fbpx

ქართული ქვიარ პოეზია


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

იდენტობის პოლიტიკის მომხრე არ ვარ, მით უფრო არც ლიტერატურა, პირიქით, ის ყველა იდენტობის და ჩარჩოს მიღმა დგას და იქიდან იქნევს თითს, შესაბამისად – “ქვიარ პოეზია” მოცემულ ტექსტში წარმოადგენს უბრალო სიტყვათა შეთანხმებას, რომელშიც გაერთიანებულია ყველა პოეტური პროექტი, სადაც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობაა აღწერილი, იქნება ეს სიყვარული თუ სიძულვილი.

აქვე ღირს იმის თქმაც, რომ ლიტერატურაში თავის დროზე გაჩნდა მსგავსი ტექსტების დასანომრი ტერმინი – ჰომოეროტიკა.

დასავლეთში განსაკუთრებით გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან ჰომოეროტიკული ესთეტიკა გახდა ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს ყველაფერი კი ბოტ-თაობის სახელს უკავშირდება. როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ჰომოსექსუალობა ტაბუირებული თემა იყო და  ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, სწორედ ორმოციანი წლებიდან იწყებს ხელოვნება, განსაკუთრებით კი ლიტერატურა ამ მავნებლური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას.

მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტში “ყმუილი” ალენ გინსბერგი ხშირად გადადის ჰომოერეტიკულ ჟანრში, რის გამოც რამდენიმე დღით დაპატიმრებულიც კი იყო.

ჰომოერეტიკული ნიშნები პოეზიაში იქამდეც მრავლად გვხვდება, თუნდაც ფრანგული სიმბოლიზმის შამანთან, არტურ რემბოსთან, ან ამერიკელებთან – უოლტ უიტმენთან და ოსკარ უაილდთან, თუმცა შემდგომში, მეოცე საუკუნეში ამ ყველაფერმა ბრძოლის სახე მიიღო და ის ჩამოყალიბდა, როგორც პროტესტის იარაღი საკუთარი სექსუალობის დასაცავად.

ჩვენთან, საქართველოში, ისტორიულად ჰომოეროტიკული პოეზია არასდროს ყოფილა ბრძოლის ინსტრუმენტი, განსხვავებით დღევანდელი დღისა, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ქვევით ვისაუბროთ, იქამდე მოკლედ მიმოვიხილოთ ისტორია.

მეცხრამეტე საუკუნეში და იქამდეც, მიუხედავათ იმისა, რომ რუსეთის იმპერიის პირობებში ჰომოსექსუალიზმი დასჯადი იყო, ჩვენთან ეროვნული ჰომოსექსუალური სუბკულტურა არსებობდა (შეიძლება ოდნავ ხმამაღალი ნათქვამი იყოს, არ მიწყინოთ, ვუტრირებ) კინტოების სახით, რომლებიც არც თავიანთ სიმღერებში აკლებდნენ ქვიარ თემატიკის სიტყვებს პოეტურ წყობას.

აგერ ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა კიდეც კინტოების იქამდე უცნობი სიმღერა, რომელიც ცოტა უფრო მერე საბჭოთა კავშირშია ჩაწერილი:

“მუჰამედ და აბდულიც

სიყვარულს მეფიცება,

ორივეს შეყვარება

აბა, როგორ იქნება.

ერთმა შარფი დამპირდა,

სიყვარულისთვის,

მეორე კი თავს იკლავს,

ჩემი გულისთვის”

ეროვნული ლიტერატურიდან შეიძლება უამრავი ავტორის დასახელება, რომლის ტექსტებიც შეიცავს ამ, ე.წ. ჰომოეროტიკულ ნიშნებს, თუმცა ამ ამბავს ცოტა მეტი გამბედაობა სჭირდება, რადგან მათი მემკვიდრეები ცოცხლები არიან, ეს თემა კი ჩვენს ქვეყანაში დღემდე ტაბუირებულია, შესაბამისად, ვარჩიე ისეთი ტექსტის არჩევა, სადაც ქვიარ თემატიკა არა ირიბად, არამედ პირდაპირ არის წამოჭრილი, ასეთი ტექსტის ავტორი კი ყველაზე დაუფასებელი ქართველი პოეტი შოთა ჩანტლაძეა, რომელიც ნეომოდერნიზმის სტილში შექმნილ თავის ერთ-ერთ ტექსტში –  “სახეზე მომეჩრდილა თამბაქოს კვამლი” წერს:

“ზოგჯერ ვერ იშოვი ქალს შესახებელად

და დაგედევნება კაცის უკანალი,

თუ კაცს არაუშავს შესახედავად,

ვერ დაგაბრკოლებს მორალთა მუქარანი.

ღმერთო ჩემო, ეს ქვეყანა როგორ აირია,

ეხლა ცხოვრება სულ სხვანაირია,

ცხოვრება შარია,

ცხოვრება შაირია.”

ამ ლექსის ირგვლივ კიდევ არსებობს რამდენიმე საინტერესო ისტორია: ლექსის პოვნა რამდენიმე წლის წინ კიბერსივრცეში შესაძლებელი იყო, შემდეგ ის სადღაც გაქრა, წაიშალა. შემდეგ აღმოვაჩინე ჩანტლაძის ლექსების ანთოლოგიაში და ერთ-ერთ ლიტერატურულ პორტალზე განვათავსე, თუმცა ჩემი აღმოჩენილი ტექსტი მოკლე ვერსიაა იმ დიდი ლექსისა, რომელიც კიდევ უამრავ სხვა საინტერესო, ამ სტატიისთვის გამოსადეგ ინფორმაციას შეიცავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ცენზურა ისევ მუშაობს, თანაც ლიტერატურაშიც.

ჰომოეროტიკული პოეტიკა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაშიც შეინიშნება, თუმცა ისევ იგივე სიტყვების გამეორება მომიწევს, რაც ზევით ვთქვი, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ავტორზე ვისაუბრებ, რომელიც, როგორც ჩანტლაძე გაცხადებულად, ირიბი მოქმედების გარეშე, პირდაპირ აფიქსირებს სიტყვებს, თანაც ამ ყველაფერს, როგორც გინსბერგი იყენებდა, ისე იყენებს საკუთარი სექსუალობის დასაცავად, რადგან თანამედროვე საქართველოში დგას ის პრობლემები, რაც თავის დროზე იდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში.

ეს ავტორი ანდრო დადიანია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში და გარდა ლექსების წერისა, ასევე პერფორმანსებითაც გვახსენებს ხოლმე თავს, მისი პოეტური მიგნებები და გამბედაობა თანამედროვე ქართული პოეზიისთვის უჩვეულო და ინოვატორულია, მეტიც, ის ზოგჯერ ლიტერატურის მიღმა გადის და პოლიტიკურ ველში ინაცვლებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.