17 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღეს, 17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა პირველი ქართული გეი დრამის – And Then We Danced-ის პრემიერა კანში. ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზი შემოქმედებით ჯგუფს აპლოდისმენტებითა და დიდი ოვაციით შეეგება.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მსოფლიოს მასშტაბით ამ დღეს არაერთი ღონისძიება იმართება და ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალურად აღიარება იყო. თარიღი სიმბოლურად აარჩიეს – სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
კანის 72-ე კინოფესტივალზე ლევან აკინის მიერ გადაღებული პირველი ქართული გეი დრამის პრემიერა შედგა.
ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზი შემოქმედებით ჯგუფს აპლოდისმენტებითა და დიდი ოვაციით შეეგება. სურათში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რაფაელ ნადალთან დამარცხდა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ესპანელ მეტოქესთან მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. ბასილაშვილმა რომის ტურნირზე ასპარეზობა 1/32-ფინალიდან დაიწყო და ჯერ მსოფლიოს 37-ე ჩოგანი, უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი, 1/16-ფინალში კი 32-ე ჩოგანი, სერბი ლასლო ჯერე დაამარცხა.
“სამეფო კარის თამაშების” ფანები სერიალის ფინალური სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვენ და ამისთვის შესაბამისი პეტიციაც შეიქმნა. ამ ეტაპზე პეტიციას უკვე მილიონამდე ხელმოწერა აქვს.
წყარო: https://www.bbc.com
თბილისი პრაიდი ვიდეომიმართვას ავრცელებს ლოზუნგით “გავერთიანდეთ”
LGBTQI აქტივისტები მათ მიმართ ჩაგვრასა და ძალადობაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ საჯარო სივრცისთვის იბრძოლებენ.თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება ჩატარდება.
წყარო: https://www.facebook.com
“ცუდი ხალხის” ოპერატორი გელა ჩინჩალაძე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის სამხრეთ აფრიკაში დააჯილდოვეს.
წყარო: https://www.facebook.com