fbpx

„ჩაის გზა“ – გურიის ახალი ტურისტული შესაძლებლობა


გააზიარე სტატია

ფოტო კრედიტი Alex Aptsiauri

 

კახეთში წარმატებულად განხორციელებული პროექტის, „ღვინის გზის“ შემდეგ, ჯერი დასავლეთ საქართველოზე, კერძოდ კი გურიაზე მიდგა, სადაც „ჩაის გზის“ მანიშნებელი აბრები აქ ჩასულ ტურისტებს გზად უკვე შეხვდებათ.  

მცენარეული კულტურა, რომელიც ამ მხარეში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში პირველად მამია გურიელის ბაღში გაჩნდა, დღეს გურიის სავიზიტო ბარათია, რომელიც თითქმის ყველა  ოჯახში გვხვდება. რამდენიმე მათგანს გასულ კვირას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ „გაიცანი საქართველოს“ მედიატურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებიც ეწვივნენ და  ჩაის კრეფისა და გადამუშავების საუკუნოვან ტრადიციას გაეცნენ.

„ჩაის გზაზე“ ტურისტებისთვის პირველი გაჩერება  სოფელ ბახვში, ადგილობრივი მეწარმის, დავით თენეიშვილის საოჯახო საწარმოა, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიით რამდენიმე განსხვავებული დასახელების, მათ შორის შავ, მწვანე და თეთრ ჩაის ამზადებენ.

დავით თენეიშვილის ერთად აღნიშნულ პროექტში  სოფელ წითელმთაში მცხოვრები მეწარმე ლიკა მეგრელაძეც მონაწილეობს,  რომელიც გარდა ჩაის მოყვანისა, საოჯახო სასტუმრო „კომლის“ დიასახლისიცაა. როგორც ლიკა მეგრელაძე ამბობს, ის ძალიან ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომელთაც განსაკუთრებით ხიბლავთ ჩაის კრეფისა და დამუშავების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა.  

დავით თენეიშვილიც და ლიკა მეგრელაძეც  იმ ოცამდე მეწარმეს შორისაა, რომლებიც წელს პირველად ოზურგეთში ჩატარებულ „ჩაის ფესტივალში“  მონაწილეობდნენ. ფესტივალი, რომლის მიზანიც ქართული ჩაის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობა იყო, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მოეწყო.

„გურიაში რამდენიმე გამოკვეთილად საინტერესო ტურისტული პროდუქტი გვაქვს, წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ გურიის მიმართულებით ტურისტების სტატისტიკა მზარდია.

ვფიქრობ, რომ “ჩაის გზა” ახალი პროდუქტია, ჩვენ გვჯერა, რომ ქართული “ჩაის გზა” შესაძლებელია იგივე ტენდენციების მქონე გახდეს, როგორც დღევანდელი დღის მონაცემებით  “ღვინის გზაა“, – ამბობს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

გურიაში ჩასულ ტურისტებს, რომლებიც „ჩაის გზის“ გავლას აპირებენ, საშუალება აქვთ  სულ ახლახან რეგიონში, ურეკსა და შეკვეთილს შორის გახსნილ წვერმაღალას პარკს ესტუმრონ.

ოთხ ჰექტარზე გაშენებულ ორიარუსიან  პარკში ვიზიტორებს ხელოვნური ტბა, ჭაობის კვიპაროსები, ბამბუკის ხეივანი, ქაფურის  და ევკალიპტის ხეები დახვდებათ, რეკრეაციული სივრცის მეორე იარუსიდან კი შავი ზღვის ულამაზესი ჰორიზონტი იშლება.

თუმცა წვერმაღალას პარკი არ არის ერთადერთი  სივრცე, სადაც გურიაში ჩასული ტურისტები დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლებენ.  

შეკვეთილში არსებული მინიატიურების პარკი განსაკუთრებით საინტერესო იქნება უცხოელი ტურისტებისთვის – ისინი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი  კულტურული ძეგლების მინიატიურულ მოდელებს ერთ სივრცეში გაეცნობიან.

პარკში დამთვალიერებელს საშუალება აქვს თბილისის, მცხეთის, ვარძიის, უშგულის და სხვა კუთხეების  ორმოცდაათამდე მინიატიურული ძეგლი ერთდროულად ძალიან მცირე დროში დაათვალიეროს.

 

მინიატიურების პარკთან ახლოს, Black Sea Arena-ს მიმდებარედ  მუსიკოსების პარკია. 2016 წელს გახსნილ დასასვენებელ სივრცეში იქ მისულ სტუმრებს ქართველი მუსიკოსებისა და მსოფლიო ვარსკვლავების სკულპტურების ხილვა და მათი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.