fbpx

ჩვენ აუცილებლად ვიცეკვებთ ერთად


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინია კაკაბაძე

 

დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 6 წლის წინ აგრესიულმა ბრბომ ის მანიფესტანტები დაარბია, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ამ დღის აღსანიშნავად. უკანასკნელი 6 წლის მანძილზე,  17 მაისი კონსპირაციულად აღინიშნება, თემის წარმომადგენლები იმალებიან, მეორე მხარეს მდგომი მოძალადე ჯგუფი, რომელსაც ეკლესია აძლიერებს, იზრდება და აქტიურდება, ამიტომ დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მოძალადე ფარისეველთა ჯგუფი, სწორედ განსხვავებულ სიყვარულზე გამარჯვებას ზეიმობს.

„ლურსმანივით უნდა ჩაერჭო. ქართული ცეკვა მონუმენტურია, ქართულ ცეკვას არ უხდება სინაზე“ – ეს სიტყვები ისმის პირველად ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვებთ“, რომლითაც ქართული ნაციონალური ცეკვის პედაგოგი ასწავლის თავისი ანსამბლის ბიჭებს. მათ ასე ზრდიან საქართველოში. ბიჭმა არ უნდა იტიროს, სისუსტე არ უნდა გამოხატოს, ყოველთვის ლურსმანივით მყარი და უდრეკი უნდა იყოს.

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სწორედ იმ პატრიარქალურ კულტურას გამოხატავს, რომელიც ქართული რეალობის ყოველდღიურობაა. ეს არ არის მხოლოდ 2 ბიჭის და მათი მეგობრების ამბავი, ეს ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომელსაც მასკულინურ გარემოში უწევს ცხოვრება.

 

ფილმის რეჟისორი, შვედეთში დაბადებული და გაზრდილი ლევან აკინი, თურქეთში მაცხოვრებელი ქართველების შვილია. „მე არ ვარ ლაზი, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენებურები, მამაჩემი „ჩვენებურების“ ერთერთი დამაარსებელია. ისე ბებიაჩემი გურული იყო, ბაბუაჩემი კი აჭარელი. ქართული სწორედ ბებიაჩემმა მასწავლა და ჩემი პირველი ენა იყო ქართული“ – მითხრა ფილმის რეჟისორმა.

ტერმინი „ჩვენებურები“ აღნიშნავს თურქეთში მცხოვრებ ქართველებს. ეს არის ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყანაში ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ნაციონალობა, ტრადიციები, ენა… მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია ის, რომ სწორედ ასეთ ოჯახში გაზრდილი რეჟისორი, რომელიც არ კარგავს კავშირს საკუთარ ფესვებთან, სამშობლოს სიყვარულს სწორედ თავისუფლებაში ხედავს.

„ყველაფერი ვიცი, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა თბილისში და ისიც ვიცი, როგორ და რა პირობებში უწევთ ცხოვრება ჰომოსექსუალებს საქართველოში“ – მეუბნება ლევან აკინი. ეს ფილმშიც კარგად ჩანს, რადგან ამბავი, რომელიც ვითარდება საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა გეის რეალობას ასახავს.

გადაღებების დროსაც ისინი უამრავ წინაღობას შეხვდნენ, ერთი მაგალითიც საკმარისია – ფილმის ქორეოგრაფი, რომელმაც ქართულ ცეკვას ნაწილობრივ გამოაცალა მასკულინური ენერგეტიკა და მას მეტი სინაზე შესძინა, დღემდე ანონიმურად არჩევს დარჩენას, მისი სახელი და გვარი არც ტიტრებშია მითითებული და ვერც ჩვენ გავიგებთ ვერასდროს.

 

ეს ერთი მაგალითი თვალსაჩინოს ხდის ქართული საზოგადოების მახინჯ მხარეებს, პროფესიონალი რომელსაც აქვს თავისუფლება თუნდაც ძველ, ტრადიციულ ცეკვას გამოაცალოს ეს ფარისევლური ერთგვაროვნება, რაც ლურსმანივით ძლიერ და მონუმენტურ სახეს ქმნის, შეშინებულია და ამას ღიად ვერ აკეთებს. დადგამს ერთ ცეკვას, რომელიც ოდნავ ნაზი და ჰაეროვანია, მაგრამ მხოლოდ კულისებში და ჩუმად. „სახლში რაც უნდა ის გააკეთონ, გარეთ ნუ გამოიტანენ“.  

ჩუმად და მალულად ვიყოთ თავისუფლები, ღიად კი ლურსმანივით უდრეკი და მყარები.

მიუხედავად ამისა, პროცესი დაწყებულია და შეიძლება ითქვას, რომ „და ჩვენ ვიცეკვებთ“ არის პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი, ყველაზე ღიად გეი ფილმი, რომლის ღირსება არა მხოლოდ გამბედაობა, არამედ კინემატოგრაფიული ოსტატობაა.  ისტორიის განვითარების დრამატურგია, გამოსახულება, ატმოსფერო, რომელსაც ფილმის მხატვარი და ოპერატორი ქმნიან, შესანიშნავი ქორეოგრაფია და რაც მთავარია გმირების ზუსტი და საოცრად დამაჯერებელი სახეები.

ჩვენ მიჩვეულნი ვართ, და ეს არა მხოლოდ ქართულ კინოს ახასიათებს, რომ თუკი მსახიობი ასრულებს გეის როლს თუ რეჟისორი ქმნის გეი გმირს, ისინი სტერეოტიპულია, სტერეოტიპულობა კი მათ კომიკურობაში, ვითომ პრანჭია და მანერულ ტიპაჟებში ვლინდება. უმეტეს შემთხვეაში, მაშინ როდესაც მსახიობი გეის განასახიერებს, ის თითქოს დასცინის კიდეც საკუთარ გმირს და მაყურებელს ეუბნება, რომ  სინამდვილეში გეი არაა და ის მხოლოდ თამაშობს „სხვანაირ ადამიანს“.

ლევან აკინის ფილმის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ კომპლექსი დაძლეულია, ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი იმდენად თავისუფლად განასახიერებენ საკუთარ გმირებს, რომ წარმოუდგენელია ცრემლის გარეშე გაყურებინონ თავიანთი სიყვარულის ისტორია. დასაწყისში საკუთარი სექსუალური იდენტობის აღმოჩენა, პირველი ლტოლვა მსგავსი სქესის მიმართ, პირველი შეხება, საზოგადოების წნეხი, შემდეგ ძალადობა მათზე და საბოლოოდ ორი განსხვავებული ფინალი.

 

ერთი ბიჭი, რომელიც პატრიარქალური კულტურის მსხვერპლად რჩება და მეორე, რომელიც თავისუფლდება ამ კულტურული წნეხისგან. არ მინდა, ფილმის შინაარსი მოვყვე და დავწერო, როგორ ვითარდება სიუჟეტი და როგორი ფინალი აქვს ორი ბიჭის სიყვარულს,  მაგრამ მხოლოდ იმასღა ვიტყვი, რომ მათი ცხოვრება ისეთია, როგორც ჩვენს გვერდით მცხოვრები გეების, ერთნი, რომელნიც იცავენ საკუთარ თავისუფლებას და მეორენი, რომელნიც ძალადობენ საკუთარ იდენტობაზე.

ძალიან რთულია ძალადობდე საკუთარ თავზე და შემდეგ არ გაგიჩნდეს სურვილი იძალადო სხვაზე, გიყვარდეს თუ გინდოდეს კაცი და იყო ქალთან. ამიტომ ვინ იცის, დღეს სამების საკათედრო ტაძარში მოზეიმე და მოცეკვავე ადამიანებს შორის რამდენი დაჩაგრულია, ვისზეც ოჯახმა თუ გარემომ იძალადა, დღეს მას აქვს შანსი იძალადოს სხვაზე.

მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფარისეველთა მიერ მოგონილ, ზიზღისა და ჩაგვრის დღესასწაულს აღნიშნავს, საბოლოდ სიყვარული და თავისუფლება მაინც გაიმარჯვებს და ჩვენ აუცილებლად ვიცეკვებთ ერთად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.