fbpx

ბელგიური სტარტაპი, რომელიც მოქალაქეებს მთავრობის გაკონტროლებაში ეხმარება


გააზიარე სტატია



ავტორი: ტუდორ მიხაილესკუ

ეჭვგარეშეა, რომ ციფრულმა რევოლუციამ პოლიტიკაზე გავლენა იქონია. მაგრამ გააუმჯობესა თუ არა მან დემოკრატიის ხარისხი? ბოლო წლებში დიდი უფსკრული გაჩნდა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და პოლიტიკური და სამთავრობო პროცესების მუშაობის ტემპებს შორის. ინტერნეტმა ფუნდამენტურად შეცვალა სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების წესი, მაგრამ სამთავრობო ინსტიტუციების მუშაობაში ჩვენი მონაწილეობის, არჩევნებისა და საჯარო კონსულტაციების თვალსაზრისით, ინტერნეტამდელ პერიოდთან შედარებით ბევრი არაფერი შეცვლილა.

ევროპაში ბევრი საქმიანი ახალგაზრდა  მოქალაქეებსა და მთავრობებს შორის ურთიერთქმედების გასაუმჯობესებელ ინტერნეტ-საშუალებებზე მუშაობს. ამ თაობის წარმომადგენელია 30 წლის ალინ მულაერტი, ბრიუსელის სტარტაპის – Citizenlab-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანია, რომელიც 2015 წელს შეიქმნა, მოქალაქეების ჩართულობის პლატფორმებს ქმნის, რომლებსაც კანადისა და ევროპის 7 ქვეყნის 75 საჯარო დაწესებულებაში იყენებენ.

ალინის ხედვით, Citizenlab-ის მისიას ადგილობრივ დონეზე ტექნოლოგიასა და სამთავრობო მართვას შორის არსებული სიცარიელის შევსება წარმოადგენს. “ჩვენ ციფრულ ხანაში ვცხოვრობთ, მაგრამ მთავრობებთან კომუნიკაციისთვის მაინც ფურცელსა და ავტოკალამს  ვიყენებთ. მოქალაქეები მოითხოვენ მეტ გამჭვირვალობას და სურთ სიტყვა ეთქმოდეთ თავიანთი ქალაქების მართვის საკითხში”. თუმცა, “პატარა და საშუალო ქალაქებს არ აქვთ არც დრო და არც რესურსი საკუთარი ონლაინ ჩართულობის პლატფორმების განსავითარებლად”. Citizenlab სწორედ ასეთ ქალაქებს ემსახურება და ავითარებს “მზა და ხელმისაწვდომ საშუალებებს მოქალაქეებისგან ინიციატივების მისაღებად”.

ონლაინ პლატფორმებს ქალაქები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციებისა და სამოქალაქო გადაწყვეტილებებისთვის იყენებენ. მაგალითად, ბელგიის ქალაქ ჰასელტში Citizenlab-ის აპლიკაცია პარკის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მოქალაქეების რეკომენდაციების მისაღებად გამოიყენეს. კანადის ქალაქ ვანკუვერში პლატფორმის საშუალებით საჯაროდ განიხილეს, თუ როგორ უნდა გაეხადათ   ცარიელი სახლების გადასახადი ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტისთვის ინვესტიციებში.

მაგრამ როგორ ახარისხებს და ამუშავებს Citizenlab თავის მონაცემებს? ალინის განმარტებით, სტარტაპი იყენებს ე.წ. Natural Language Processing-ს, იმისთვის რომ “კონტენტი თემატური, გეოგრაფიული ან დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით დააჯგუფოს და ხელმისაწვდომი გახადოს მიღებული ინფორმაცია სამთავრობო ორგანიზაციების შიგნით”.

საინტერესოა, რომ Citizenlab ალინმა თავის თანადამფუძნებელ ვიტცესთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ წამოიწყო, როცა ისინი ბრიუსელის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. “სტუდენტობის პერიოდში პროტოტიპის შექმნამ საშუალება მოგვცა პირველი კლიენტები ისე გვეპოვა, რომ არ გვეგრძნო მყისიერად ფულის შოვნის წნეხი”, – იხსენებს ალინი. დღეს ალინი გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობს და სხვადასხვა ბაზრებზე ახალი მომხმარებლების მოზიდვის გეგმების შესრულებაზეა პასუხისმგებელი. “ნახევარ დროს გზაში, ქალაქების წარმომადგენლებთან შეხვედრებში ვხარჯავ. მეორე ნახევარი კი ოფისში, სამუშაო გუნდთან კოორდინირებისთვის მჭირდება”.

მაშინ, როცა სამოქალაქო ტექნოლოგიების კომპანიების უმეტესობას უჭირს მდგრადი ბიზნეს მოდელის მიგნება, Citizenlab-მა, როგორც ჩანს, სწორ მიდგომას მიაგნო. კომპანიის წარმატების საიდუმლოს ორი ასპექტი გააჩნია. პირველ რიგში, “გადავწყვიტეთ ფოკუსი ადგილობრივი მთავრობების ნიშაზე გაგვეკეთებინა”, –  ამბობს ალინი. ამან კომპანიას საშუალება მისცა თავისი ტექნოლოგიის განვითარებისთვის კონცენტრაცია კლიენტის ერთ კატეგორიაზე მოეხდინა. მეორე, Citizenlab ქალაქებს თავიანთ პლატფორმას წლიური სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ სთავაზობს. “ჩვენ გვინდა, რომ სამოქალაქო პლატფორმის გაშვებამდე ქალაქის მთავრობამ თავის თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღოს”, –  განმარტავს ალინი. შესაბამისად, როცა მუნიციპალიტეტი სამომავლო ფინანსურ ვალდებულებას იღებს, ის უფრო მოტივირებულია, რომ გამოიყენოს ეს ონლაინ პლატფორმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების მეტი ჩართულობისთვის.

სოციალური გავლენის მქონე სტარტაპის დამფუძნებელი და Forbes Europe under 30-ის ლაურეატი ალინი 24 წლისაა. ის მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საქმიანობა სამოქალაქო ტექნოლოგიების სფეროში სურთ. ალინი ინტერვიუს ციფრული დემოკრატიის პროექტებში მომუშავე ახალგაზრდა მეწარმეებისთვის მიცემული რჩევით ასრულებს: “იყავით თავდაჯერებულები და გამოიჩინეთ პირადი ინტერესი იმ ქალაქებისა თუ პოლიტიკოსებისადმი, ვისთანაც იმუშავებთ. ამგვარი ერთგულება და ნდობა მოგცემთ თქვენი ბიზნესის განვითარების საშუალებას.”

 

ორიგინალი: https://www.forbes.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.