fbpx

მსოფლიოს საუკეთესო მოედნები და საზოგადოებრივი სივრცეები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ილია ვარლამოვი


ცოტა ხნის წინ ონლაინ რესურს ArchDaily-ზე გამოჩნდა ათობით ღირსშესანიშნავი საზოგადოებრივი ადგილის ჩამონათვალი, რომლებიც გვინდა, რომ გაგიზიაროთ. ესაა მთელი მსოფლიოდან შეკრებილი მოედნები, რომელთა ფუნქციასაც საჯარო სივრცისთვის აზრისა და ფორმის მიცემა, მისი გაცოცხლება წარმოადგენს.

თუ თვლით, რომ კარგი საზოგადოებრივი სივრცე ჯიხური, ურნა და ბუჩქია, რომლის ძირშიც ყვავილებით ქალაქის სახელია დაწერილი, თქვენი გაწბილება მოგვიწევს.

 

“ჟანა დარკი ბორბლებზე” 

საფრანგეთის რუანაში, წმინდა ჟანა დარკის ეკლესიის წინ მდებარე საზოგადოებრივი სივრცეა. ჩვეულებრივი მოედნის გაცოცხლება მოხერხდა 9 ბოძის საშუალებით, რომელთა გარშემოც მოძრავი ბორბლიანი სკამებია განლაგებული. ადამიანებს სურვილისამებრ შეუძლიათ სკამების გადაადგილება, ერთ საპიკნიკე მაგიდად გადაკეთებაც კი. ესაა ერთ-ერთი მარტივი გადაწყვეტილება, რომელსაც ქალაქის ცხოვრებაში მრავალფეროვნება შეაქვს.

 

“გემი” მანჰეტენზე (აშშ)

ეს 16-სართულიანი ნაგებობა, რომელიც მეზობელ ცათამბჯენებშია ჩაკარგული, ცოტა ხნის წინ გაიხსნა და უკვე  ტურისტების მიზიდულობის ადგილად იქცა. ისინი შენობის კიბეებს ქვემოდან ათვალიერებენ, ხოლო მდინარე ჰადსონს მისი პანორამული პლატფორმებიდან. “გემი” ამ სტრუქტურის სამუშაო დასახელებაა, მუდმივ სახელს მას მოგვიანებით შეურჩევენ. ერთ-ერთი უკვე გავრცელებული ვარიანტია “შაურმა”.

 

უსასრულო ხიდი დანიის ორხუსში 

ოდესღაც აქ პირსები იყო, ცოტა ხნის წინ კი ფუნქციური არტ-ობიექტი განათავსეს. რა თქმა უნდა, ასეთ ხიდზე ყოველთვის იმ წერტილში ბრუნდები, საიდანაც დაიწყე, მაგრამ მისი ფუნქცია ამაში არ მდგომარეობს. არაჩვეულებრივი ადგილი, კონტაქტი წყალთან, პანორამული პლატფორმა და სასეირნო ადგილი – ყველაფერ ამას ეს პროექტი აერთიანებს.

 

მრგვალი ხიდი კოპენჰაგენში (დანია)

ის ხუთი მრგვალი პლატფორმისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთში გადადის. არქიტექტორის სიტყვებით, ამ ხიდის შთაგონება მეთევზეების ნავებისგან მიიღო, რომლებსაც ის ბავშვობაში ისლანდიაში ხედავდა: ისინი მჭიდროდ იდგნენ ნავსაყუდელში და იფიქრებდი, რომ ნავსადგურის გადაკვეთა ამ ნავებზე გადასვლით შეიძლებოდა. აქედან მოდის ხიდის საიალქნე ძელებიც. ხიდის ქვეშ გასვლა მცირე ზომის ნავებს შეუძლიათ, ხოლო საჭიროებისას ერთ-ერთი ცენტრალური სექცია იხსნება და ადგილს უთმობს კატერებსა და იახტებს.

 

ქალაქის ჭაობი უსაკენეში (ბოგოტა)

პროექტის შთაგონება სავანადან მოდის, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქს  აკრავს გარს – მთებითა და მდიდარი მცენარეულობით. გარშემო ბევრი მრავალსართულიანი შენობაა, საქმიანი ცხოვრება დუღს, ხოლო ქვემოთ, პარკინგის ნაცვლად ცოცხალი ბუნების კუთხე გაჩნდა, სადაც კლერკებს შესვენების დროს განტვირთვა შეუძლიათ.

 

ტაპი რუჟის ქუჩა პორტ-ო-პრანსის სამხრეთში (ჰაიტი)

შეიძლება ურბანისტიკა ბევრს პირველი მსოფლიოს პრობლემა ჰგონია, მაგრამ 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ აქ იძულებით გადაადგილებულთათვის კარვების ქალაქი გაიშალა. ადამიანების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ამ ადგილას დაფუძნდა. რა თქმა უნდა, აქ, ისევე როგორც ჰაიტის სხვა ღარიბულ უბნებში, ინფრასტრუქტურული და კრიმინალის პრობლემებია. ავტორების ჩანაფიქრით, ამ მოედანმა ადგილობრივებს უნდა მისცეს თავიანთი ეზოებიდან გამოსვლისა და ერთმანეთთან უსაფრთხოდ ურთიერთობის საშუალება. იმავე  პროექტის ფარგლებში აქ დააყენეს ტრენაჟორები და მთელ რაიონში დამონტაჟდა ღამის განათება.

 

ავერბოდეს სააბატოს ეზო (ბელგია)

რესტავრირებული ეზოს შუაგულში სულ რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმის “აუზი” მოაწყვეს, სადაც როგორც წყალში, ასევე მის გარშემო  სეირნობა და წყლის ზედაპირზე არეკლილი სააბატოს გამოსახულებით ტკბობა შეიძლება. აქვე მოწყობილია ჩამოსაჯდომი ადგილები. ამ ყველაფერს დაუმატეთ ხელმისაწვდომი გარემო, ღამის განათება და დაინახავთ, რომ ეკლესიის ეზოს მოწყობა არცთუ ისე რთულია.  

 

ისრაელის მოედანი კოპენჰაგენში (დანია) 

მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე აქ ბაზრობა იმართებოდა. შემდეგ დაიწყო ავტომობილიზაცია და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ხოლმე, ტერიტორიაზე ავტოსადგომი გაკეთდა. კიდევ გამოხდა ხანი და დანიაში უკვე ფეხით მოსიარულეებმა მოაწყვეს რევანში – ავტოსადგომი მიწის ქვეშ ჩაიტანეს და მიწის ზედაპირზე კი  უზარმაზარი მოედანი დაბრუნდა – შადრევნებითა და სპორტული მოედნით.

https://varlamov.ru/3383158.html


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.