KiKi Nights – ქვიარ ღონისძიება კლუბში KHIDI
ლგბტ აქტივიზმს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არცთუ ისე დიდი ტრადიცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია ანტიკური საბერძნეთიდან იწყება (საინტერესოა, რომ ანტიკურ საბერძნეთში არსებობდა გეების თავშეყრისა და სოციალიზაციის ადგილი, თუმცა ამის შესახებ ჩვენამდე საკმაოდ მწირმა ცნობებმა მოაღწია, ისევე როგორც მეცხრამეტე საუკუნის ვიქტორიანულ “ჩაის ოთახებზე” – Tea Rooms), ჩვენამდე მოღწეული პირველი სანდო ისტორიული წყარო მეოცე საუკუნით თარიღდება.
ლგბტ აქტივიზმი სათავეს ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში იღებს. მანჰეტენის მახლობლად, “სტოუნუოლში” მდებარე პირველი გეი-ბარი გახდა საწყისი ლგბტ მოძრაობისა, სადაც აქტივისტები უკვე ღიად მოითხოვდნენ საკუთარი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვას.
ლგბტ თემის ხილვადობის ზრდის მხრივ საქართველოს საკმაოდ მცირე ტრადიცია აქვს. სწორედ ამიტომ ქვიარ ღამეების სივრცე – KiKi Nights უკვე წელიწადზე მეტია, რაც კლუბ KHIDI-ში ქვიარ ივენთების სერიას მართავს.
2010 წლიდან ორგანიზაცია „თანადგომა“ ატარებდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს აივ და სხვა გადამდები ინფექციების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების და რეგულარული ტესტირების კულტურის დანერგვის მიზნით.
წლების განმავლობაში იმ სივრცეებში, სადაც ეს ღონისძიებები იმართებოდა, ადამიანები უსაფრთხოდ და თანასწორად გრძნობდნენ თავს, შეეძლოთ საკუთარი წუხილის გაზიარება და მათთვის საჭირო თუ საინტერესო ინფორმაციისა და სერვისების მიღება. ერთ-ერთი ასეთი, ოღონდ ერთჯერადი ღონისძიება იყო კლუბ KHIDI-თან თანამშრომლობაც 2017 წელს.
2018 წელს ერთობლივად დაიწყეს ფიქრი საერთო ივენთების სერიებზე, რომელიც გარდა გართობისა, მოიცავდა როგორც ჯანმრთელობის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადააზრებას და გარკვეულწილად, ტრანსფორმაციას მუსიკისა და პერფორმანსის საშუალებით.
ივენთების სერიის სახელისთვის სხვადასხვა ვერსია არსებობდა – ერთ-ერთი ვარიანტი იყო KiKi-ც, რაც ქვიარ საზოგადოებაში ცნობილი ტერმინია და ნიშნავს მეგობრების თავშეყრას. თუმცა KiKi-ის ქართული კონტექსტიც მოეძებნა და გახდა როგორც განაცხადი – კი, კი! ქვიარები არსებობენ! კი, კი, ქვიარები იკრიბებიან! კი, კი, ერთმანეთზე ზრუნავენ და კი, კი, ისინი ერთობიან! რაც შეეხება სლოგანს, მისი მთავარი ინსპირაცია გახლდათ ჯგუფ SCISSOR SISTERS-ის ტრეკი – LET’S HAVE A KIKI.
ვინაიდან KiKi ივენთები კომერციული არ არის, მათთვის შესაბამისად არც ბილეთები იყიდება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის ღია, თავისუფალი, იაზრებს და იზიარებს თანასწორობის იდეას (და ამავდროულად, არ არღვევს კლუბ KHIDI-ის შინაგანაწესს), შეუძლია შექმნას ივენთი KiKi.
KiKi-ის ყველა ივენთი გამორჩეულია, რადგან ყოველ ჯერზე მასში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ თანასწორობის იდეა არის ერთადერთი, რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ.
KiKi-ს პირველი ღონისძიება 2018 წლის 31 მარტს ჩატარდა. ყველაზე შთამბეჭდავი ქვიარ თემისთვის იყო სლოვაკური წარმოშობის, ბერლინში მოღვაწე ქვიარ არტისტის, FOR YOU KATRINA-ის ლაივ პერფორმანსი. შემდეგ ჩატარებულ 12-ივე ქვიარ ივენთს თავისი დასამახსოვრებელი შტრიხები ჰქონდა, რაც საბოლოო ჯამში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნიდა.
ასევე აღსანიშნავია მე-13 საიუბილეო ივენთი, რომელშიც ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანი მონაწილეობდა და კლუბ KHIDI-ის სამივე სართული დაიკავა სამმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ღონისძიებამ – პირველ სართულზე ჩატარდა MZESUMZIRA შოუქეისის და KiKi-ის გაერთიანებული პროექტი, მეორე სართულზე კლუბ KHIDI-ის რეზიდენტებმა და KiKi-ის პერფორმერებმა შექმნეს მუსიკალურად სრულიად განსხვავებული სამყარო, ხოლო ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ორგანიზებით კლუბის საგამოფენო სივრცეში მოეწყო 4 გაერთიანებული გამოფენა, რომელიც ეხმიანებოდა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს.
KiKi Nights თვეში ერთხელ იმართება. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს – https://www.facebook.com/KiKiNights/