fbpx

MAKEUP სკოლები თბილისში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ვიზაჟის ხელოვნება დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მედიის განვითარებამ ეს მიმართულება კიდევ უფრო აქტუალური გახადა. სხვადასხვა ონლაინპლატფორმის მეშვეობით არაერთმა MakeUp არტისტმა მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა პოპულარობა და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.  

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ დეკორატიული კოსმეტიკით, მხოლოდ youtube -ზე განთავსებული ვიდეოგაკვეთილები   არ გყოფნით და გსურთ ვიზაჟის ტექნიკას პროფესიონალურად დაეუფლოთ, ამისათვის ვიზაჟის სკოლაში სწავლა საუკეთესო არჩევანია. გთავაზობთ თბილისში არსებულ რამდენიმე სივრცეს, სადაც თქვენ შეძლებთ ინტერესი პროფესიად აქციოთ.

 

Make-Up Atelier Paris

პროფესიონალური მაკიაჟის ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. ვაკეში,  ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე დაწესებულება ერთ სივრცეში აერთიანებს მაკიაჟის სკოლას, სტუდიას და  კოსმეტიკის მაღაზიას. Make-Up Atelier Paris-ის სკოლა 4 სხვადასხვა კურსს გთავაზობთ:

მაკიაჟის ინტენსიური კურსი  24 გაკვეთილს  აერთიანებს. მეცადინეობები კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი),  სამი საათის განმავლობაში ტარდება. კურსის ფარგლებში შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც დილის, ასევე საღამოს ჯგუფი. სრული კურსის საფასური 2500 ლარია.  

პროფესიონალური მაკიაჟის საბაზისო კურსი  15 ინტენსიურ მეცადინეობას აერთიანებს. გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია. სრული კურსის ღირებულება 1800 ლარია.  საკვალიფიკაციო კურსი  9 ინტენსიურ გაკვეთილს აერთიანებს, რომელიც 30 აკადემიურ საათს შეადგენს, სწავლისათვის გადასახდელი თანხა კი 1200 ლარია.

ჩამოთვლილი კურსების გავლის შემდეგ, თითოეულ სტუდენტს გამოცდა უტარდება, ამის შემდეგ კი კურსდამთავრებულები საერთაშორისო ბრენდის დიპლომს იღებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ მოყვარული ხართ  და შესაბამის კურსს ეძებთ, Make-Up Atelier Paris-ს თქვენთვის განკუთვნილი პროგრამაც აქვს – სამოყვარულო კურსი MY MAKEUP საკუთარი თავისათვის სრულყოფილი მაკიაჟის გაკეთებას გასწავლით. 4-დღიანი კურსის თითოეული გაკვეთილი 3 საათს გრძელდება. პროგრამის ღირებულება კი 300 ლარია.

http://atelierparis.ge/school/

 

IMAGE LABORATORY 

თბილისში ვიზაჟის პირველი სკოლაა, რომელიც ვიზაჟისტმა ლანა მატახერიამ  10 წლის წინ დააარსა. სასწავლო სივრცე ვერაზე, ჯანაშიას 11 ნომერში მდებარეობს. ის მსურველებს განსახვავებული მიმართულების კურსებს სთავაზობს, რომლებსაც თავად სკოლის დამფუძნებელი ასისტენტებთან ერთად უძღვება.

ვიზაჟის საბაზისო კურსის ხანგრძლივობა ერთი თვეა. გაკვეთილები ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. საბასიზო კურსზე გადასახადი 1800 ლარია. პროფესიონალური ვიზაჟის კურსი სამი კვირის განმავლობაში გრძელდება, გაკვეთილები საბაზისო კურსის მსგავსად  კვირის ყოველ სამუშაო დღეს ტარდება. პროფესიონალური კურსის საფასური 1750 ლარია.

MY MAKEUP – როგორც სასწავლო კურსის სახელი,  პირველად სწორედ IMAGE LABORATORY – ში გაჩნდა. პროგრამა მოყვარულთათვის არის განკუთვნილი და საკუთარი თავისათვის სრულყოფილი მაკიაჟის შესწავლას ემსახურება. კურსი 5 ინტენსიურ გაკვეთილს აერთიანებს, სწავლის გადასახადი კი 350 ლარია.

IMAGE LABORATORY პერიოდულად  მასტერკლასებსაც ატარებს. აღსანიშნავია, რომ სკოლის დამფუძნებელმა,  ვიზაჟისტმა ლანა მატახერიამ 2016 წელს LANKA MAKEUP ბრენდით პროფესიონალური მაკიაჟის პირველი ქართული წარმოების ფუნჯები გამოუშვა.  

 

The Makeup Institute Georgia / საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი

შემოქმედებითი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ნებისმიერი საფეხურის ვიზაჟისტებს ან დაინტერესებულ პირებს განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. სასწავლო სივრცე იაკობ ნიკოლაძის 6 ნომერში მდებარეობს. საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი სწავლის მსურველებს რამდენიმე განსხვავებულ პროგრამას სთავაზობს:  

პროკურსის  ხანგრძლივობა 2 თვეა. ის  25 სამსაათიან ინტენსიურ გაკვეთილს აერთიანებს. სტუდენტებს საშუალება აქვთ აირჩიონ დილის, დღის ან  საღამოს გაკვეთილები. საბაზისო კურსის საფასური 2250 ლარს შეადგენს. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში კი გადასახადი  2000 ლარამდე მცირდება.

The Makeup Institute Georgia გრიმის ტექნიკის შესწავლის მსურველებს რამდენიმე მიმართულებას სთავაზობს: Beauty makeup – მკვეთრი და ფერადი მაკიაჟი;  FX – Make Up – კინო და თეატრალური მაკიაჟი და ასევე Face Art – მკვეთრი და ფერადი მოხატულობა სახეზე, რომელიც სპეციალური საღებავებით სრულდება. თითოეული მიმართულება 10 სამსაათიანი ინტენსიური გაკვეთილისაგან შედგება, სწავლის ღირებულება კი 550 ლარია.   

ვიზაჟის სხვა სკოლების მსგავსად, საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი სპეციალურ პროგრამას სთავაზობს მათ, ვისაც სურს საკუთარ თავისათვის  პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთება თავადვე შეეძლოს. კურსის ხანგრძლივობა 5 გაკვეთილია, ერთი გაკვეთილი 2 საათი გრძელდება, გადასახადი კი 250 ლარია.  

The Makeup Institute Georgia-ში კიდევ ერთი სასწავლო მიმართულება გაჩნდა – ეს არის მაკიაჟის კურსი მოზარდებისთვის. პროგრამა 12-დან  18 წლამდე მსურველთათვის არის განკუთვნილი. კურსის ხანგრძლივობა 4 გაკვეთილია და თითოეული 3 საათს გრძელდება. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის გადასახადი 200 ლარია.   

თუ ბოლო ასწლეულის მაკიაჟის ტენდენციები  და რეტროსპექტული მაკიაჟის თანამედროვე დროში გაცოცხლების ტექნიკა გაინტერესებთ, ამისათვის The Makeup Institute Georgia სპეციალურ კურსს გთავაზობთ. კურსის დანიშნულება მაკიაჟის, ვარცხნილობის, მოდის და სტილისტიკის სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაა. რეტროსპექტული მაკიაჟის საავტორო კურსი   10 სამსაათიან გაკვეთილს მოიცავს. კურსის ღირებულება 750 ლარია.

https://www.themakeupinstitutegeorgia.com/

 

Anuka Murvanidze Beauty School

ვიზაჟისტისა  და მხატვარ-გრიმიორის, ანუკა მურვანიძის დაარსებული სასწავლო სივრცეა. სკოლა რუსთაველის გამზირზე, 19 ნომერში მდებარეობს. სივრცე მსურველებს მხოლოდ ერთ სრულ ინტენსიურ სასწავლო მიმართულებას სთავაზობს   – პროფესიონალური მაკიაჟის შემსწავლელი კურსი 2 თვისა და 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. გაკვეთილები კვირაში სამჯერ ტარდება და თითოეულის ხანგძლივობა 3-4 საათია.  სრული კურსის ღირებულება კი 1700 ლარია. Anuka Murvanidze Beauty School პარიზის ერთ-ერთი ცნობილი ვიზაჟის სკოლის,  Fleurimon Paris-ის პარტნიორია.  

https://www.facebook.com/anukamurvanidzebeautyschool/ 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.