fbpx

როგორ დავძლიოთ გველების შიში


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: ნინო ჩლაიძე

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად ქვეწარმავლების სიმრავლე შეინიშნება ხოლმე. გამონაკლისი არც დედაქალაქი და მისი შემოგარენია. მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეწარმავლების, განსაკუთრებით კი გველების შიში აქვს. ადამიანები ცდილობენ გველები, ან ის ქვეწარმავლები, რომლებიც გველს ჰგვანან, მოსპონ.

ეს შიში მეტწილად ყოველგვარ საბაბს მოკლებულია და უფრო დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია, რომელსაც ხშირად, სრულიად დაუმსახურებლად, უწყინარი არსებები ეწირებიან.  

 

საქართველოში არ არის გველების მრავალი სახეობა და მათგან უმეტესობა სრულიად უსაფრთხოა.

გვესაუბრება არმენ სეროპიანი, ნატურალისტი, ველური ბუნების ფოტოგრაფი.

 

რა სახეობების გველები გვხვდება თბილისსა და მის შემოგარენში?

თბილისსა და მის შემოგარენში გველის შემდეგი სახეობები გვხვდება: დასავლეთის მახრჩობელა (Eryx jaculus),  გველბრუცა (Xerotyphlops vermicularis), წყნარი ეირენისი (Eirenis modestus), საყელოიანი ეირენისი (Eirenis collaris), ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata),  წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum),  ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe sauromates),  ნაირფერი მცურავი (Hemorrhois ravergieri), ამიერკავკასიური მცურავი (Zamenis hohenackeri),  სპილენძა (Coronella austriaca),  კატისთვალა გველი (Telescopus fallax), ამიერკავკასიური ცხვირრქოსანა გველგესლა (Vipera ammodytes),  გიურზა (Macrovipera lebetina).

ჩამოთვლილი სახეობებიდან  პირველ ოთხეულს რიგითი მოქალაქე დიდი ალბათობით არასოდეს შეხვდება და ამის მიზეზი მათი მიწისქვეშა ცხოვრების წესი გახლავთ.

 

გველბრუცა (Xerotyphlops vermicularis)
ფოტო: არმენ სეროპიანი  

 

წყნარი ეირენისი (Eirenis modestus)
ფოტო: არმენ სეროპიანი  

 

რამდენი შხამიანი სახეობა შეიძლება შეგვხვდეს და რომელი მათგანის შხამია რეალურად სიცოცხლისთვის საშიში?

მოყვანილი სახეობებიდან ადამიანისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს საქართველოს ყველაზე დიდი ზომის გველგესლა – გიურზა (Macrovipera lebetina) წარმოადგენს.

 

ფოტო: გიურზა / Georgian Biodiversity Database

 

ამიერკავკასიური ცხვირრქოსანა გველგესლას (Vipera ammodytes) შხამი ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ როგორც ყველგან, აქაც არსებობს გამონაკლისი, რომელიც თითოეული ადამიანის ამა თუ იმ სახეობის გველის შხამისადმი ალერგიულ რეაქციაში გამოიხატება.

 

ფოტო: ცხვირრქოსანა გველგესლა / Vipera Ammodytes

 

გარდა გველგესლებისა, შხამიან გველებს კატისთვალაც მიეკუთვნება, თუმცა მას შხამიანი კბილები გველგესლებისგან განსხვავებით ზედა ყბის უკანა ნაწილში აქვს განლაგებული, ამიტომ კბენისას შხამის შესაყვანად ადამიანის დაღეჭვა მოუწევს. არც შხამი გამოირჩევა სიძლიერით – იწვევს მოკლეხნიან ადგილობრივ შეშუპებას.

 

არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომელიც მათგან მომდინარეობს?

ბუნებით გველები “მორცხვი” ცხოველები არიან, ისინი მაქსიმალურად ერიდებიან ადამიანების ან რომელიმე სხვა პოტენციური მტრის თვალში მოხვედრას, ხოლო მოახლოებისას ან ჩასაფრდებიან, ან სადმე გასრიალებას და მიმალვას ცდილობენ.

 

წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti)
ფოტო: არმენ სეროპიანი

 

არის თუ არა შემთხვევები, როდესაც გველი ადამიანს თავს დასხმია?

ადამიანი ადგილობრივი გველების “რაციონში” არ შედის, შედეგად ყველა თავდასხმის ფაქტი (რომელთა რაოდენობა თითზეა ჩამოსათვლელი) უკავშირდება გველის მხრიდან  საკუთარი თავის დაცვას. ამიტომ, ნურავითარ შემთხვევაში ნუ ეცდებით გველის დაჭერას, ან მის მოსაკლავად გაწევას და ამის შედეგად პოტენციური თავდასხმის მანძილის შემცირებას. პირველ რიგში მსგავსი საქციელით თქვენ საკუთარ თავს აყენებთ საფრთხის წინაშე.  

 

როგორ განვასხვაოთ უსაფრთხო და შხამიანი გველი ერთმანეთისგან?

ადგილობრივი შხამიანი და უშხამო გველების გარჩევის ერთიანი მეთოდიკა არ არსებობს, თქვენ მათ უბრალოდ ან ცნობთ, ან არა, ამ უნარს კი პრაქტიკასთან ერთად შეიძენთ.

 

წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum)
ფოტო: არმენ სეროპიანი

 

როგორც პროფესიონალები სწორად აღნიშნავენ, გველგესლებს კისერთან შედარებით გამოკვეთილი თავი აქვთ, ვერტიკალური გუგა (რომელიც სინამდვილეში დაღამებისას ჩვეულებრივ ფართოვდება და მომრგვალო ფორმას იღებს) და ასევე მოკლე კუდი, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული კრიტერიუმებიც ძალზედ ინდივიდუალურად აღქმადია. ამიტომ,  რიგით მოქალაქეებს ვურჩევ – ნუ შეეცდებიან გველის დაჭერას.

 

წყლის ანკარა (Natrix tessellata)
ფოტო: ალისა სანაკოევი

 

როგორ მოვიქცეთ, თუკი გველის პირისპირ აღმოვჩნდებით?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ! გადადგით რამდენიმე ნაბიჯი უკან და მშვიდად აუარეთ მას გვერდი. გველი თქვენ არ გამოგეკიდებათ, რადგან თავად ამჯობინებს შეუმჩნევლად დარჩენას!

 

როგორ უნდა დავამუშაოთ ტერიტორია ისე, რომ გველმა ის მიატოვოს და  არაფერი დაუშავდეს?

გველი თავად ერიდება ადამიანთან სიახლოვეს და ერთი  მიზეზი, რის გამოც მან შეიძლება თქვენი ტერიტორია საცხოვრებლად აირჩიოს, ესაა პოტენციური საკვების არსებობა, ანუ მღრღნელები და ხვლიკები. შესაბამისად, იმისათვის რომ  მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გველთან შეხვედრა, საჭიროა ეზოს ხვლიკებისა და მღრღნელების შესაძლო სამალავებისგან გასუფთავება, ძირითადად ასეთია სამშენებლო მასალების ნარჩენები.

 

ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe sauromates)
ფოტო: ალისა სანაკოევი

 

შეწამვლის რა ხერხებია უფრო მეტად გავრცელებული და  ვნებს თუ არა ეს საშუალებები ეკოსისტემას, სხვა მღრღნელებს, ქვეწარმავლებს, ცხოველებს?

ეფექტიანობისთვის საწამლავმა არა გველის კანის ზედაპირზე, არამედ მის ორგანიზმში უნდა შეაღწიოს, რაც ეზოში რაიმე ნივთიერების მოსხურებით პრაქტიკულად გამორიცხულია.

გარდა ამისა, ნებისმიერი საწამლავი ვნებს ეკოსისტემას, რადგან მისი მოქმედება არაა მიმართული ვიწრო სპექტრის ცოცხალ არსებებზე, მისი გამოყენებით თქვენ პირველ რიგში საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს ვნებთ.

მაგალითისთვის ავიღოთ ლისის ტბის მიდამოებში არსებული უწყინარი გველებით გამოწვეული ყოველწლიურად აგორებული პანიკა, რის შედეგადაც იწამლება ტერიტორია, მაგრამ წლიდან წლამდე გველთა რაოდენობა არ მცირდება, სამაგიეროდ იწამლება ტბის წყალი, იწამლება მიდამო, სადაც დამსვენებლები ბავშვებთან ერთად  ისვენებენ.

ასე რომ, ტერიტორიის შეწამვლა გველებისგან არა მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა,  არამედ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაც.

 

თქვენი აზრით, რატომ ეშინიათ ადამიანებს განსაკუთრებით გველების და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები დაიმსხვრეს?

ჩემი გამოცდილებით, გველის შიში თანდაყოლილი სულაც არაა და პატარა ბავშვებს არ გააჩნიათ მანამდე, სანამ მას უფროსები არ ჩაუნერგავენ. რაც შეეხება სტერეოტიპების დამსხვრევას, საჭიროა ადამიანთა ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე – გველის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, ცრუ ინფორმაციის სწორით ჩანაცვლება და ბოლოს –  და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი – გველთან უშუალო კონტაქტი მცოდნე ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ.

ეს ყველაფერი სრულიად ცვლის ადამიანის გველის მიმართ დამოკიდებულებას, რაშიც არაერთხელ თავად დავრწმუნებულვარ ყოფილი “გველთმოშიში” ადამიანების მაგალითზე.


რეკომენდებული სტატიები
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან

რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან

რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან
რამდენად უცნაურადაც  უნდა მოგეჩვენოთ, ქართულენოვან “ფეისბუკში” თუთიყუშების, ზაზუნების, ზღარბების, თევზებისა და სხვა შინაური ცხოველების მოყვარულთა ჯგუფებიც კი არსებობს. თუ გყავთ შინაური ცხოველი ან მის ყიდვას აპირებთ, გირჩევთ აუცილებლად გაწევრიანდეთ ამ ჯგუფებში, სადაც უამრავ რჩევას და რეკომენდაციას მიიღებთ, როგორ გახდეთ თქვენი მეგობრის უკეთესი პატრონი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.