fbpx

შავ-თეთრი ცისარტყელა


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა მაყაშვილი

 

Stop Making Sense – Talking Heads

ისეთი პირი უჩანს, მალე 17 მაისიც დაახლოებით იმავე სტატუსს შეიძენს ქართულ პოპკულტურაში, როგორიც 13 მაისს აქვს – აგერ 1981 წლიდან მოყოლებული რომ აღვნიშნავთ საბჭოთა „დინამო“ თბილისის გამარჯვებას ევროპის თასზე.  

მეც, ნებით თუ უნებლიეთ, წლებია, ერთგვარ ვალდებულებას ვგრძნობ, ამ თარიღს გამოვეხმაურო. 17 მაისი მაქვს მხედველობაში. ამას ხან მედიაში ვაკეთებ, ხან კიდევ – სამეცნიერო კონფერენციებზე, სადაც, როგორც ყველა თავმოყვარე ქართველ სოციალურ მეცნიერს შეშვენის, საგანგებოდ მაქვს ხოლმე გამოტანილი სლაიდზე 2013 წლის 17 მაისის ამსახველი რომელიმე ის დრამატული თბილისური კადრი, რომელშიც ჰომოფობიის (ტრანსფობიისა და ბიფობიის) საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის მშვიდობიან გამომსვლელებს სამღვდელო პირები  უპირისპირდებიან.

ძირითადად, ამ ორი საშუალებით შემოვიფარგლები, იმიტომ რომ ფეისბუკს არ ვწყალობ და რომც ვწყალობდე, იმ მომხმარებლებს შორის მაინც არ ვიქნებოდი, ვინც პროფილის სურათს ნებისმიერი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, გლობალური თუ ლოკალური სოციალური მოვლენის კვალდაკვალ ცვლიან. მოკლედ, ჩემს სურათს 17 მაისისთვის ცისარტყელას ფერებში არ შევღებავდი.

მაგრამ წლებთან ერთად, ამ ჩემს წილ სამოქალაქო აქტივიზმს სულ უფრო უხალისოდ ვახორციელებ. ცოტათი იმას დაემსგავსა, სოციალური სიტუაციის ზეწოლით ძალით სიცილი რომ გიწევს და მერე ძალით სიცილისგან სახის კუნთები და ძვლები რომ გტკივა. მგონი, საკუთარი მორალური უპირატესობის განცდა მაგდებს უხერხულ მდგომარეობაში – მორალური უპირატესობისა, რომელიც თავისუფლებებზე ფოკუსირებულ თითქმის ყველა მოძრაობას ახასიათებს, რომლებიც – როგორც ერთხელ უკვე დავწერე – მგონი, ერთობ ეფექტიანად უკეთებენ თავისუფლების იდეებს დისკრედიტირებას.

თუმცა, ეს პარადოქსი მხოლოდ ასეთ მოძრაობებზე როდი ვრცელდება. ადრე სადღაც ეწერა, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიის გალანძღვა შეიძლება, „იმედის“ გარდა, რადგან ის ამას ყველაზე უკეთ უკეთებს საკუთარ თავსო. ცხადია, „იმედი“ მარტო არ არის, ვინც ყველაზე კარგად ლანძღავს საკუთარ თავს. ამას საუცხოოდ აკეთებს, დიდწილად, მთელი ქართული მედია, მთავრობა, პარლამენტითურთ, ეკლესია, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ნაირ-ნაირი თავისუფლების საჯარო ქომაგები.

ჰოდა, რაღა საჭიროა ვინმეს გალანძღვა?! მიუხედავად ამისა, მაგალითად, ეკლესიის ლანძღვაში მაინც თავზეხელაღებული შემიძლია ვიყო მაშინ, როცა, ვთქვათ, ადგილობრივი ფემინისტური მოძრაობების მოზომილ კრიტიკასაც ვერიდები. საქმე ისაა, რომ ამ თვითამოურკვეველ ქვეყანაში, რომლის დემოკრატია დემოკრატიის დემო ვერსიადაც კი არ გამოდგება, თავისუფლებათა გარშემო თავმოყრილი ჯგუფებისადმი კონფორმულობა გიწევს და, რაც მთლად უარესია, გემოვნების ქონა გარკვეულწილად გეკრძალება.

მაგალითად, ვერაფრით ვიტყოდი ხმამაღლა, რომ გემოვნების ზეიმად სულაც არ მიმაჩნდა ჩოხებში გამოწყობილი გეი კაცების ქორწინება ნიუ-იორკში, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი იყო. ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ არის შანსი, თავისუფლებათა გარშემო თავმოყრილ ჯგუფებს ეს ჰომოფობიად ჩაეთვალათ და მათთან გავეთანაბრებინე, ვისაც 2014 წლის 17 მაისიდან პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე გონივრული დღესასწაული ჰგონია.

არადა არ არის სამყარო ასეთი სწორხაზოვანი. ჩემი სან-ფრანცისკოში მცხოვრები ქართველი გეი ახლობელი, მაგალითად, თავად არის ჰომოფობიურად განწყობილი, განსაკუთრებით, ჩინელი გეიების მიმართ. მეტიც, არც მექსიკელები მოსწონს და იმის კარგი ილუსტრაციაცაა, ადამიანები შავზე თეთრიაო, რომ ამბობენ და თეთრზე – შავი: პირველ ხანებში ობამას მხარდამჭერი იყო და ამბობდა, არაა, კაცო, შავკანიანი, პრაქტიკულად, თეთრიაო; მერე, როცა ტრამპის მომხრე გახდა, უიმე ეგ ზანგიო – ობამაზე ამბობდა.

თუმცა, რაღა ჩემი ახლობელი. 2011 წელს გაირკვა, რომ Independent-ის მიერ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გეიდ დასახელებული მოდის დიზაინერი ჯონ გალიანო ანტისემიტია, რასაც კინაღამ მისი თავისუფლების აღკვეთა, პრესისა და პოპულარული ადამიანების დრამატულად გამოხატული აღშფოთება და Dior-ის მოდის სახლის მთავარი დიზაინერის თანამდებობასთან გამომშვიდება მოჰყვა. არ აღმოჩნდა იოლი კატეგორია ,,გეის“ კატეგორია ,,ანტისემიტთან“ გაწყვილება.  

მეტი მოქნილობაა ალბათ საჭირო მორალშიც, მათ შორის, მით უმეტეს, რომ სოციალური სიმამაცის შინაარსი, მგონი, ნელ-ნელა იცვლება. მაგალითად, არაერთი ჰოლივუდელისა და პოპულარული ადამიანისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ სიმამაცე დღეს ის კი არაა, რაც მერილ სტრიპმა თქვა 2017-ში ოქროს გლობუსზე, არამედ ის, თუ იტყვი, რომ მერილ სტრიპის ეს სიტყვა პათეტიკური გგონია. შეგახსენებთ: როცა სტრიპს განსაკუთრებული ღვაწლისთვის ოქროს გლობუსი გადასცეს, ჰოლივუდი, უცხოელები და პრესა ამერიკული საზოგადოების ყველაზე დემონიზებულ სეგმენტებად მოიხსენია, ამ დროს კი კამერა ამერიკის უამრავ ყველაზე მდიდარ, პრივილეგირებულ ადამიანებზე გადავიდა, რომლებიც აპლოდისმენტებით შეხვდნენ ამ თავიანთ საზარელ დემონიზებულობას.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ არც ტრამპს (რომელიც ამ გამოსვლის მთავარი სამიზნე იყო) ვეთანხმები იმაში, რომ მერილ სტრიპი ერთ-ერთი ყველაზე გადამლაშებული მსახიობია, თუმცა გადამლაშებულად მის გამოსვლას მოყოლილ აღტაცებულ რეაქციებსა და საკუთრივ გამოსვლის ღირებულებას ნამდვილად მივიჩნევ. უფრო მათ უნდა დავეთანხმო,  ვინც წერდა, რომ ეს გამოსვლა მის სამსახიობო კარიერაში ყველაზე უსუსური შოუ იყო.

მერილ სტრიპის საპირისპირო მაგალითად ელტონ ჯონი გამოდგება: როცა საფეხბურთო კლუბ ,,ვოტფორდის“ მფლობელი გახდა, მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული მთელი ის შეურაცხყოფა, რასაც მოწინააღმდეგე გუნდების გულშემატკივრები, ფეხბურთისთვის ჩვეულ მასკულინურ სტილში, არცთუ ხმამადაბლა მიაყენებდნენ მას მისი სექსუალური კუთვნილების გამო.

სამწუხაროა, რომ არც მერილ სტრიპი და არც ელტონ ჯონია ჩვენი შოუ, და რომ გემოვნების საჯაროდ გამოხატვა ჯერ ფუფუნებად რჩება.

არ ვიცი, შეიძლება, ამ ყველაფრის გამოა, რომ ჩემი საყვარელი მემარჯვენე გეი პერსონაჟი, რომელიც “ეშმაკს აცვია პრადას” ავტორის, ლორენ ვეისბერგერის 2005 წლის რომანში (“ყველა, ვისაც უნდა იცნობდე”) გავიცანი, 60-ს გადაცილებული კაცია, სახელად უილი – ერთადერთი მემარჯვენე გეი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ მანჰეტენში ცხოვრობს, ცნობილი გამოცემის კულტურა-საზოგადოების ბლოკის მესვეტეა და უარს ამბობს, წეროს კულტურაზე ან საზოგადოებაზე, და საკმარისია, ტელევიზორი სულ ცოტა ხნით Fox News-იდან MSNBC-ზე გადართოს, რომ New York Time-ს “იზვესტიას” ეძახის.

ერთი ათასსიტყვიანი სვეტი უილს, მაგალითად, იმის ახსნისთვის აქვს მიძღვნილი, თუ რატომაა, მისი აზრით, გაერო ხორცშესხმული ბოროტება. რატომ და იმიტომ, რომ ამ სუპერ-ტექნოლოგიების ხანაში, გაუგებარია, რატომაა საჭირო ყველა დიპლომატის ფიზიკური ყოფნა ნიუ-იორკში?! …ჩამოდიან და საუკეთესო პარკინგ-ადგილებს და რესტორნების საუკეთესო მაგიდებს იკავებენ და თავისი წვლილი შეაქვთ ისედაც ჭარბ არაინგლისურენოვან გარემოში.

რატომ არ შეიძლება, რომ თავიანთი ხმები იმეილებით გამოაგზავნონ თავ-თავიანთი ქვეყნებიდან? რატომ უნდა გავწვალდეთ საცობების და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული კოშმარების გამო, მაშინ, როცა მათ მაინც არავინ უსმენს? და თუ კატეგორიულ უარზე არიან, სახლებიდან ელექტრონულად იმუშაონ, ეგებ გადავიტანოთ მთელი ეს ამბავი ლინკოლნში, ნებრასკას შტატში და ვნახოთ ერთი, ისეთივე შეშლილები თუ იქნებიან სამყაროს გაუმჯობესების საკითხებზე.

…არც ეს არის ჩვენი ლიტერატურა. და დღევანდელი „დინამოც“ ისევეა 1981-ის „დინამოსთან“ ახლო, როგორც საქართველო ნატოსთან. ვნახოთ, ლოკალურ 17 მაისს რა ბედი ეწევა.    

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.