fbpx

“ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო ინტერაქტიული თამაშები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლევან გელაშვილი



“ვეფხისტყაოსანი” ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. პოემის ზეპირად ცოდნის და კითხვის ტრადიცია, მზითვში გატანება, პოემის გაგრძელებათა გაგრძელებები, რომელიც ცალკე აღებული  ბევრად აღემატება პოემას.

“ხალხური ვეფხისტყაოსანი”, ავთანდილობა თუ შერმადინობა, გადამწერთა  ჩამატებები – ეს ყველაფერი ხალხის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში “ვეფხისტყაოსნის” ინტერაქტიულ-თამაშობრივ მონაწილეობას გამოხატავდა.

პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას  დახმარებისთვის ტექსტის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.

პოემის ტექსტს ვხვდებით არა მხოლოდ ხელნაწერებში, არამედ ვანის ქვაბის კედლებსა (“ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ვერ გადასწვდებიან”) და სხვა ძეგლებზეც, ასევე წიგნის არშიების მინაწერებზე. XIX საუკუნეში ერთი-ერთი მაღაზიის მეპატრონეს კანფეტები ისეთ ქაღალდში გაუხვევია, რომლებზეც რუსთველის აფორიზმები ყოფილა დაბეჭდილი.

“ვეფხისტყაოსნის” პირველი სამაგიდო თამაშებიც ამ პერიოდში გამოჩნდა. საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის დროს დაიბეჭდა.

1892 წელს 24 ივნისს გაზეთ ,,ივერიის’’ #131-ში გამოქვეყნებული იყო ვრცელი ინფორმაცია,  რომ ოზურგეთიდან მიუღიათ კ. თავართქილაძის მიერ დაბეჭდილი ლოტო, რომელიც ეფუძნებოდა პოემის აფორიზმებს. იქვე ახლდა ვრცელი განმარტება თამაშის წესების შესახებ. დასასრულს ავტორი ასკვნიდა, რომ ეს თამაში დაეხმარებოდა მკითხველს ,,ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირად შესწავლაში. ამ პერიოდში გავრცელებული იყო “ვეფხისტყაოსნის” და სხვა ლიტერატურული თამაშების შექმნა, რომელსაც ილია ჭავჭავაძეც ხელს უწყობდა.

ლიტერატურული დაფის თამაშები ინტერაქტიული მოვლენაა, სადაც ტექსტთან ერთად ფსევდოგრაფიკული დეკორაცია და მკითხველის მაქსიმალური ჩართულობა წამყვანი სათამაშო სტრატეგიაა.

1938 წელს გამომცემლობა ,,ტექნიკა და შრომამ’’ გამოსცა ალექსანდრე ინაშვილის მიერ შედგენილი რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის’’ და ასევე სხვა მწერლების ნაწარმოებების მიხედვით  შედგენილი ლოტო.

სათამაშო ლოტო  ე. წ. ქარდების (ბარათების), წიგნაკისა (თამაშის წესები) და მუყაოს ფირფიტებისგან შედგებოდა.

თითქმის ანალოგიურ პრინციპს ემყარებოდა 1986 წელს გამოცემული სახალისო ლოტო: ,,გონებანი გონიერსა’’ (გამომცემლობა “განათლება”, შემდგენელი შ. ხოდაშნელი). ეს თამაში ემყარებოდა 1951 წლის საიუბილეო გამოცემას (სარედაქციო კოლეგია: ა. ბარამიძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე). თამაშში ა გამოყენებული 110 აფორიზმი  24 “ქარდზეა” განლაგებული.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, დღეს თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნება.

სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგების და გათავისების  ძალიან კარგი საშუალებაა მთელ მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება.

ტექსტის შეცნობისათვის აუცილებელია მკითხველის იდენტიფიკაცია მის რომელიმე გმირთან ან მთლიანად ამბავთან. ამ მხრივ დაფის თამაშებს დიდი შესაძლებლობები გააჩნია. თამაშობ, ესე იგი მონაწილეობ ამბავში – მოგზაურობ ხელშესახებ სიტყვიერ გარემოში და აფორიზმებით იხსნება იმ სამყაროს  კარი, რომელშიც ორგანულ ნაწილად იგრძნობ თავს.

სამწუხაროდ, “ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაშები თანამედროვე სათამაშო სტანდარტების შესაბამისად არ განვითარდა და მხოლოდ ილიას დროინდელი ლოტოს დონეზე დარჩა როგორც პოლიგრაფიულად, ასევე სათამაშო ალგორითმის მხრივ.

2016 წელს დავამზადე პირველი ფერადი ილუსტრირებული სამაგიდო თამაში “ვეფხისტყაოსნის” თემაზე. ეს არის მარულას ტიპის თამაში, რომელიც აფორიზმების შესასწავლად ძალიან კარგი საშუალებაა.

2017 წელს სამი სხვადასხვა სახეობის ხის ეკოლოგიურად სუფთა “ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაში შევქმენი.  ამ თამაშებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, პოლიციის აკადემიაში, ასევე თბილისის და რეგიონების 50-ზე მეტ სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრში ჩემპიონატი ჩავატარე.

ამჟამად უკვე 30-მდე სხვადასხვა სახეობის სამაგიდო თამაში მაქვს გაკეთებული “ვეფხისტყაოსნის” თემაზე, ჩემპიონატს კი რამდენიმე ტურად ვატარებ ხოლმე. თამაშები ყველა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და თითოეულ თამაშს განსხვავებული პრინციპი აქვს.

ზოგიერთი თამაში თავსატეხია და ის მხოლოდ ერთ მოთამაშეს მოიცავს, ზოგი ფაზლია, ზოგი ფაზლი-ლოტო, ზოგი სტრატეგია ან მარულა, ასევე სხვა თამაშის პრინციპების გაერთიანება.

განსხვავდება მოთამაშეების რაოდენობაც – ერთდროულად მაქსიმუმ 9, 18 და 30 ადამიანს შეუძლია ითამაშოს.

ზოგიერთი თამაში მხოლოდ აფორიზმებს ეხება, ზოგი მთლიანად პოემის სიუჟეტში ამოგზაურებს მოთამაშეს, ზოგი თამაში კი პოემის რომელიმე ერთ თავს ეძღვნება ეს იქნება ტარიელის მიერ ლომ-ვეფხვის დახოცვა ან ავთანდილის მიერ პლანეტებისადმი მიმართვა.

თამაშები მოიცავს თამარ მეფის მონეტებს, რუსთველის მარკებს, პოემის დეტალურ რუკას და პერსონაჟთა მარშრუტებს, მე-17 საუკუნის უცნობი მხატვრის ილუსტრაციებს, ბექა და ბეშქენ ოპიზრების ორნამენტებს, ქვიშის საათს, ლუპას, გამოსაჭრელ ბარათებს, აფორიზმებს, შეკითხვებს პოემიდან, ხიფათის ბარათებს, მხედრებს, ქვეითებს და სხვა.

თამაში ინტერაქტიულია და ის წინასწარ განსაზღვრული დამოუკიდებლობის ფარგლებში მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებს მოთამაშეს, რომელსაც შეუძლია თამაშის საკუთარი ვარიანტი შექმნას. გამოჭრას და დაამატოს ბარათები ან მოაკლოს კონკრეტული ხიფათის მნიშვნელობები, თამაშიდან გამოთიშოს კამათელი, ციფრების გენერატორის სხვა ვერსია შექმნას თამაშის არსებული რესურსებით.

გარდა ამისა თამაშის რუკას მოჰყვება უჩინარი კალამი, რითაც მოთამაშეს შეუძლია დამატებითი ტაეპები ჩაამატოს ინტერაქტიულ რუკას, რომელიც კალმის სპეციალური განათების დროს გამოჩნდება.


რეკომენდებული სტატიები
საცნობელი - ქართული სამაგიდო თამაში ყველასთვის

საცნობელი - ქართული სამაგიდო თამაში ყველასთვის

საცნობელი - ქართული სამაგიდო თამაში ყველასთვის
“საცნობელი” ახალი შემეცნებით-გასართობი ქართული სამაგიდო თამაშია, რომლის მთავარი პრინციპიც ამ მრავალფეროვანი ნახატებით ასოციაციური აზროვნებაა
სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები
სპეციალისტები სტრესის ორ სახეს გამოყოფენ: ქრონიკულს და ყოველდღიურს. ქრონიკული სტრესის შემთხვევაში ადამიანს მუდმივად აწუხებს დაძაბულობის განცდა, რაც დროთა განმავლობაში საფრთხეს უქმნის იმუნურ სისტემას და ასუსტებს ორგანიზმის უნარს, გაუწიოს წინააღმდეგობა შფოთვებს და შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებები, ინსომნია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და სხვა გართულებები.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.