამოკვეთილად ცალკე იდგეს. ცოტა არ იყოს, სევდიანი ბედი ჰქონია, რადგან არც ყვავილობს, მხოლოდ ფოთლები გამოაქვს და თანაც ყველასგან განმარტოებით უნდა იდგეს.
ამ დეკორატიულ მოგზაურობაში ისიც გავარკვიე, რომ არა უშავს, თუკი ერთმანეთში აგრევიათ მაგნოლია და გლიცინია, “ლისი გრინსში” ორივე მცენარის თავისებურებებს გაგაცნობენ და აგიხსნიან, რომ ორივე სხვადასხვა მცენარეა.
გლიცინია, black dragon, მცოცავი მცენარეა, მაგრამ “ლისი გრინსში” მას გამოყვანილი ფორმითაც შეხვდებით, აქვს საყრდენი და ქოლგის მოყვანილობა, შესაბამისად ქმნის ჩრდილს. გლიცინიის ყვავილობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
შეგვხვდება სხვადასხვა ფერის – თეთრი, იასამნისფერი, ვარდისფერი და ცისფერი გლიცინია. იყენებენ შენობის კედლის დეკორისთვისაც, რადგან მცოცავია და კარგად ეხვევა. კარგი მორწყვის პირობებში სწრაფად იზრდება და ორ წელში შეიძლება ფანჩატური და აივანი დაფაროს.
პრინუსი, ფშატი, ჟასმინი, იტალიური მცოცავი ვარდები, ფოტინია… არასრული ჩამონათვალია იმ მცენარეებისა, რომლებიც აპრილ-მაისში ყვავილობენ. ეს კი ერთადერთ გადაწყვეტილებას გიტოვებთ, აუცილებლად ესტუმროთ “ლისი გრინსს” და თავად ნახოთ ამ უნიკალური მცენარეების ყვავილობის დღესასწაული.