fbpx

ინტერვიუ Glenmorangie-ის გლობალურ ბრენდ ამბასადორ კარენ ფულერტონთან


გააზიარე სტატია

 

შოტლანდიური ვისკის ასოციაციას საკმაოდ მკაცრი წესები და რეგულაციები აქვს: ერთალაოიანი  ვისკი მხოლოდ შოტლანდიაში უნდა იყოს დამზადებული და დისტილირებული; ასევე მხოლოდ შოტლანდიის ტერიტორიაზე, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში, მუხის კასრებში უნდა იყოს დავარგებული  ყველა ის 100%-ით ნატურალური ინგრედიენტი, რაც ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის დასამზადებლად გამოიყენება.

 

ამჟამად შოტლანდიაში 120-ზე მეტი ვისკის სახდელია და მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია Glenmorangie – ვისკის სახლი, რომელიც სასმელს 1843 წლიდან აწარმოებს.

Glenmorangie-ის  სახდელი შოტლანდიაში ცნობილია ყველაზე მაღალი  სადისტილაციო, ანუ გამოსახდელი ქვაბებით. მათი სიმაღლე 5,14 სმ-ია, რაც ზრდასრული ჟირაფის სიმაღლეს შეესაბამება. შესაბამისად, მხოლოდ ყველაზე ჰაეროვანი და დელიკატური სპირტები აღწევს სახდელის ყელს და განაპირობებს Glenmorangie-ის ყვავილოვან ხასიათს.

კომპანია მუხის კასრებს მხოლოდ ორჯერ იყენებს, რაც უზრუნველყოფს ხის ყველაზე სასურველი ნოტების მაქსიმალურად გამოყოფას. ისინი ასევე პიონერები არიან დამატებით დავარგებაშიც.

კარენ ფულერტონი შოტლანდიური ვისკის ბრენდის,  Glenmorangie-ის გლობალურ ბრენდ ამბასადორია. ის პირველი ქალია, რომელიც შოტლანდიური ვისკის ამბასადორი გახდა მსოფლიოში.

 

At.ge: შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ აღმოაჩინეთ ვისკისადმი სიყვარული?

კარიერა 20 წლის წინ დავიწყე ღვინის ინდუსტრიაში, გაერთიანებულ სამეფოში. ღვინის ტექნოლოგიის ყველა გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩავაბარე. ამ ინდუსტრიას უნდა ვუმადლოდე, რომ მან გაამძაფრა ჩემში სურნელის, არომატის და გემოს შეგრძნება. მე შოტლანდიაში დავიბადე, თუმცა მამაჩემის საქმიანობის გამო სამხრეთში მოგვიწია გადასვლა, ინგლისის საზღვართან.   ჩემთვის შოტლანდია ყოველთვის სახლი იყო და როდესაც უნივერსიტეტში სწავლისას მეგობარმა შოტლანდიური ვისკი გამასინჯა – მისმა სურნელმა, გემომ და არომატმა განსაკუთრებულად დამაინტერესა. ალბათ სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. 2002 წელს, როდესაც 28 წლის ვიყავი, Glenmorangie-ის გაყიდვების დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა. ჩემი სამუშაო შესანიშნავი იყო – ის შოტლანდიის მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობასა და პროდუქტის ნაირსახეობების გაცნობას გულისხმობდა. ვფიქრობ, საკმაოდ თავის მომაბეზრებელი თანამშრომელი ვიყავი, გაუჩერებლად ვსვამდი კითხვებს: “რატომ აქვს ამის სურნელი? რატომ? რატომ? რატომ?”. ამის შემდეგ, 2004 წელს ამერიკაში გამიშვეს. პირველი შოტლანდიური ვისკის  ელჩი ქალი ვიყავი შტატებში. 5 წელიწადზე მეტი გავატარე იქ. დღესდღეობით უფრო გლობალური როლი მაქვს, ჩემი საქმე ვისკის ახალი პროდუქტის განვითარება გახდა.

 

At.ge: ვისკის დღესაც თავდაპირველი დაარსების ადგილას, შოტლანდიის მაღალმთიან რეგიონებში აწარმოებენ. რამდენად იქონია გავლენა ბრენდის წარსულმა მის დღევანდელ პოპულარობაზე?

მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული დღემდე  შოტლანდიაში ყველაზე მეტი ლიცენზირებული ვისკის სახდელი გვაქვს. რეალურად ქვეყანაში 128 ვისკის სახდელია. Glenmorangie 1843 წლიდან იღებს სათავეს.  შოტლანდიაში ყველაზე მაღალი სახდელი ქვაბების გამო კი ჩვენი სპირტები დელიკატური და დახვეწილი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

Glenmorangie-ის კომპანიაში ამავდროულად დიდ ყურადღებას უთმობენ მუხის კასრის შერჩევას. ადრეულ 80-იანებში, დღევანდელი კურსით 13 მილიონი ფუნტი მუხის კვლევაში ჩავდეთ.  კვლევებით დადგინდა, რომ რაც უფრო ბევრჯერ გამოიყენებ კასრს, მით უფრო რთულია მუხიდან არომატის ექსტრაქცია. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ ფერდობზე გაზრდილი მუხის მემბრანა გაცილებით ფოროვანია, რაც მის თვისებებს უფრო მკაფიოდ გამოავლენს სპირტთან ურთიერთქმედებისას. ჩვენ ვიყენებთ ამერიკულ თეთრ მუხას, რომელშიც მანამდე ბურბონი  ვარგდება 4 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ კასრი შოტლანდიაში იგზავნება, რომელშიც უკვე Glenmorangie-ს ვავარგებთ. 10 წლის შემდეგ კი ვიღებთ პირველადი შევსების Glenmorangie-ს – ხილის და სანელებლების არომატებით გაჯერებულ სასმელს. შემდეგ კასრს კიდევ ერთხელ ვავსებთ და 10 წლის შემდეგ ვიღებთ მეორე შევსების Glenmorangie-ს ყვავილოვანი ნოტებით, სწორედ ამ ორის კომბინაციის შეზავებით წარმოიქმნება ცნობილი Glenmorangie Original.

 

At.ge: გვესაუბრეთ Glenmorangie Signet-ზე, რომელიც ვისკის სამყაროში გამორჩეული პროდუქტია.

Glenmorangie Signet-ის შთაგონება სინამდვილეში ყავის მოხალვის ტექნოლოგიიდან მოვიდა. ყავის ტექნოლოგიით ალაოს მოხალვა დავიწყეთ და შედეგად,  ფერით და არომატით შოკოლადთან მიმსგავსებული მარცვლები მივიღეთ. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია, რადგანაც ალაოს წარმადობა ამ შემთხვევაში 30%-ით იკლებს. ამ პროდუქტის დავარგებისთვის განსაკუთრებულ მუხას ვიყენებთ, რომლის სამშობლო ამერიკაში მდებარე ოზაკის მთების ჩრდილოეთი ფერდობია, ასაკი კი 150 წელს უახლოვდება.

 

At.ge: როგორ ფიქრობთ, რომელია ვისკის გასინჯვის საუკეთესო ტექნიკა?

შოტლანდიურ ვისკის საინტერესო თავისებურება აქვს, წყალი უნდა დაამატოთ მისი ასაკის გათვალისწინებით. წყლის დამატებისას ვისკიში არსებული ნატურალური ზეთები გამოიყოფა: ზოგი ფერმენტაციის პროცესით იქმნება, ზოგი კი ხის გავლენით. ზუსტად ამ ზეთებს უნდა ვუმადლოდეთ ვისკის დახვეწილი არომატების ერთობლიობას.

ცოტა ხნის წინ  ჩვენი ვისკი გავატარეთ მაღალი დონის ქრომატოგრაფიის დანადგარში, ედინბურგში, შოტლანდიური ვისკის კვლევის ინსტიტუტში  და მასში 143 არომატი აღმოვაჩინეთ.

 

At.ge: საქართველოსა და შოტლანდიას სასმელების დამზადების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს  გამოცდილებაზე საქართველოში?

ალბათ გსმენიათ, რომ დისტილიზაციის ხელოვნება ანტიკურ ეგვიპტეში ან ჩინეთში წარმოიშვა… ან იქნებ სულაც აქ, საქართველოში. ადრე, აბრეშუმით ვაჭრობისას, როცა ხალხი სანელებლებს, ტანსაცმელს, ტექნოლოგიას ცვლიდა,  ალბათ კელტებმა ან პიკსებმა ჩრდილოეთ ევროპის გავლით ჩამოიტანეს შოტლანდიაში დისტილიზაციის ხელოვნება, თუმცა სრულიად დასაშვებია, მისი კულტურა საქართველოდან იღებდეს სათავეს. ვფიქრობ, დიდი კავშირია შოტლანდიასა და საქართველოს შორის ისტორიის კუთხით.

საქართველოში  ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს ის, რომ თქვენ ჯერ კიდევ ძალიან ტრადიციული გზებით აწარმოებთ საკუთარ ღვინოსა და სასმელებს. ჯერ კიდევ შორს ხართ კომერციალიზაციისგან. როდესაც ხალხი მეკითხება, რომელია ჩემი საყვარელი ადგილი სამოგზაუროდ,  პირველად ყოველთვის საქართველოს ვასახელებ.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

ილუსტრაცია: ანო ნეფარიძე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.