fbpx

“დამოუკიდებლობის მემორიალი” – ქართველი არტისტის 24-საათიანი პერფორმანსი


გააზიარე სტატია

 

ჩვენს მკითხველებს შორის ალბათ რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ყოველწლიურად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება – 1918 წელს, სწორედ 26 მაისს დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ამ დღეს ქალაქში მომხდარი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენების გარდა, ჩვენი ყურადღება ერთმა ქართველმა ხელოვანმა, ფსევდონიმით – “ანდრო დადიანმა” და მისმა საინტერესო პერფორმანსმაც მიიქცია.  

ანდრომ გადაწყვიტა, რომ ქუჩაში, მოქალაქეების დასანახად ერთდღიანი პერფორმანსი გაემართა. ეს ყველაფერი კი თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მოხდა. ხელოვანი ნახევრად მიწაში ჩაფლულ ქართულ ტრადიციულ სუფრაზე დადგა, რომელზეც ბევრი ღვინო და პურიც ეწყო და 24 საათი ასე, ცალ ფეხზე მდგომმა გაატარა.

“იმდენ რამეზეა დამოკიდებული და მილურსმული ჩვენი საზოგადოება, რომ დღეში რამდენჯერმე ვიღებთ ცივ შხაპს ამ ქვეყნისგან. სრულიად დაკარგა ჩვენმა ცხოვრებამ სიფაქიზე. სპორტსმენებივით ვართ – ან მოვიგებთ, ან წავაგებთ. აქ შუალედური მდგომარეობა აღარ არსებობს, არადა სწორედ ამ მოგება-წაგებას შორისაა ცხოვრება, როგორც კულტურული მატერია.  

ამაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში მთავრობაა, მათი გულგრილი, ზედაპირული დამოკიდებულების ბრალია ეს დიდი ეროვნული უიმედობა. დაბეჯითებით, დაუეჭვებლად ვამბობ, რომ ყველაფერი გააკეთეს ეკლესიასთან ერთად ამ შედეგისთვის.

ქვეყნის ძალაუფლების გული დღეს სადაა?! სოლოლაკის მთაზე, კრემლში თუ აქ, კანცელარიაში – კაცმა არ იცის. რადგან არც მე მაქვს ზეადამიანური ხილვები – დავდექი იქ, სადაც ლოგიკურად უნდა იყოს მთავრობა, რათა ჩემი ხმა მიმეწვდინა”, – ამბობს ანდრო დადიანი At.ge-სთან საუბრისას.

იქვე იდგა საინფორმაციო დაფაც, სადაც 24-საათიანი პერფორმანსის არსი და ანდრო დადიანის  მიერ დანახული დღევანდელი ქართული რეალობა იყო აღწერილი. აი, რას წერს ანდრო დადიანი:

“1989 წელს დაწყებული თავისუფლებისათვის ბრძოლიდან 30 წელი გავიდა, 1991 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, როგორც თავისუფლების შესავალს, დღემდე ვტკეპნით. ქვეყანამ ტერიტორიების 20% დაკარგა. სახელმწიფო სხეულის ამპუტირებულ 20 პროცენტს უწყვეტად უერთდება სოფლები და ქალაქები. ქვეყნის შიდა ოკუპაცია შეიძლება დაერქვას წახალისებულ რელიგიურ, ეთნიკურ, მორალურ, სექსუალურ, კუთხურ, უბნურ დაპირისპირებებს, რომელიც ანაწევრებს და თიშავს მოქალაქეებს ერთმანეთისგან.

გაუგებარ ძალებზე დამოკიდებული ქვეყნის მეთაურების გულგრილობით, განათლების არარსებობითა და სიღარიბით, უწყვეტად ვკარგავთ ერთმანეთს, საკუთარ მომავალს, ტერიტორიებს და ხშირადაა საშიშროება იმისა, რომ დამოუკიდებლობას, როგორც ზღურბლს უნდა გადავცდეთ.

იდეოლოგიურმა მანქანამ ქართველობა თრობად, დიდ სუფრად აქცია, რომელიც საჭიროებისთანავე ტრადიციის ხელით პრობლემის გადასაფარად და ძალადობის გასამართლებლად გამოიყენება. ტრადიციების ასეთი კომერციალიზაცია აბათილებს მისსავე მნიშვნელობას და ეს ყველაფერი ამუხრუჭებს მოძრაობას მომავლისკენ”.

ხელოვანი, რომელიც დღეს საზოგადოებაში გამოჩენისთანავე ნიღაბს (პირდაპირი გაგებით) ირგებს, განმარტავს, რომ მისი შემოქმედების საკუთარი სახელითა და გვარით გამოქვეყნება ქართულ საზოგადოებაში საშიში იყო.

ასევე  ფიქრობს, რომ ტრადიციები ადრე თუ განსჯისა და განვითარების საშუალებას წარმოადგენდა, დღეს ისინი უშინაარსო ფიტულებად იქცნენ, რომლის მიღმაც ახალი გამოწვევები, რეალური პრობლემებია ჩამალული –  24-საათიანი პერფორმანსი, რომელიც ხელოვანმა მაგიდაზე მდგომმა და ხელ-ფეხ შეხვეულმა გაატარა, სწორედ ამ მენტალური პრობლემებიდან გამოწვეულ გაუსაძლისს ტკივილს იმეორებდა.

აღსანიშნავია, რომ  “დამოუკიდებლობის მემორიალი” სულაც არ არის ანდროს პირველი და უკანასკნელი პერფორმანსი. წარსულში იყო ”უფრო სქელი კანი”, რომელიც ჰომოფობიის მსხვერპლ ადამიანებს ეძღვნებოდა; ”ლოტის ცოლის მზერა”, რომელიც საბჭოთა მენტალობის ნარჩენებზე აკეთებდა აქცენტს და სხვა.

მომავალში კი არტისტი საინტერესო წიგნზე მუშაობას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით,  შიშების გადალახვის კიდევ ერთი საშუალება იქნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.