fbpx

სანამ აქციაზე შესვენებაა: 5 მიზეზი Tbilisi Open Air-ზე წასასვლელად


გააზიარე სტატია


 

ეს სტატია Tbilisi Open Air-ის შესახებ “გავრილოვის ღამემდე” დაიწერა, მაგრამ რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო მისი გაშვება ცოტა ხნით გადავდეთ. ახლა, სანამ ქალაქი ისვენებს, Lisi Wonderland-ში ახალგაზრდები იკრიბებიან და იქ მუსიკა დილამდე გაგრძელდება, AT.ge კი ამ ფესტივალისადმი მიძღვნილ სტატიას პირვანდელი ფორმით შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: რეზი ხუნწელია

“მუსიკა ათავისუფლებს!” – უკვე მეათე წელია, რაც  Tbilisi Open Air  ამ ლოზუნგით  ისტორიას წერს. ფესტივალი, რომელმაც უკანასკნელი წლების  განმავლობაში მსმენელის მუსიკალური გემოვნების განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების მეათე წელს აღნიშნავს, რისთვისაც ყველას  Lisi Wonderland-ში ეპატიჟება.

21, 22 და 23 ივნისს ფესტივალის 4 სხვადასხვა სცენა განსხვავებული მუსიკალური ჟღერადობის მქონე არტისტებით შეივსება, მსმენელი კი კვლავინდებურად ახალ ემოციებს და შთაბეჭდილებებს შეაგროვებს.

ამ უიქენდზე Lisi Wonderland ზუსტად ის ადგილია, სადაც ყოფნა ცალსახად რეკომენდებულია, მაგრამ სკეპტიკოსებისთვის რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა მაინც შეიძლება.

 

მუსიკალური შემადგენლობა / Line Up

უცნაურია, მაგრამ ფესტივალი, რომელიც სხვადასხვა დროს Placebo-ს, Deep Purple-ს, Archive-ს, DDT-ის, Tricky-ის, Air-ს, Sevdaliza-ს და უამრავ საინტერესო არტისტს მასპინძლობდა, ლაინ აპის გამო ხშირად გამხდარა კრიტიკის მსხვერპლი.

ეს ალბათ იმის გამოც ხდება, რომ Tbilisi Open Air-სგან ყოველთვის უფრო  ბევრს ელიან – მოლოდინის გამართლება კი ხშირად ძალიან რთულია. 3 დღე, 4 სცენა, 60-ზე მეტი არტისტი – წლევანდელი მუსიკალური შემადგენლობა ძალიან საინტერესოა.

ერთი მხრივ, ვხედავთ არტისტებს, რომელთან ერთადაც ფესტივალის ისტორია დაიწერა, მეორე მხრივ კი გამოჩნდა  უამრავი ახალი სახე და თანამედროვე მუსიკალური სივრცის აქტუალური არტისტი.

Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhey, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics  – ალტერნატიული როკ-მუსიკით დაწყებული და ფსიქოდელიური ტრანსით დამთავრებული, Lisi Wonderland-ზე ყველაფრის მოსმენას შეძლებთ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ არტისტების სახელები არაფერს გეუბნებათ, მაშინ მით უმეტეს უნდა წახვიდეთ – დიდი აღმოჩენების შანსი გაქვთ.

 

Eye Stage + Garden Stage

მიზეზი, რის გამოც ეს სცენები ცალკე გამოყოფას იმსახურებს, მხოლოდ ლაინ აპი არ არის. რასაკვირველია, David August, Maayan Nidam, 1200 Mics, Freedom Fighters, Moritz Von Oswald და ბევრი სხვა არტისტი, რომელსაც ზემოთ ხსენებული სივრცეები მასპინძლობენ, საკმაოდ მნიშვნელოვანი სახელებია,   მაგრამ მთავარი ისაა, რომ Eye Stage და Garden Stage ამ ფესტივალს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ.

მაშინ როცა მთავარი სცენა დუმდება, ლისი ვონდერლენდს მუსიკალური ვაკუუმისგან სწორედ ეს სცენები იცავენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკალური გამოცდილების მიღება ხშირად ღამის გართობასთანაც ასოცირდება,  დაგვეთანხმებით, Eye Stage-ისა და Garden Stage-ის მნიშვნელობა უნდა დავაფასოთ.

 

ადგილმდებარეობა

Lisi Wonderland უკვე დიდი ხანია ფესტივალის სახლად იქცა. ქალაქის ცენტრისგან მოშორებული სივრცე ზაფხულის სიცხისგან გაქცევის კარგი ალტერნატივაა. საფესტივალო ინფრასტრუქტურა ლისი ვონდერლენდს დასვენების და განტვირთვისთვის იდეალურ სივრცედ აქცევს, სადაც სიმწვანეში სეირნობა, საჭმელების დაგემოვნება, ჰამაკში დასვენება ან უბრალოდ სოციალიზაციაა შესაძლებელი.

ასევე 10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, რაც ამ სივრცეს ოჯახური დასვენებისთვისაც საინტერესოს ხდის. თუ ამ ყველაფერს მუსიკასაც დავუმატებთ, სხვა რა მიზეზია კიდევ საჭირო?

 

ქართველი არტისტები

ვერც ერთ ქართულ ფესტივალზე ვერ ნახავთ ადგილობრივი სცენის იმდენ წარმომადგენელს, რამდენსაც Tbilisi Open Air-ზე. დიჯეებით და ლაივ არტისტებით დაწყებული, სრულფასოვანი ბენდებით დამთავრებული – ფესტივალის სცენა ყველას ეთმობა.

ეს ძალიან კარგია შანსია საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ ჩვენი მუსიკალური სცენა და გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტები, რომელიც შეიძლება ამ სცენის მომავალს განსაზღვრავდნენ.

Moku Moku, Loudspeakers, Dini Virsaladze Quintet, Salio, Lekso Ratiani, Bacho Jickidze & Band, “მწვანე ოთახი” და კიდევ უამრავი სხვა არტისტი დღევანდელ ქართულ მუსიკალურ ამინდს ქმნიან – Tbilisi Open Air  კი მათ ერთ სივრცეში უყრის თავს, რაც უპრეცედენტოდ კარგი შანსია – მოვუსმინოთ თანამედროვე „მშობლიურ“ მუსიკას.

 

თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი

ბოლო, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო მიზეზი, რის გამოც ფესტივალს უნდა ვესტუმროთ, მისი მხარდაჭერაა. ან უბრალოდ იუბილეს აღნიშვნა.

ქართული მუსიკალური სცენის ფრაგმენტულობა ხშირად იმაშიც აისახება, რომ მუსიკალური პროექტები დიდხანს ვერ ძლებენ და იშლებიან.  Tbilisi Open Air  ის გამონაკლისია, რომელიც უამრავი კრიზისის მიუხედავად ცდილობს, მუსიკოსებმა თანასწორობის და მრავალფეროვნების იდეა იზეიმონ,  მსმენელი კი ამ ზეიმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩათვალეთ, რომ დაბადების დღეზე დაგპატიჟეს და თქვენ კი არ მიდიხართ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.