fbpx

კანის ფესტივალი: Pro Life – სიკვდილი სიცოცხლის სახელით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინია კაკაბაძე

18 მაისს ლუმიერების დარბაზის წინ, იქ, სადაც წითელი ხალიჩაა დაგებული და ერთი ჩინური ფილმის პრემიერა იწყებოდა, რიგში ვიდექი, როდესაც შეძახილების ხმა გავიგე. მეგონა, მოსალოდნელი ყვითელჟილეტიანების მანიფესტაცია დაიწყო და თვალებით უკვე გასასვლელს ვეძებდი. მაგრამ ცოტა ხანში დავინახე, რომ ყვითელი ჟილეტების ნაცვლად, მწვანე დროშებს აფრიალებდნენ, მწვანე ტრანსპარანტები ეჭირათ ხელში და ყელზე მწვანე ყელსახვევები ეკეთათ.

 

 

დღემდე ვერ გავარკვიე, რატომ მოაწყვეს აქცია ჩინური ფილმის პრემიერის წინ, მით უმეტეს, რომ ეს იყო ჩინური კრიმინალური დრამა, მაგრამ გავარკვიე, რას აპროტესტებდნენ. კანის ფესტივალის პროგრამაში არის სექცია „სპეციალური ჩვენება“, სადაც წარმოდგენილი იყო არგენტინული დოკუმენტური ფილმი „დაე აღსრულდეს კანონი“ (Let it be Law), რომლის რეჟისორიც ხუან სოლანასია.

 

 

არგენტინა ერთ-ერთი სახელმწიფოა, სადაც ქალებს წართმეული აქვთ აბორტის უფლება. ამის შედეგი კი არალეგალური აბორტებია და ამ არალეგალური აბორტების შედეგი კი ტრაგიკული სტატისტიკა – კვირაში ერთი ქალი იღუპება აბორტის შედეგად. მწვანე ყელსახვევიანი ახალგაზრდები ფესტივალის წითელ ხალიჩასთან სწორედ ამას აპროტესტებდნენ და ლეგალური აბორტის უფლებას ითხოვდნენ. ამ შემთხვევაში მათი მიზანია მსოფლიოს გააგებინონ ამ პრობლემის შესახებ.

ფილმი იმ ქალებზე გვიამბობს, რომელნიც საკუთარი სიცოცხლის უფლებას ითხოვენ. როდესაც რეჟისორს ეკითხებიან, რა იყო ამ ფილმის გადაღების იმპულსი, რეჟსიორი პასუხობს:

 

 

„ქალების გამბედაობამ, სიძლიერემ  და ყველაზე მეტად სიცოცხლისუნარიანობამ გამაოგნა. ისინი სინამდვილეში სიცოცხლეს იცავენ, მიუხედავად იმისა რომ მეორე მხარე ეძახის საკუთარ თავს სიცოცხლის მოსურნეს Pro-life.  სინამდვილეში სწორედ მათ pro-life პოლიტიკას მოაქვს სიკვდილი. ჩემზე ასევე იმოქმედა ექიმების სისასტიკემ, რომელნიც აბორტის წინააღმდეგნი არიან, ისინი ხშირად უარს ამბობნ ანესთეზიაზე და აიძულებენ ქალებს 12 საათის განმავლობაში ითმინონ ტკივილები და რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი სიცოცხლე“.

 

 

მწვანე ყელსახვევიანები იმ დღის შემდეგ ყოველ დღე მხვდებიან ფესტივალის ტერიტორიაზე და ყოველ დღე ცდილობენ გააგებინონ სამყაროს რომ pro-life პოლიტიკა სინამდვილეში pro-death არის, ისინი ყოველდღიურად კარგავენ ქალების სიცოცხლეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.