fbpx

ავღანურ ხალიჩებზე ასახული ომი საბჭოთა კავშირთან


გააზიარე სტატია

 

1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა არმიის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ და  პრეზიდენტი ჰაფიზულა ამინის ხელისუფლება დაამხეს. ქვეყანაში კომუნისტური წეს-წყობილების იძულებით დამყარების პროცესს ანტისაბჭოთა ჯიჰადისტი მებრძოლები – მოჯაჰედები დაუპირისპირდნენ. 10-წლიანი სისხლიანი დაპირისპირებისას – 14 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, სულ მცირე, 500 000 ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 5 მილიონზე მეტი – მოსახლეობის ერთი მესამედი – იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

10-წლიანი სისხლიანი ოკუპაცია აისახა ავღანურ ხალხურ ხელოვნებაში. 1980 წლიდან ეთნიკური ჯგუფის – ბელუჯის ქალებმა ტრადიციული  ხელით ნაქსოვი მატყლის ხალიჩების საბჭოთა იარაღის – „კალაშნიკოვის“ ავტომატის, ბომბდამშენების, ვერტმფრენების, ტანკების, ყუმბარებისა და ტყვიების –  მხატვრული ორნამენტებით გაფორმება დაიწყეს. თავდაპირველად ამგვარი თემატიკის ხალიჩები ბელუჯისტანში (პროვინცია პაკისტანში, რომელიც ავღანურ ჰელმანდს ესაზღვრება და სადაც საბჭოთა ოკუპაციისას ავღანეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკები იყო) გამოჩნდა, მოგვიანებით კი მთელ რეგიონს მოედო, მათ შორის – თურქმენეთსა და უზბეკეთს.

საინტერესოა ისიც, რომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ძირითადად ორი სახეობის ხალიჩებს ქსოვდნენ:

 

  • პროტესტის გამომხატველი ხალიჩები, რომლებზეც საბჭოთა იარაღი იყო გამოსახული.

 

  • გამარჯვებების ამსახველი ხალიჩები, რომლებზეც ამერიკული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები – „სტინგერები“ აღიბეჭდებოდა (იარაღი, რომლითაც ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მოჯაჰედებს ამარაგებდა საბჭოთა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოსაგდებად).

 

  • ასევე საინტერესოა ხალიჩები, სადაც 1989 წლის მოვლენები – საბჭოთა ჯარების სალანგის უღელტეხილით ავღანეთიდან გასვლის მოტივებია გამოსახული.

 

საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ ასეთი შინაარსის ხალიჩების წარმოება თითქმის შეწყდა, თუმცა კვლავ  აქტუალური გახდა 2001 წლიდან, რაც ავღანეთში ამერიკისა და მისი მოკავშირეების შესვლამ განაპირობა. ავღანურ ხალიჩებზე თანამედროვე იარაღი, ტექნოლოგიები, მათ შორის დრონები გამოჩნდა.

 

 

გარდა საომარი თემებისა, ავღანურ ხალიჩებზე სხვა გლობალური მნიშვნელობის მოვლენებიც აღიბეჭდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები იყო. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, МоМА-ს ექსპერტის, ბარბარა იაკობსონის თქმით, ტრაგედიის ამსახველი ხალიჩები ე.წ. სუვენირებად იქცა. მათ სპეციალური დაკვეთით მეტწილად ამერიკელები  ყიდულობდნენ.

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.