ანა გაბელაია და ნინო საკანდელიძე, OXYGEN_ TBILISI NO FAIR


გააზიარე სტატია

ტექსტი: ანა გაბელაია

ფოტო: ბუბა ბებოშვილი

 

OXYGEN_TBILISI NO FAIR წელს უკვე მეორედ ტარდება. 2018 წელს ამ გამოფენის გაკეთების საჭიროება თბილისის არტ ფეარის დაანონსებისას გამოჩნდა. ნინო საკანდელიძეს ჰქონდა იდეა გაეკეთებინა სტუდენტების გამოფენა ხელოვნების ბაზრობის პარალელურად, თუმცა მოგვიანებით პროპაგანდას გუნდთან ერთად იდეა შეიცვალა, მასშტაბები გაიზარდა და ასე გაკეთდა პირველი OXYGEN – გამოფენა 33 არტისტის სოლო შოუებითა თუ ინტერვენციებით. OXYGEN თვითონვე ჰგავდა დიდ ინტერვენციას ჯერ კიდევ რემონტის პერიოდის “სტამბაში”.

 

 

გამოფენის მიზანს წარმოადგენდა – თავიდანვე ეჩვენებინა, თუ რა ხდება დღეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში. გამოფენის სრული სახელიც – OXYGEN_TBILISI NO FAIR – ხაზგასმა იყო იმისა, რომ თარიღებით დამთხვევის მიუხედავად, OXYGEN-ს არაფერი აქვს საერთო ბაზრობასთან, მისი მოტივაცია არ არის კომერცია, უფრო – პირიქით. შესაძლებლობის ფარგლებში – შარშან თემურ უგულავას და წელს მასთან ერთად თბილისის მერიისა და “შემოქმედებითი საქართველოს” დაფინანსებით – არტისტებს  საშუალება მიეცათ შეექმნათ ახალი ნამუშევრები, ემუშავათ სივრცეში და ეჩვენებინათ თავიანთი შემოქმედება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რასაც ხელოვნების ბაზრობა, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, არტისტებს ვერ სთავაზობს.

 

 

2018 წლის მსგავსად, OXYGEN წელსაც “სტამბის” D ბლოკის ჯერ კიდევ რემონტში მყოფ სართულებზე განაწილდა. ოთახებში, რომელთა დანიშნულება გამოფენის მერე სრულიად შეიცვლება, დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს სხვადასხვა გამოცდილების მქონე ხელოვანების სოლო შოუები, კოლაბორაციები და ინტერვენციები როგორც “სტამბაში”, ასევე “სტამბის” გარეთაც.

გამოფენის მიმდინარეობისას “სტამბის” D ბლოკი მასპინძლობს შეხვედრებს და დისკუსიებს როგორც სახელოვნებო, ასევე ეკოლოგიის თემებზეც.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ასე თუ ისე მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც OXYGEN-ის ორივე გამოშვებაზე მუშაობისას გვქონდა: გამოფენაზე 40-ზე მეტი არტისტია წარმოდგენილი, და ეს არის დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს  ამინდს ქმნიან თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.