fbpx

8 არხი Youtube-ზე მათთვის, ვისაც კულინარია გაინტერესებთ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ინტერნეტის საშუალებით თითქმის ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი, მათ შორის –  კულინარიის. ვიდეოჰოსტინგ youtube-ზე უამრავ ვიდეოს იპოვით, რომელთა მეშვეობით ახალ რეცეპტებს აღმოაჩენთ და ამ სფეროში საინტერესო რჩევებსაც მიიღებთ.

თუ ხართ გურმანი  და კულინარიული ექსპერიმენტებიც გხიბლავთ,  ჩვენ გთავაზობთ youtube-ის რამდენიმე პოპულარულ თემატურ არხს.

 

TASTY

ეს ინტერნეტ მედია BuzzFeed-ის  პროექტია. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხია იუთუბზე. TASTY თავის მხრივ სხვადასხვა სტილის კულინარიულ რუბრიკას აერთიანებს, მათ შორის ყველაზე პოპულარული სწრაფი რეცეპტებია.

ამ მიმართულების ვიდეოებისათვის დამახასიათებელი სტილით მომხმარებელი გახმოვანების გარეშე სასურველ ინფორმაციას უმოკლეს დროში იღებს. არხზე ამ დროისათვის დაახლოებით 3000 ვიდეოა გამოქვეყნებული, რომლებიც სხვადასხვა ვიდეოკოლექციაში თემატურად არის დალაგებული. TASTY-ის  youtube-ის არხს 2019 წლის მაისის მონაცემებით 14 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

Gordon Ramsay

მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შეფმზარეულ  გორდონ რემზის არხს იუთუბზე 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. რემზი არა მხოლოდ სხვადასხვა კულინარიული შოუსთვის მუშაობს, არამედ სპეციალურად ინტერნეტმომხმარებლისთვისაც ქმნის  ვიდეოებს. ამ ვიდეოებს შორის კი პირადად გორდონ რემზის შექმნილი რეცეპტების ვიდეოგაკვეთილებსაც იპოვით.

 

Binging with Babish

Youtube-ის ეს არხი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შიძლება კულინარიით გადატაცება ფულის გამომუშავებაში დაგეხმაროთ. Binging with Babish ვიზუალური ეფექტების სპეციალისტის,  ენდრიუ რეის ვიდეობლოგია, რომელმაც კინოსა და კულინარიის სიყვარული საინტერესოდ გააერთიანა.

მის არხს სხვა კულინარიული ბლოგებისგან სწორედ ეს გამოარჩევს –  ენდრიუ რეა ინტერნეტმომხმარებელს სთავაზობს რეცეპტებს საყვარელი კინოებიდან და სატელევიზიო შოუებიდან.  გარდა ამისა, მის არხზე განთავსებულ ვიდეოკოლექციებში სხვადასხვა ნიშნით დახარისხებულ ვიდეოგაკვეთილებსაც იპოვით. Binging with Babish-ს 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

Laura in the Kitchen

თუ იტალიური სამზარეულო განსაკუთრებით გიყვართ, ვიდეოჰოსტინგ Youtube-ის ეს არხი დაგაინტერესებთ. Laura in the Kitchen იტალიური წარმოშობის ამერიკელი ვლოგერის, ლაურა ვიტალეს ვიდეობლოგია, რომელსაც 3,4000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიდეოგაკვეთილებს შორის  იტალიური სამზარეულოს ტრადიციული რეცეპტები ჭარბობს.

 

Food Wishes

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროფესიონალი მზარეული-ვლოგერის,  Chef John-ის ვიდეობლოგს 3 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ვიდეოგაკვეთილები  სასურველი კერძის მომზადებას მარტივად და სახალისოდ გასწავლით. Food Wishes ვიდეოების რაოდენობით კულინარიული Youtube არხების ერთ-ერთი ლიდერია – მასზე 600-ზე მეტ რეცეპტს აღმოაჩენთ.

Jamie Oliver

გორდონ რემზის მსგავსად,  Youtube-ზე არხი კიდევ ერთ ცნობილ შეფმზარეულს და სატელევიზიო წამყვანს – ჯეიმი ოლივერსაც აქვს. გარდა იმისა, რომ არხზე ოლივერის სატელევიზიო შოუებიდან თითქმის ყველა ფრაგმენტია ატვირთული, სპეციალურად ინტერნეტმომხმარებლისათვის შექმნილ ვიდეორეცეპტების გადაცემას  – Food Tube-საც ნახავთ.

ჯეიმი ოლივერის Youtube არხი აქტიური და საკმაოდ ინტერაქციულია – შეფმზარეული რეცეპტებს ხშირად გამომწერების სურვილის მიხედვით ირჩევს. ჯეიმი ოლივერს იუთუბზე 4,3000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

 

SORTEDfood

2010 წელს  კულინარიით გატაცებულმა მეგობრებმა  – ბენ ებრელმა, მაიკ ჰეტელსტონმა, ჯეიმი სპაფორდმა და ბარი ტეილორმა youtube-ზე ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყეს.  

SORTEDfood დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კულინარიული youtube არხია 2, 2000-ზე მეტი გამომწერით. ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით თქვენ მსოფლიო სამზარეულოდან მარტივი, მცირებიუჯეტიანი,  თუმცა გემრიელი კერძების მომზადებას ისწავლით.

 

First We Feast

ამ პროექტმა კულინარია და პოპკულტურა წარმატებით გააერთიანა. First We Feast ამავე სახელწოდების კულინარიული ონლაინჟურნალის, youtube-ის არხია.

გარდა რეცეპტებისა და კულინარიული რჩევებისა, აქ სახალისო გადაცემებსა და ვიდეორუბრიკებსაც  ნახავთ, რომლებიც სპეციალურად ინტერნეტმომხმარებლისათვის შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანია გასართობი მიმართულების ვიდეოსერია სახელწოდებით Hot Ones, რომელშიც მოწვეული სტუმრის ამპლუაში უამრავ ცნობილ ადამიანს იხილავთ.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.