ქართული სამზარეულო საქართველოს გარეთ
საქართველოთი დაინტერესებული და ქართული კულინარიის მოყვარული ადამიანებისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს ქართული კვების ობიექტები, რომელთა პალიტრა დიდი და მრავალფეროვანია – დაწყებული პატარა კაფეებით, დამთავრებული დიდი რესტორნებით.
გთავაზობთ რამდენიმე ქართულ რესტორანს, რომელთაც შეგიძლიათ თავად ესტუმროთ ამა თუ იმ ქვეყანაში, ან თქვენს უცხოელ მეგობრებსა და ნაცნობებს ურჩიოთ, თუკი ხაჭაპური, ხინკალი, ჩურჩხელა და ნიგვზიანი ფხალეულობა მოენატრებათ.
პატარა საქართველო ლონდონში
“პატარა საქართველო“ლონდონში ორ მისამართზეა წარმოდგენილი ორი კვების ობიექტით – პატარა კაფეთი და დიდი რესტორნით. ორივე მისამართზე ტრადიციული ქართული კერძები და სასმელი, ქართული დიზაინის ელემენტები და ქართული ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრები დაგხვდებათ.
ოდა ჰაუსი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე
“ოდა ჰაუსი” ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა მაია აკვავივამ (Maia Acquaviva) გახსნა, რომელიც 2007 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს. ქართული რესტორნის გახსნამდე ის ნიუ-იორკის რუსულ რესტორანში მუშაობდა, ოდა კი მისთვის აღმოჩნდა გზა – აჩვენოს ქართული სამზარეულო თავის სტუმრებს.
სუფრა ვაშინგტონში
“სუფრა” ამერიკელი წყვილის რესტორანია, სადაც ქართულ კერძებს ქართველი შეფმზარეული, ყოფილი დიპლომატი მალხაზ მაისაშვილი ამზადებს.
სალხინო ბერლინში
“სალხინო” ქართული სამზარეულოს მოყვარულებს არა მხოლოდ რესტორნის სივრცეში გამოკვებას, არამედ სასურველი საკვების ადგილზე მიტანას და წვეულებების ორგანიზებასაც სთავაზობს.
შვილიკო კროიცბერგზე
“შვილიკო” კიდევ ერთი ქართული რესტორანია ბერლინში, რომელსაც ქართველ-გერმანელი მეპატრონეები ჰყავს. რესტორნის ერთ-ერთი მეპატრონე რუსუდან გორგილაძე არის ავტორი წიგნისა “კერძთაყვანისცემა – მოგზაურობა დროსა და სივრცეში” (Savoring Georgia – A Personal Journey Through Time and Taste). ეს წიგნი ავტორმა გერმანიაში ცხოვრებისას დაწერა და 2013 წელს გამოსცა. წიგნი არ წარმოადგენს ქართული რეცეპტების დეტალურ აღწერას და რჩევებს, როგორ მოვამზადოთ ესა თუ ის კერძი. ეს არის ფილოსოფიური ნარკვევი, რომელიც პოპულარული ენით გადმოგვცემს ქართული კულინარიის ისტორიას.
ხაჭაპური მადრიდში
არა მხოლოდ ხაჭაპურს, არამედ ხინკალს, მწვადს, სალათებს და ღვინოსაც შემოგთავაზებთ, თუმცა მისი მთავარი ღირსება ალბათ მაინც აჭარული ხაჭაპურია.
თუკი ჩვენს შერჩეულ რესტორნებსა და კაფეებს ესტუმრებით, გაითვალისწინეთ, რომ მათ საკმაოდ ბევრი ხალხი სტუმრობს და სჯობს ადგილები წინასწარ დაჯავშნოთ.