fbpx

ფეისბუქზე მკვდრების პროფილები ცოცხლებისას გადააჭარბებს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რეიჩელ გრინსპენი

 

გარკვეული დროის შემდეგ  ფეისბუკზე მკვდრების პროფილები ცოცხლებისას გადააჭარბებს, – ამის შესახებ წერენ ერთ-ერთი ინტერნეტ-კვლევის ავტორები, რომლებიც ჩვენი კოლექტიური ისტორიის ბედზე დაფიქრებისკენ მოგვიწოდებენ.

ეს მომენტი დაახლოებით 50 წელიწადში დადგება, თუმცა შეიძლება ამას ოდნავ უფრო მეტი დროც დასჭირდეს, – ვარაუდობენ ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის კვლევაში, რომელიც ჟურნალ Big Data & Society-ში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორებმა – კარლ ოჰმანმა და დევიდ უოტსონმა ისეთი მონაცემების კომბინაცია გამოიყენეს, როგორებიცაა ნავარაუდევი სიკვდილიანობის დონე და ასევე მოსახლეობის ზრდის პროგნოზები გაეროს მიხედვით, ასევე ფეისბუკის ზრდის დინამიკის მაჩვენებლები.

ავტორები აღიარებენ, რომ ამას შეიძლება 50 წელიწადზე მეტიც დასჭირდეს – აღნიშნულ გათვლებში ნავარაუდევია, რომ ფეისბუკის მომხმარებელთა ზრდა 2018 წელს შეჩერდებოდა, თუმცა ფეისბუკი ზრდას მაინც განაგრძობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, “ეს მაინც მოხდება 22-ე საუკუნის პირველ ათწლეულებში,” – ამბობენ ისინი.

 

ოჰმანი და უოტსონი იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა საფუძვლად დაედება სათანადო კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც დაარეგულირებს, თუ რა მოუვა იმას, რაც ჩვენი სიკვდილის შემდეგ ონლაინ  ინტერნეტში დარჩება.

“პირადი ციფრული მონაცემები, რასაც  გარდაცვლილი ადამიანები ტოვებენ, საერთოდ ციფრული კულტურული დანატოვარის ნაწილი ხდება,” – ამბობენ კვლევის ავტორები, “რაც უმნიშვნელოვანესი მასალაა არა მხოლოდ მომავალი ისტორიკოსებისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც, მათი აღწერისა და თვითგამორკვევისთვის”.

ამ ეტაპზე ფეისბუკს გაწერილი აქვს გარკვეული პროცედურები მომხმარებლის გარდაცვალების შემთხვევისთვის. იმის შემდეგ, რაც ფეისბუკი მეგობრის ან ოჯახის წევრისგან  შეიტყობს  მომხმარებლის გარდაცვალების შესახებ, მისი პროფილი სპეციალურ მემორიალურ  გვერდად გადაკეთდება. ფეისბუკის წარმომადგენლების განცხადებით, დღესდღეობით კომპანიას უკვე აქვს  ასიათასობით სამახსოვრო პროფილი. “ფეისბუკისა და მასთან დაკავშირებული აპლიკაციებისა და სერვისების ზრდის პირობებში, ჩვენ ყოველთვის გულმოდგინედ ვცდილობთ, დავეხმაროთ  ადამიანებს გაუმკლავდნენ თავიანთ დანაკარგებს,”  – განაცხადეს ფეისბუკში.

ანდერძის ანალოგიურად, ფეისბუკის მომხმარებელს შეუძლია წინასწარ დაგეგმოს, თუ ვის გადაეცემა მისი ფეიჯის მართვა სიკვდილის შემთხვევაში. თუმცა, ეს არ ეხება 18 წლამდე მომხმარებლებს. შესაბამისად, იმ მშობლებს, რომლებმაც თავიანთი შვილი სრულწლოვანებამდე დაკარგეს, შეუძლიათ მიმართონ კომპანიას თავიანთი შვილის ექაუნთის მათთვის გადმოსაცემად.

იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ გაუგებრობები და ამ ფუნქციების ბოროტად გამოყენება, მაგალითად, ცოცხალი ადამიანის მკვდრად გამოცხადება, ფეისბუკის პროფილის მემორიალიზების პროცესისთვის კომპანია გარკვეულ დოკუმენტაციას ითხოვს – ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული სამძიმრის ასლი ან გარდაცვალების ცნობა, რომელსაც ფეისბუკის გუნდი განიხილავს  შესაბამისი პროცედურების მიხედვით.

ოჰმანი და უოტსონი შეშფოთებას გამოხატავენ ინდივიდუალური ციფრული ისტორიის მიღმა არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. მათ კვლევას ხსნის ციტატა ჯორჯ ორუელის “1984”-დან, რომელიც ანტიუტოპიურ მომავალს ეძღვნება: “ჩვენ, პარტია, ვაკონტროლებთ ყველა ჩანაწერს და ვაკონტროლებთ მეხსიერებასაც. შესაბამისად, ჩვენ ვაკონტროლებთ წარსულსაც, ასე არ არის?”

უოტსონის აზრით, ორუელის “1984” მოცემული კვლევისთვის მშვენიერი მაგალითია, გამომდინარე იქიდან, რომ ინდივიდუალური ისტორიების ერთობა უფრო მნიშვნელოვან – საზოგადოებრივ ისტორიას ქმნის. ოუტსონმა ჟურნალ TIME-ს იმეილით უპასუხა: “წარსულზე კონტროლი კი პატარა საქმე არაა. და მოცემულობა, როცა ამხელა ძალაუფლებას ერთი ფირმა ან კომპანიების მცირე ჯგუფი აკონტროლებს, ისეთივე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორსაც ისტორიის ბედის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის გადაცემა.”

ორიგინალი: https://time.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.