fbpx

როგორ ზეიმობენ დამოუკიდებლობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


გააზიარე სტატია

 

დამოუკიდებლობის დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, თუმცა არა ყველაში. ზოგს ეს თარიღი უბრალოდ არ აქვს. მაგალითად, ბრიტანეთს, რომელიც არასდროს ყოფილა სხვისი მმართველობის ქვეშ, ან შოტლანდიას, რომელიც დღემდე ბრიტანეთის მმართველობის ქვეშაა. მათთვის კი, ვინც მოიპოვა, ან დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ეს თარიღი ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაულია და მას განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

 

აშშ დამოუკიდებლობას 4 ივლისს ზეიმობს. ამ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა კოსტიუმირებული მსვლელობებია. როგორც ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, იქ სადღაც აუცილებლად იქნება მსვლელობა.  ამბობენ იმასაც, რომ ყველა ამერიკელს აქვს ის ერთი მაისური ან შარვალი, რომელიც მხოლოდ 4 ივლისისთვისაა – ანუ სამოსი აშშ-ს დროშის ფერებით. ამ დღეს ყველა ცდილობს წითელ, ლურჯ და თეთრ ფერებში გამოწეყოს. ამ კომბინაციის წინდები კი დამოუკიდებლობის დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

 

საფრანგეთი 14 ივლისს ბასტილიის დღეს აღნიშნავს. დღის მთავარი მოვლენა სამხედრო აღლუმია შანზ-ელიზეზე.  პარიზელებისთვის კი ყველაზე საყვარელ ტრადიციად ამ დღეს პარკში პიკნიკზე გასვლა და იქიდან ფეიერვერკების ყურება იქცა. სტატიებში ამ თემაზე შეხვდებით გაფრთხილებებს, რომ თუ ამ დღეს გადაადგილებას საკუთარი მანქანით აპირებთ, მოთმინება და კარგი რუკა უნდა იქონიოთ, რადგან ტრანსპორტის მოძრაობა აქ 6:30 საათიდან იზღუდება.

 

17 მაისი ნორვეგიის დამოუკიდებლობის დღეა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქ არ ტარდება სამხედრო აღლუმი. მის ნაცვლად მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების მსვლელობა იმართება. ნორვეგიელები ამბობენ, რომ ეს არის დღესასწაული ყველასთვის. ამ დღეს ასევე შეხვდებით ადამიანებს ნაციონალურ სამოსში და მოქალაქეთა ჯგუფს დროშებით ხელში, რომელთაც სამეფო ოჯახი ეგებება.   17 მაისის გზამკვლევებში გვაფრთხილებენ, რომ ქალაქების ცენტრალური ქუჩები ტრანსპორტისთვის დაკეტილი იქნება.

 

ფორმალური ღონისძიებების გარდა, ფინელებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის რამდენიმე ტრადიცია აქვთ. ყოველ 6 დეკემბერს სტუდენტები მართავენ ტრადიციულ მსვლელობას თეთრი ქუდებითა და ჩირაღდნებით. მოქალაქეები სახლების ფანჯრებში  ლურჯ-თეთრ სანთლებს ანთებენ. ლურჯი და თეთრია ამ დღის ნამცვხრებიც. ამავე ფერებში ფორმდება ქუჩები და მაღაზიების ვიტრინებიც.

 

ავსტრალია დამოუკიდებლობის დღეს 26 იანვარს აღნიშნავს. დღესასწაულის მთავარი ღონისძიება დროშის აწევის საზეიმო ცერემონიაა. თუმცა ოფიციალური მხარის გარდა, ავსტრალიელები ამ დღეს ტრადიციულად გემების, სერფინგისა და საჰაერო ბუშტების შეჯიბრებებით აღნიშნავენ.

 

ინდონეზიაში 300-წლიანი კოლონიზაციის დასასრულს ყველაზე განსხვავებულად ზეიმობენ. ტრადიციული ცერემონიების გარდა, ყოველ 17 აგვისტოს იმართება კონკურსი  “Panjat Piang” – ჭოკზე აცოცება. ინდონეზიელები პალმის ხის მაღალ, სრიალა ჯოხის წვერზე პრიზებს ამაგრებენ. მონაწილეებმა კი ჭოკზე აცოცება და მათი მოპოვება უნდა მოახერხონ. თითო ჯოხი რვა მონაწილისთვისაა განკუთვნილი.

 

ინდოეთმა დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა, თუმცა მისი აღნიშვნის ტრადიცია 1928 წელს უკავშირდება, როცა ინდოელებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ბრიტანეთის პარლამენტის წევრების ვიზიტს, რომელიც ცნობილია სახელით „საიმონის კომისია“. მათ ჰაერში ფრანები გაუშვეს წარწერით „უკან წადი, საიმონ“. დღეს კი ყოველ 15 აგვისტოს დელის ცა ისევ ფრანებით ივსება. სწორედ ეს არის ინდოეთის დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიება.

 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. მის აღსანიშნავად დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მათი სრული სია იხილეთ აქ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.