ამერიკა-მექსიკის საზღვარი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების თვალით – გასული საუკუნიდან დღემდე


გააზიარე სტატია

 

მასშტაბური არალეგალური იმიგრაციისგან დასაცავად, აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აქტიური ხასიათი მიიღო და რამდენიმე ეტაპად წარიმართა.

1993 წელს, პირველ ეტაპზე, ღობე საზღვრისპირა ქალაქ ელ-პასოში გამოჩნდა, რასაც მომდევნო წლებში (1994, 1997, 2006, 2009) ახალი გამყოფი ბარიერების აღმართვა მოჰყვა კალიფორნიის, არიზონის და ტეხასის შტატების სხვადასხვა მონაკვეთებში. საზღვარზე ახალი, დამატებითი დამცავი ზოლების აგება მოქმედი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ტრამპის აზრით, კედელი  საჭიროა იმისათვის, რომ შენელდეს მექსიკიდან აშშ-სკენ არალეგალური ემიგრანტებისა და ნარკოტიკების ნაკადი.

სანამ კედლის მშენებლობის საკითხი საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე წყდება, გამყოფი ჯებირის ფენომენი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების კვლევისა და დაკვირვების საგანი ხდება. ბევრი მათგანი ამ თემაზე 1980 წლიდანაც კი მუშაობს, ინტერესდება საზღვარზე მიმდინარე პროცესებით და ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ყოფით.

 

თომას ვან ჰაუთრივე.  ბელგია

ბელგიელი ფოტოგრაფი 2013 წლიდან დრონებით აწარმოებს გადაღებებს. მექსიკა-აშშ-ის საზღვარი მისი ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც „წარმოსახვითი ხაზი“ ჰქვია.  ფოტოგრაფის თქმით, როცა კალიფორნიის ციდან საზღვარს ზემოდან დაჰყურებ, რჩება განცდა, რომ კედლის არსებობა თითქოს პირობითია და მზეზეა დამოკიდებული. თუ მზე ანათებს, კედლის შემჩნევა მხოლოდ მისი ჩრდილითაა შესაძლებელი, მოღრუბლულ ამინდში კი, საერთოდ ქრება ავტოსადგომებს, მაგისტრალებსა და მდინარეებს შორის.

 

 

თომას ვან ჰაუთრივემ სან-დიეგოს უკიდურეს დასავლეთ ნაწილში ვიდეოც გადაიღო სახელწოდებით „გაყოფილი“. ვიდეოში ასახულია ადგილი, სადაც ბარიერი ოკეანის სიღმეში შედის. „ოკეანის ტალღების მოძრაობა მედიტაციური და ულამაზესი სანახაობაა, თუმცა, როცა კედელს ეხეთქება, წყალი ორად იყოფა. ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ნაგებობა არღვევს ოკეანის სრულყოფილებას, ტალღების ბუნებრივ ჰარმონიას“, – წერს ფოტოგრაფი.

 

 

გრიზელდა სან მარტინი

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ესპანელმა ფოტოგრაფმა აშშ-სა და მექსიკის საზღვრის სან-დიეგოს  ის მონაკვეთი აღწერა, რომელსაც „მეგობრობის პარკს“ ეძახიან. ყოველ შაბათ-კვირას, გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი ახლობლები ერთმანეთს ხვდებიან და ერთმანეთს ლითონის კონსტრუქციის მიღმა ეკონტაქტებიან.

 

 

ფოტოგრაფის თქმით, „მეგობრობის პარკის“ ამერიკული ნაწილი მკაცრი რეჟიმის ციხეს ჰგავს, სადაც პერიოდულად სასაზღვრო პატრული ახდენს ზედამხედველობას. სან-დიეგოს მოსაზღვრე მექსიკურ ქალაქ ტიხუანაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა: მეტი მხიარულება იგრძნობა, ისმის მუსიკა, იყიდება ყვავილები, საკვები, ადამიანები პლაჟზე სეირნობენ, ხოლო ლითონის ღობე ფერადი ნახატებითაა სავსე. მიუხედავად ამისა, მექსიკელებისთვის „მეგობრობის პარკი“ სევდიანი ადგილია, რადგან ახლობლების მხოლოდ დანახვა შეუძლიათ და მოკლებულნი არიან საშუალებას, მათი ოჯახის წევრებს გადაეხვივნონ.

 

 

კენ ლაითი

ამერიკელი ფოტოგრაფი კენ ლაითი საზღვრის თემით გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაინტერესდა. მას უფლება მისცეს მესაზღვრეებს გაჰყოლოდა და პატრულირების პროცესი ტიხუანისა და სან-ისიდროს საზღვრის მონაკვეთზე გადაეღო. როგორც თავად იხსენებს, ერთხელ შეესწრო, თუ როგორ უმოწყალოდ სცემა მესაზღვრემ საზღვრის დამრღვევი, თავად კი ეს ფაქტი ვერ დააფიქსირა, რადგან იმწამსვე ჩამოართმევდნენ გადაღებების უფლებას.   

 

 

ვინაიდან მექსიკის მხრიდან საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევები ღამის საათებში ფიქსირდებოდა, კენ ლაითს მუშაობა ღამის 4-დან დილის 7 საათამდე სრულ სიბნელეში უწევდა, მის თვალწინ გათამაშებულ სცენებს კი წამიერად ხედავდა, როცა ფოტოაპარატის ხელოვნური განათების ღილაკს აჭერდა თითს. 1988 წელს საზღვარზე ნანახი ფოტოგრაფმა სერიად გამოსცა, რომელსაც „აღთქმული მიწა“ დაარქვა.

 

 

კირსტენ ლიუსი

ნიუიორკელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ტეხასის შტატის საზღვრისპირა ქალაქ მაკალენში 2014 წელს ჩავიდა. მან აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს განუცხადა, რომ გამოცემების – Bloomberg Businessweek-ისა და Time-ისთვის ამზადებდა მასალას, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯებოდა ადგილობრივი და ფედერალური ბიუჯეტი საზღვრის დაცვის მიმართულებით. შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, ფოტოგრაფი მესაზღვრეებთან ერთად ვერტმფრენით პატრულირებდა და ზემოდან აფიქსირებდა საზღვრის დაცვის ოპერაციებს.

 

 

„ვერტმფრენიდან კარგად გამოჩნდა, თუ როგორც ცდილობენ ცხენებით, კვადროციკლებითა და ძაღლებით იპოვონ საზღვრის დამრღვევები. ასევე ნათლად დავინახე, რომ ტეხასის თვალუწვდენელ, უკიდეგანო სივრცეებსა და უდაბნოში თითქმის შეუძლებელია ვინმეს აღმოჩენა. ამ აბსურდულ იდეაზე და  თითქმის შეუძლებელ მისიაზე კი კოლოსალური თანხები იხარჯება“, – წერს კირსტენ ლიუსი.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.