27 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
კანის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა შეფასებების ათეულში And Then We Danced მეშვიდე ადგილს იკავებს და დადებითი რევიუებით უსწრებს ისეთი რეჟისორების ბოლო ნამუშევრებს, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო და კენ ლოუჩი.
კანის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა შეფასებების ათეულში And Then We Danced მეშვიდე ადგილზეა
ქართულ-შვედური ფილმი დადებითი რევიუებით უსწრებს კვენტინ ტარანტინოსა და კენ ლოუჩის ბოლო ფილმებს. რაც შეეხება პირველ ადგილს, კრიტიკოსთა შეფასებების რეიტინგის ლიდერი სამხრეთ-კორეული შავი კომედია, წლევანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი “პარაზიტია”.
ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმის პროექტმა “გურია” სცენარის განვითარებისთვის ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება მიიღო
პროექტმა გაიმარჯვა ფონდის პრესტიჟულ სექციაში Voices, სადაც ლევან კოღუაშვილთან ერთად არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ “გურია” რამდენიმე თვის წინ ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი გახდა.
პროექტის სცენარისტები არიან: ბორის ფრუმინი, გიორგი კეკელიძე და ლევან კოღუაშვილი, ხოლო პროდიუსერები ოლენა ერშოვა და ნათია ჩხარტიშვილი.
წყარო: http://beta.gnfc.ge
2 ივნისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ალექსანდრე ლორთქიფანიძის “იავნანა ლილისთვის” პრეზენტაცია გაიმართება
პუბლიკაცია მომზადებულია კამპანიისთვის „კაცები ზრუნავენ“ – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში. წიგნი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უცნაური ამბავი კი მაშინ იწყება, როცა ოჯახში ლილი იბადება.
წყარო: https://www.facebook.com/
პირველ ივნისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თეო ხატიაშვილის წიგნის, „ფარაჯანოვის“ პრეზენტაციაზე
წიგნი „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიით გამოვიდა და ეს არის სერგო ფარაჯანოვის, მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის, მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების, გამოკვეთის წარმატებული მცდელობა. წიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ ანალიზს და მიმოიხილავს პოლიტიკურ ფონს, როგორც საბჭოთა კავშირის რეპრესიულ გარემოს, ასევე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის პერიოდში შექმნილ ნაციონალისტურ შეუწყნარებლობას, რომელიც უშუალოდ შეეხო სერგო ფარაჯანოვს.
თეო ხატიაშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ითვალისწინებს უშიშროების არქივში დაცულ საიდუმლო დოკუმენტაციას ფარაჯანოვის შესახებ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. წიგნს თავად ავტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი თეო ხატიაშვილი წარადგენს.
წყარო: https://www.facebook.com/
უკრაინაში ქართული ფოტოგრაფიის დღეები ტარდება
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. 25 ფოტოგრაფის 60 ექსპოზიცია ”სიყვარულით საქართველოდან” კიევში, ლვოვსა და როვნოში 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში უკრაინის სხვადასხვა ქალაქებს ეწვევიან, ხოლო უკრაინაში სპეციალური ფოტოტურის ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოგვიანებით თბილისში გაიმართება.
მსახიობ ჯეფრი რაშს გამოცემა Daily Telegraph-მა კომპენსაციის სახით $2,9 მილიონი გადაუხადა
გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსახიობს ქალების მიმართ უხამს ქცევაში დასდეს ბრალი. სტატიაში ეწერა, რომ უცნობმა მსახიობმა ქალმა, რომელიც რაშთან ერთად 2015-2016 წლებში სპექტაკლში თამაშობდა, რაში უხამს შეხებასა და კომენტარებში დაადანაშაულა.
გამოცემის ცნობით, $2,9 მილიონი არის რეკორდული თანხა, რომელიც ავსტრალიაში ცილისწამების გამო მსახიობს გადაუხადეს.
წყარო: https://www.theguardian.com/