Facebook საკუთარ ფულს გლობალურ ბრუნვაში 2020 წელს გაუშვებს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ენტონი ქურთბენსონი

 

ბიტკოინის შექმნიდან ათი წლისთავზე მსოფლიოს უდიდესი კომპანიები საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნისთვის გაერთიანდნენ, რომელმაც შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს აშშ დოლარს.

ახალი კრიპტოვალუტის – Libra-ს უკან 28 კომპანია დგას, მათ შორის  Paypal, Mastercard, Visa, Ebay, Uber და მას ფეისბუქი WhatsApp-ზე, მესენჯერში და სხვა აპლიკაციებში გაუშვებს, იმისთვის რომ მომხმარებელმა ფულის მიღება და გაგზავნა თავიანთი ტელეფონებიდან შეძლოს.

 

“ლიბრას” საანონსო ვიდეოში ნათქვამია: “ტექნოლოგიამ თითქმის ყველაფერი უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ფულის გარდა. 1.7 მილიარდი ადამიანისთვის დღეს საბანკო მომსახურება ხელმისაწვდომი არაა. ეს მსოფლიოს 31 პროცენტია. ხოლო მათთვის, ვისაც საბანკო მომსახურება აქვს, გადარიცხვები ძალიან ნელა და ძვირად ხორციელდება”.

ლიბრას შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ახალი კრიპტოვალუტა გადაჭრის ტრადიციული ვალუტების პრობლემებს, და ასევე თავს აარიდებს ისეთ ხარვეზებს, რომლებმაც ხელი შეუშალა პირველი კრიპტოვალუტების (ბიტკოინის) მასობრივ ათვისებას.

 

 

ფეისბუქის წარმომადგენლის, დევიდ მარკუსის სიტყვებით, ახალი კრიპტოვალუტის მისია იქნება “მარტივი გლობალური ვალუტისა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლითაც მილიარდობით ადამიანი ისარგებლებს”.

Future of Money-ს კვლევის მიხედვით, განვითარებადი ქვეყნების ბაზრები უფრო სწრაფად აითვისებენ “ლიბრას” მსგავს ვალუტას. “ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ ასეთ ბაზრებზე ადამიანები უფრო წინდახედული მხარჯველები არიან, რაც გულისხმობს, რომ ისინი უნდა გაერკვნენ ახალი ფულის უპირატესობებში. თუ კრიპტოვალუტა იძლევა ფასეულობის გაცვლის უფრო დაცულ და იაფ გზას, მას აუცილებლად გამოიყენებენ”.

ახალ კრიპტოვალუტაზე ლაპარაკი 2018 წელს დაიწყო, როდესაც “ფეისბუქმა” ბლოკჩეინის ჯგუფი შექმნა, ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობების გამოსაკვლევად.

 

“ფეისბუქის” 2 მილიარდი მომხმარებლის გათვალისწინებით, ბევრმა აღიარა ლიბრას პირველ მეინსტრიმ კრიპტოვალუტად გახდომის პოტენციალი, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომლებიც კითხვებს სვამს ამ ინიციატივის მოტივებთან დაკავშირებით.

Libra-ს გამოშვება “ფეისბუქისთვის” საკმაოდ რთულ პერიოდს ემთხვევა – მხოლოდ ერთი წელია გასული “კემბრიჯ ანალიტიკას” სკანდალიდან, რომელმაც გამოააშკარავა “ფეისბუქის” გავლით მილიონობით მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი. აქედან მოყოლებული ტექნოლოგიური გიგანტი ხშირად გახდა ჰაკერების სამიზნე, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა “ფეისბუქისა” და მისი აპლიკაციების სანდოობის ხარისხი.

ახალი კრიპტოვალუტის კრიტიკოსების რიგებშია ბლოკჩეინის ექსპერტი ფილ ჩენიც, რომელსაც ეკუთვნის HTC-ისთვის განხორციელებული პირველი კრიპტოვალუტაზე მიბმული სმარტფონის იდეა. მისტერ ჩენის სიტყვებით, “Libra-ს შექმნაში “ფეისბუქის” მონაწილეობა ბიტკოინის ანთითეზას ეწინააღმდეგება და წარმოადგენს მორიგ ნაბიჯს მონაცემებისა და მომხმარებლების ტოტალური კონტროლისკენ”.

 

 

“თუ გაღელვებთ ის ფაქტი, რომ “ფეისბუქმა” ძალიან ბევრი იცის, ან ის, რომ მას უსაზღვრო  წვდომა აქვს თქვენს პირად მონაცემებზე, გეტყვით, რომ გლობალური ვალუტა არის თვალთვალის ყველაზე აგრესიული და საშიში ფორმა, რაც კი აქამდე შექმნილა”.  – განუცხადა ჩენმა The Independent-ს.

“თუ ეს ვალუტა მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რომ Facebook იქნება მომავალი საუკუნის მსოფლიოს უდიდეს 10 კომპანიას შორის, რომლებიც სრულიად ფლობენ თავიანთ მომხმარებელსა და მათ მონაცემებს – მათი სოციალური პროფილით დაწყებული, ყველა გადარიცხვით დამთავრებული –  რომლებსაც “ფეისბუქი”, ასევე WhatsApp და Instagram თავისთვის დაიმახსოვრებს”.

 

ორიგინალი: https://www.independent.co.uk/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.