fbpx

პედრო ალმოდოვარის ტკივილი, რომელიც დიდებაზე მეტია


გააზიარე სტატია



ავტორი: ნინია კაკაბაძე

კანის 72-ე კინოფესტივალზე, ლუმიერების დარბაზში, რომელიც რამდენიმე ათას მაყურებელს იტევს, პედრო ალმოდოვარის ფილმის პრემიერის შემდეგ ხალხი 15 წუთის განმავლობაში ფეხზე იდგა და ცრემლიანი თვალებით ტაშს უკრავდა რეჟისორს. დაბნეული, გახარებული და ასევე ცრემლიანი თვალებით ალმოდოვარი დადიოდა, ეხუტებოდა და კოცნიდა ყველას მის გარშემო. ეს სცენა ისეთივე გულის შემძვრელი იყო, როგორც თავად ფილმი.

 

 

ალმოდოვარის 8 ½, ასე იხსენიებენ მის ბოლო ფილმს „ტკივილი და დიდება“, რომელიც ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების კრიზისულ ეტაპს ასახავს. თუ ფედერიკო ფელინის გვიდო, ფილმში 8 ½ შემოქმედებით კრიზისშია, ალმოდოვარის სალვადორი ეგზისტენციალურ ჩიხშია. ეს არის ალბათ ყველაზე სევდიანი ფილმი, რაც ოდესმე მინახავს. „ყველაზე დიდი პრობლემა რეჟისორისთვის ის არის, როდესაც დგება მომენტი, რომ არ იცი რის შესახებ გადაიღო შემდეგი ფილმი“, – ამბობს ესპანელი კინორეჟისორი და ამიტომ იღებს ფილმს საკუთარ თავზე, მარტოობაზე, სიკვდილის შიშზე, სიცოცხლის შიშზე, მის ბავშვობაზე, დედაზე და რაც მთავარია მის შემოქმედებით კრიზისზე.

 

 

საინტერესოა, რომ ალმოდოვარის პროტოტიპი ანტონიო ბანდერასია, რომელმაც პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ის საკუთარი თავის ძიებით იყო დაკავებული, „რა მინდა სინამდვილეში, ვინ ვარ? ამ პროცესში პედრო დამეხმარა საკუთარი თავის ხელმეორედ აღმოსაჩენად“.

ვფიქრობ, რომ პედრო ალმოდოვარმა ამ ფილმით ახალი ანტონიო ბანდერასი შექმნა. სრულიად უნიკალურია მისი სამსახიობო ოსტატობა და არ შემეშინდება იმის თქმა, რომ ბანდერასი ამ ფილმში ქმნის ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი შემოქმედის გენიალურ ხატს. თუკი ნახავთ მის თვალებს, გამომეტყველებას, პლასტიკას,  რომლითაც ის ტკივილს გამოხატავს, არასდროს დაგავიწყდებათ.

ანტონიო ბანდერასის მზერა ზუსტად გაგრძნობინებთ, რას განიცდის პედრო ალმოდოვარი დღეს. ადამიანი, რომელიც მისი ფიქრებით მუდმივად ბავშვობაში მოგზაურობს.

 

 

ესპანელ კინორეჟისორს უკვე თითქმის ყველაფერი ჰქონდა მოყოლილი დედამისის შესახებ, მაგრამ ამ ფილმში ის კიდევ ერთხელ ბრუნდება მასთან. „შენ არ იყავი კარგი შვილი“, ეუბნება ფილმში დედა პედროს პროტოტიპს. ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც მას ეკითხებიან, რამდენად ავტობიოგრაფიულია სცენები, ის პასუხობს: „ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დედაჩემს არასდროს უთქვამს, რომ ცუდი შვილი ვიყავი, მაგრამ ამის განცდა მე თვითონ მაქვს“.  სწორედ ყველაზე მოსიყვარულე შვილებს მშობლის სიკვდილის შემდეგ უჩნდებათ შეგრძნება, რომ კიდევ უფრო მეტი სიყვარული ვერ მისცეს მათ.

 

 

მელანქოლია ალმოდოვარის ფილმების თანამდევია, მაგრამ ის ყოველთვის შეზავებული იყო იუმორთან, ამიტომ მისი ფილმების ყურებისას რამდენი ცრემლიც მოგადგებოდათ თვალზე, ორ იმდენს იცინებდით. ეს უკანასკნელი კი შესაძლებელია იმიტომ არის ტრაგიკულობამდე სევდიანი, რომ აღარ ჩანს ალმოდოვარისეული იუმორი. ნახავთ ფილმს და რამდენიმე დღე ივლით გულჩათხრობილი, რადგან აქ არა მხოლოდ შემოქმედებითი კრიზისია, არამედ ადამიანური. ადამიანი, რომელიც მიუხედავად წარსული თუ დღევანდელი დიდებისა, ვეღარ დასცინის საკუთარ ტკივილებს, მარტოობას და შიშებს.

 

 

კანში მესამე დღეა შეუჩერებლად წვიმს, დღისით თუ საღამოს ლამაზი ბრჭყვიალა კაბებისა და ფეხსაცმელების ნაცვლად, ქოლგები, ბოტები და საწვიმარი ლაბადები ადევს ფონად. ზუსტად ორი დღის წინ აჩვენეს ალმოდოვარის ფილმი, თითქოს მისი პრემიერაც ამინდთან იყო შეთანხმებული, რადგან უკვე მესამე დღეა, ესპანელი კინორეჟისორის დიდებაზე უფრო დიდი ტკივილის განცდა არ გვტოვებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.