fbpx

HBO-ს “ჩერნობილის” მსახიობები და მათი რეალური პროტოტიპები


გააზიარე სტატია


ავტორი: Nina Gold – კასტინგის რეჟისორი სერიალებისთვის – Game of Thrones, The Crown, The King’s Speech, The Theory of Everything.

 

ჯარედ ჰარისი – ვალერი ლეგასოვი, მეცნიერი

 

ერთ-ერთი ფიზიკოსი, რომელიც ჩერნობილში კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოცხადდა.

ლეგასოვმა მოითხოვა ქალაქის ევაკუაცია, თუმცა უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა ოფიციალური პირები კიევში პირველი მაისის აღლუმის გაუქმებაში. მისი განცხადებით, პოლიტიკური წნეხის გამო იძულებული იყო დაემალა ფაქტები საბჭოთა კავშირის ბირთვული ცენზურის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ანგარიშში.

ლეგასოვის ჯანმრთელობა შეირყა და მისი კარიერა დაღმა დაეშვა. მან თვითმკვლელობა სცადა 1987 წელს. 1988-ში კი ის ჩამომხრჩვალი იპოვეს თავისსავე ბინაში. ეს მოხდა პოლიტბიუროს წინაშე მისი ანგარიშის წარდგენამდე ერთი დღით ადრე. მისი ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად განადგურდა სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ.

მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის  განცხადებით, სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულ ანდერძში ლეგასოვი კატასტროფას აღწერს, როგორც საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემის “გარდაუვალ აპოთეოზს”.

 

სტელან სკარსგარდი – ბორის შერბინი, ვიცე-პრემიერი

 

საბჭოთა პოლიტიკოსი, რომელიც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო 1984-დან 1989 წლამდე. ის 1990 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გასაჯაროებული არ არის.

 

პოლ რიტერი – ანატოლი დიატლოვი, ხელმძღვანელი

 

დიატლოვი ხელმძღვანელობდა მე-4 რეაქტორზე ჩატარებულ ტესტს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. 1987 წელს მას 10 წლით შრომა-გასწორების ბანაკში პატიმრობა მიუსაჯეს. ის ამნისტიით გათავისუფლდა და 1995 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

დიატლოვმა დაწერა წიგნი, სადაც ამბობდა, რომ განტევების ვაცი იყო და კატასტროფის მიზეზად რეაქტორის დიზაინში არსებულ დეფექტს ასახელებდა. მოგვიანებით ჩვენებებში გამოჩნდა, რომ დიატლოვი გათავისუფლებით ემუქრებოდა ჩერნობილის პერსონალს, თუ ისინი მის ბრძანებებს არ შეასრულებდნენ.

 

კონ ონილი – ვიქტორ ბრიუხანოვი, ატომური სადგურის დირექტორი

 

არასათანადოდ შეაფასა რადიაციის დონე და მოსკოვს მოახსენა, რომ რეაქტორი ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, რამაც ევაკუაციის დაგვიანება გამოიწვია. მას მიესაჯა 10-წლიანი პატიმრობა, მაგრამ ავადმყოფობის გამო მხოლოდ 5 წელი მოიხადა.

 

ადრიან როულინსი – ნიკოლაი ფომინი, მთავარი ინჟინერი

 

ფომინი პერსონალს აძალებდა რეაქტორში წყლის ჭავლის ჩაშვებას, რამაც ელექტროკაბელებში მოკლე ჩართვები გამოიწვია. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობაში ფომინს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.

 

 

ჩერნობილის სასამართლო:

სემ თროუგჰტონი – ალექსანდრე აკიმოვი, ღამის ცვლის უფროსი

 

აკიმოვი ეწინააღმდეგებოდა ატომურ სადგურზე ტესტის ჩატარებას, თუმცა დიატლოვი მას გათავისუფლებით დაემუქრა. აკიმოვი თავის ჯგუფთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ცდილობდა გახსნილ რეაქტორში წყლის ჩატუმბვას. ის ორი კვირის შემდეგ მძიმე რადიაციული დასხივებისგან გარდაიცვალა.

 

ადამ ნაგაიტისი – ვასილი იგნატენკო, ქ. პრიპრიატის მეხანძრე

 

იგნატენკო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კატასტროფის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად გამოცხადდა. ის ორ  კვირაში გარდაიცვალა.

 

ჯესი ბაქლი – ლიუდმილა იგნატენკო, ვასილის ცოლი

 

თავდაპირველად მას უთხრეს, რომ ვასილი გაზით იყო მოწამლული და არ ჩააყენეს საქმის კურსში  რადიაციით გამოწვეული საფრთხის შესახებ. ის უვლიდა ვასილისა და სხვა ცოცხლად ხრწნად მეხანძრეებს რადიაციული დამწვრობის განყოფილებაში, რადგან მედდები ერიდებოდნენ მათთან კონტაქტს.

 

 

“ვასილის ფეხსაცმელები ვერ ჩააცვეს, რადგან ფეხები დასიებული ჰქონდა. სხეულის საღი ნაწილი არ შერჩენოდა, რომ რამე ჩაეცმიათ.” – იხსენებს ის “ჩერნობილის ხმებში”. მათი ჩვილი –  ნატაშა ცეროზითა და  თანდაყოლილი გულის დაავადებით, დაბადებიდან 4 საათში გარდაიცვალა.

 

იგნატენკო მოსკოვის სასაფლაოზე ფეხშიშველი, ბეტონისა და ცინკის საფარის ქვეშ დამარხეს.

 

მაიკლ კოლგანი – მიხეილ შჩადოვი, ქვანახშირის წარმოების მინისტრი

 

შოუში შჩადოვი ნაჩვენებია როგორც ახალბედა. ნამდვილი მინისტრი კი გამოცდილი ადამიანი იყო და ქვანახშირის წარმოებაში, ციმბირში, 15 წლიდან მუშაობდა.

 

რალფ ინესონი – გენერალი ნიკოლაი ტარაკანოვი

 

ტარაკანოვი ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის ინსტრუქციას აძლევდა 3000-მდე “ლიკვიდატორს”, ვისაც რეაქტორის სახურავი უნდა გაეწმინდა. “შუაღამე ჩერნობილში” – ავტორის, ადამ ჰიგინბოთამის მიხედვით, ტარაკანოვს თან ჰქონდა საქაღალდე, სადაც სახელისა და წოდების დასახელებით  აღრიცხული ჰყავდა სახურავზე გაგზავნილი ადამიანები.

 

 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, 28 “ლიკვიდატორი” მძიმე რადიაციული დასხივებით გარდაიცვალა. ხოლო წმენდაში ჩართულ ადამიანებში, სავარაუდოდ, 4000 გარდაიცვალა განვითარებული სიმსივნის შედეგად.

 

ბიორობოტები რეალურ ცხოვრებაში. “ლიკვიდატორები” 90 წამში იღებდნენ დასხივების სასიცოცხლო დოზას, რის შემდეგაც ერთი წლით დასვენება შეეძლოთ.

 

დევიდ დენჩიკი – მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი

 

მომხდარზე გორბაჩოვის შენელებულმა რეაქციამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. დღეს, 88 წლის ასაკში, გორბაჩოვი ჯერაც აქტიურია რუსეთის პოლიტიკურ წრეებში. 1990 წელს მან ცივი ომის დასრულებისთვის ნობელის პრემია მიიღო.

 

ბეზპალოვის, ანანენკოსა და ბარანოვის მემორიალი

 

ვალერი ბეზპალოვი, ალექსი ანანენკო და ბორის ბარანოვი

“თვითმკვლელი ბრიგადის” წევრები, რომლებიც აფეთქებულ რეაქტორში წყლის გასაშვებად შევიდნენ.

 

 

ამბობდნენ, რომ ისინი მალევე გარდაიცვალნენ. თუმცა, ენდრიუ ლეთენბაროუს Chernobyl 01:23:40-ის მიხედვით, “თვითმკვლელებმა” დიდხანს იცოცხლეს. წყალმა ბევრად უფრო მეტი რადიაცია გაანეიტრალა, ვიდრე ფიქრობდნენ, რამაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა.

 

ორიგინალი: https://9gag.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.