fbpx

ევროტურნირებიდან კოპა ამერიკამდე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საკლუბო ფეხბურთის სეზონის დასრულების შემდეგ, უეფამ სანაკრებო ფეხბურთს რამდენიმე სათამაშო დღე გამოუყო და მაყურებელმაც როგორც ევროპის 2020 წლის შესარჩევ, ასევე ერთა ლიგის ტურნირზე რამდენიმე მშვენიერი მატჩი იხილა.

სასიამოვნოა, რომ წამყვან ევროპულ ქვეყანათა გვერდით, საქართველოს ნაკრებიც წარმატებით ჩაერთო საფეხბურთო ფერხულში და შინ დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა გიბრალტარის ეროვნული გუნდი.

ამ მატჩში ვატო არველაძემ სადებიუტო სანაკრებო გოლი გაიტანა. ვუსურვოთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომ მომავალშიც მრავალჯერ ესახელებინოს თავი გულშემატკივრის წინაშე საქართველოს ნაკრების მაისურით!

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დიდებული მატჩი ჩაატარა თურქეთის ნაკრებმა, რომელმაც შინ ანგარიშით – 2:0 დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს ამ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი აკლდათ, ფრანგებს კი ამ მხრივ მინიმალური პრობლემები აღმოაჩნდათ.

მას შემდეგ, რაც თურქეთის ნაკრები 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ შენოლ გუნეშმა ჩაიბარა, გუნდმა უკვე მეხუთე თამაში მოიგო ზედიზედ, რაც ევროპულ ფეხბურთში ახალი ანგარიშგასაწევი ძალის გამოჩენის ნიშანია. სწორედ შენოლ გუნეშის ხელმძღვანელობით მოიპოვა თურქეთის ნაკრებმა მესამე ადგილი 2002 წელს კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე.

გაირკვა ერთა ლიგის „A” კატეგორიის გამარჯვებულის ვინაობაც. ტურნირის დასკვნით ფაზას პორტუგალიამ უმასპინძლა, რომელმაც ფინალში მინიმალური ანგარიშით – 1:0 სრულიად დამსახურებულად დაამარცხა ჰოლანდიის ნაკრები.  

2016 წლის ევროპის ჩემპიონის შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც შვეიცარიასთან დებიუტი სხვადასხვა სტილში გატანილი სამი შესანიშნავი გოლით აღნიშნა.

 

კრიშტიანუ რონალდუ შეუდარებელი იყო შვეიცარიასთან მატჩში

 

საოცარი სანახავი გამოდგა ჰოლანდიის და ინგლისის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა, რადგან ორივე გუნდმა ლაღი და შემტევი ფეხბურთი ითამაშა. გამარჯვებულის ვინაობა დამატებითმა დრომ გამოავლინა. ჰოლანდიელებმა შესაძლოა ფიზიკურად აჯობეს მეტოქეს, რომელსაც თავდაპირველად დაწინაურების შემდეგ თავი არცერთ კომპონენტში არ დაუზოგავს, უბრალოდ მეტოქესთან შედარებით მეტი შეცდომა დაუშვა და ამიტომ დაისაჯა კიდეც.

პორტუგალიის შემდეგ კი უკვე სულ მალე ბრაზილია უმასპინძლებს ტურნირს, რომლის მნიშვნელობაც შეუფასებელია, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კოპა ამერიკა ევროპის ჩემპიონატზე 44, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კი 14 წლით უფროსია.

მეტიც! სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი პირველად – მის ოფიციალურ დაარსებამდე 6 წლით ადრე – 1910 წელს ჩატარდა და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ არსებობდა, სადებიუტო ტურნირი ოფიციალურად არ ცნეს.

კოპა ამერიკა საკმაოდ განსხვავდება როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონატებისგან. ეს უპირველეს ყოვლისა მის არასტაბილურ რეგლამენტს ეხება, რადგანაც იყო პერიოდი, როდესაც იგი ყოველწლიურად ტარდებოდა და იყო პერიოდები 2, 3 ან 4-წლიანი პაუზით. 1993 წლიდან მოყოლებული, კონტინენტის 10 წარმომადგენელს 2 მოწვეული სტუმარი ემატება და ტურნირში  12 გუნდი მონაწილეობს.

ბოლო – 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტურნირი არგენტინაში 2016 წელს  ჩატარდა. გამონაკლისის სახით აქ 6 გუნდი მიიწვიეს კონკაკაფის ზონიდან და მონაწილე გუნდების რაოდენობამ 16-ს მიაღწია. მასპინძელთათვის ავადსახსენებელ ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა ისინი თერთმეტმეტრიანების სერიაში – 4:2 დაამარცხა.

 

კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების გამარჯვებული ჩილეს ნაკრები

 

საინტერესოა, რომ ერთი წლით ადრე, არგენტინა ფინალში ჩილესთან ასევე თერთმეტმეტრიანების სერიაში, ოღონდ – 1:4 დამარცხდა. არცერთი ამ შეხვედრის როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროში გოლი არ გასულა.

თუნდაც ამ ფაქტორიდან გამომდინარე, სრულიად აშკარაა ტურნირის განსაკუთრებული დაძაბულობა, რომლის ბოლო ორმა გათამაშებამ კოპა ამერიკას ახალი,  მერვე და თანაც ორგზის ჩემპიონი გაუჩინა…

აქამდე გამართულ 45 ტურნირში, სამხრეთ ამერიკის 10-დან 8 ქვეყანამ იზეიმა კონტინენტის ჩემპიონობა. ლიდერი ურუგვაის ნაკრებია, რომელიც კოპა ამერიკის 15-გზის გამარჯვებულია. შემდეგ მოდიან: არგენტინა (14), ბრაზილია (8), პარაგვაი (2), პერუ (2), ჩილე (2), კოლუმბია (1), ბოლივია (1).

როგორც ვხედავთ, სტატისტიკა საკმაოდ უცნაურია და სრულიად არ ასახავს მსოფლიო მასშტაბით ამა თუ იმ გუნდის ასპარეზობას და დაფიქსირებულ შედეგებს.

ამის ნათელი მაგალითი უპირველეს ყოვლისა ბრაზილიის ნაკრებია, რომელიც კოპა ამერიკის ასწლიანი არსებობის მანძილზე მხოლოდ 8-ჯერ იყო ტურნირის  გამარჯვებული, როდესაც ის ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონია!

ამგვარად, წლეულს სპეციალისტთა ყურადღება გაასმაგებული იქნება ბრაზილიის ნაკრების მიმართ, რადგან ტურნირს სწორედ ეს ქვეყანა მასპინძლობს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობა უძლიერესია, მაგრამ ასე არ იყო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც, სადაც პენტაკამპეონებმა კვლავ ვერ ივარგეს? ამჯერად რას შეიძლება აშკარა ფავორიტის რანგში მყოფი ბრაზილიის ნაკრებისგან გულშემატკივარი ელოდოს?

სამწუხაროდ, მოსალოდნელია ტურნირზე ამ გუნდის ფეხბურთელებზე ნადირობა, რადგან ვანდალიზმის სეზონი კოპა ამერიკაზე მიწვეულმა სტუმარმა – ყატარმა ჯერ კიდევ გათამაშების დაწყებამდე გახსნა, რომელმაც ამხანაგურ მატჩში ნეიმარი დაამტვრია და ამით არამარტო ბრაზილიის ნაკრებს, არამედ მთლიანობაში ტურნირს წაართვა ვარსკვლავი, რომლის თამაშის ხილვაც მესისთან ერთად უმთავრესი იქნებოდა ფეხბურთის მასობრივი გულშემატკივრისთვის.

ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკა ბოლოს 2007 წელს მოიგო. სწორედ მაშინ დადგინდა, რომ ტურნირი 4-წლიანი პაუზით უნდა ჩატარებულიყო. მათ იქამდე 2004-შიც იმარჯვეს, მაგრამ მას შემდეგ, როგორც ვხედავთ, ესტაფეტა სხვებს გადაეცათ – 2011-ში ურუგვაის, ხოლო 2015-სა და 2016-ში ზემოთ ხსენებულ ჩილეს.

ისტორიაში კარგადაა ცნობილი ბრაზილიაში ჩატარებული 1950 და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატები. განსაკუთრებით ურუგვაისთან „მარაკანაზე“ წაგებული ფინალის შედეგები იყო სავალალო, როდესაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თორემ 2014 წელს ჯერ გერმანიასთან 1:7 რბევამ, ხოლო შემდეგ კი ჰოლანდიასთან ყოვლად უთავმოყვარეო 0:3-მა უკვე გაევროპელებული ტორსიდის მხოლოდ აღშფოთება თუ გამოიწვია.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან კატასტროფული მარცხის შემდეგ, ბრაზილიელებს შარშანდელ მუნდიალზე შეეძლოთ გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტირება, მაგრამ ამის ნაცვლად პენტაკამპეონებმა ჯერ ჯგუფშიც არადამაჯერებლად იასპარეზეს, შემდეგ კი მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრებთან წააგეს.  

მოკლედ რომ ვთქვათ, ბრაზილიელთა თავკაცი ტიტე ვალდებულია, რომ წლევანდელი ტურნირი მოიგოს, რადგან აქ მას მარცხის უფლება  უკვე აღარ აქვს.

იგივე არგენტინის ნაკრებსა და მის მწვრთნელზეც ხომ არ ითქმის?  ბოლოს და ბოლოს მესიმ არ უნდა მოიგოს თავისი მეორე სანაკრებო ტიტული 2008 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ? არგენტინამ კოპა ამერიკა ბოლოს 1993 წელს მოიგო, 2004 წლიდან მოყოლებული კი ოთხივე ფინალი წააგო (ორი ბრაზილიასთან და ორიც ჩილესთან).  

არგენტინელთა გამარჯვების წინააღმდეგი, ბრაზილიელებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა ურუგვაის ნაკრები იქნება, რადგან სუარესს, გოდინს, ჰიმენესს და მათ ერთ მუშტად შეკრულ თანაგუნდელებს ნამდვილად არ სურთ, რომ 3,5-მილიონიან ურუგვაის, ტიტულებით 44-მილიონიანი არგენტინა გაუთანაბრდეს…

მაგრამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან დაკავშირებით სხვადასხვა ციფრებისა თუ სტატისტიკის მოყვანა შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო.

მაგალითად, ჩილემ ბოლო ორი ტურნირი ყველასთვის მოულოდნელად მოიგო და ამჯერადაც დადარაჯებულია წარმატებას. რატომაც არა? – როგორც ალექსის სანჩესმა, ისე ვიდალმა ევროპული სეზონი დროსტარებას დაუთმეს, შესანიშნავად დაისვენეს და მზად არიან, რომ საკუთარი სამშობლოსათვის ბოლომდე დაიხარჯონ. 2015-ში და 2016-ში მათ ეს უკვე გააკეთეს!

სტატისტის როლში არც კოლუმბიელები და არც ბოლო ხანს განვითარებადი პერუელები იქნებიან. ვანდალიზმი რომ ვახსენეთ, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნეიმარი კოლუმბიელმა სუნიგამ დაამტვრია…

 

წამიც და კოლუმბიელი სუნიგა ნეიმარს მსოფლიო ჩემპიონატს გამოასალმებს

 

სამწუხაროდ, კოლუმბიისგან ესტაფეტა კოპა ამერიკაზე მიწვეულმა ყატარმა გადაიღო. ამ ქვეყნის ნაკრებთან ერთად, ბრაზილიას იაპონიაც ეწვევა და ტურნირში მონაწილე 12 გუნდი სამ ჯგუფად დაიყოფა. მეოთხედფინალურ წყვილებს კი პირველ და მეორე ადგილებზე გასულ 6 გუნდთან ერთად 2 საუკეთესო მესამე ადგილოსანი შეადგენს.

ჯგუფებში გუნდების გადანაწილების მიხედვით, სავსებით შესაძლებელია, რომ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს უკვე მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ.

მაგრამ ამ და სხვა თემებზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. ტურნირი 14 ივნისს სან პაულუში ბრაზილიისა და ბოლივიის მატჩით გაიხსნება და 7 ივლისს რიო დე ჟანეიროში, „მარაკანაზე“ დასრულდება.

 


რეკომენდებული სტატიები
ფეხბურთი მხოლოდ ინგლისურად!

ფეხბურთი მხოლოდ ინგლისურად!

ფეხბურთი მხოლოდ ინგლისურად!
რა არის ინგლისელთა სარეკორდო საერთაშორისო წარმატების მიზეზი? ნუთუ ისე ამაღლდა თუნდაც შარშანდელთან შედარებით პრემიერლიგის სათამაშო დონე, რომ ამ ქვეყნის პირველობის გვერდზე რომელიმე სხვა ჩემპიონატის დაყენება უკვე შეუძლებელია?
დიდი ფინალების მოლოდინში

დიდი ფინალების მოლოდინში

დიდი ფინალების მოლოდინში
სულ რამდენიმე დღეც და გავიგებთ ევროპის ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საკლუბო ტურნირის გამარჯვებულების ვინაობას, და 2018/2019 წლის სეზონიც ისტორიის კუთვნილება გახდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.