კოპა ამერიკა ეშხში შედის
ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მოვლენები უაღრესად საინტერესოდ რომ ვითარდება, ამაზე შესანიშნავად მეტყველებს ჯგუფური ეტაპის მატჩების სანახაობრივი მხარე, რადგან მაყურებელმა სახიფათო მომენტებით და ლამაზი გოლებით აღსავსე არაერთი დიდებული შეხვედრა იხილა.
სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი ოდითგანვე ეგზოტიკურობით გამოირჩევა, თუმცა კოპა ამერიკა იძულებულია იმ სიახლეებსაც შეეგუოს, რაც ამ კონტინენტის უძლიერესი ფეხბურთელების გაევროპელების შედეგია და აქედან გამომდინარე ცვლის წამყვანი გუნდების მენტალიტეტსა და სათამაშო ხელწერას.
მოდით, მენტალიტეტზე შევჩერდეთ და ამისთვის ყურადღება კოპა ამერიკის ბოლო ორგზის გამარჯვებულ ჩილეს ნაკრებზე გავამახვილოთ, რადგან ამ გუნდის ორი გამორჩეული ლიდერის წლევანდელი ასპარეზობა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის განსაკუთრებით მოსიყვარულე ფეხბურთელისთვის ნაკრები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება კლუბთან შედარებით, ამ უკანასკნელში გაცილებით დიდი ხელფასის მიუხედავად.
ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მაგრამ პრემიერლიგის მთელი გასული სეზონის მანძილზე მას იმდენი არ ურბენია, რაც იაპონიისა და ეკვადორის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრებში, რომლებშიც თითო-თითო გოლი გაიტანა.
სანჩესი და ვიდალი ეკვადორის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავენ
თუკი სანჩესმა თითქმის მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ფეხბურთელის კვალობაზე საკმაოდ მოსუქდა და სპორტულ ფორმაში ვერც ჟოზე მოურინიოს შემცვლელმა სულშერმა მოიყვანა, არტურო ვიდალი „ბარსელონას“ შემადგენლობაში საკმაოდ ხშირად და თანაც მნიშვნელოვან მატჩებში ჩნდებოდა ხოლმე მოედანზე. თუმცა, მისთვის დამახასიათებელი საბრძოლო შემართებით დიდად არ გამოირჩეოდა.
„ბარსელონამ“ შეძლებისდაგვარად მშვიდად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სენსაციურად გამოვარდა „ლივერპულთან“. ტელეეკრანებზე ვიდალი ხშირად აკვირვებდა მაყურებელს პროფესიონალისთვის შეუფერებელი უცნაური ქცევებით, მუდმივი ჟესტიკულაციებით, უადგილო უხეშობითა და თანმდევი ღიმილით, რაც მას ერთგვარ კომედიანტადაც კი აქცევდა უმნიშვნელოვანეს შეხედრებშიც.
კოპა ამერიკაზე კი ვიდალი ისეთივე ბრაზიანი და უდრეკი ფეხბურთელია, როგორიც მას მაყურებელს წლების წინ ახსოვს, მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში, როდესაც მას ასაკიც ხელს უწყობდა ბუნდესლიგასთან ერთად კოპა ამერიკის მოსაგებად.
დღესდღეობით კი აშკარაა, რომ ფეხბურთელისთვის „ბარსელონაში“ აღებული მილიონები არაფერია საკუთარი ქვეყნის ნაკრების მაისურით ზედიზედ მესამედ კოპა ამერიკის მოგების სურვილთან შედარებით.
მართლაც რომ მისაბაძი უნდა იყოს სანჩესის და ვიდალის მაგალითი ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელებისთვის, რადგან სამომავლოდ სწორედ ასეთი საქციელი თუ შეინარჩუნებს მაღალ დონეზე სანაკრებო ფეხბურთს, რომელიც თუნდაც ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, სულ უფრო ნაკლებად პრიორიტეტული ხდება საკლუბო ფეხბურთთან შედარებით.
თუმცა, კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონისა და მისი წამყვანი ფეხბურთელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მიმდინარე ტურნირის მთავარი ფავორიტი – მასპინძელი ბრაზილიის ნაკრებია.
„სალესაოს“ გულშემატკივართა გასახარად, მათმა სათაყვანებელმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი, წინა ორისგან განსხვავებით, უმაღლეს დონეზე ჩაატარა და პერუს ნაკრები დიდი ანგარიშით – 5:0 გაანადგურა.
ბრაზილიური „ტორსიდისთვის“ განსაკუთრებით სასიამოვნო უნდა იყოს, რომ ამ მატჩში გამორჩეული ფიგურა ჯერ კიდევ სამშობლოში, კერძოდ, „გრემიოში“ მოასპარეზე ევერტონი აღმოჩნდა.
ასე ულოცავენ ევერტონს თანაგუნდელები პერუს ნაკრებში გატანილ გოლს
სწორედ მის ემოციურ მუხტს აჰყვა „სალესაოს“ ევროპაში მოასპარეზე მთელი თანავარსკვლავედი და გულშემატკივარიც ჭეშმარიტად ბრაზილიური – ლაღი ფეხბურთით დაასაჩუქრა. ტიტემ ფირმინო და გაბრიელ ჟეზუსის ტანდემის დაყენებით კი თითქოს მომავალ მეტოქეებს აუწყა – გვიფრთხილდით, შავ დღეს დაგაყრითო.
ბრაზილიელთა ასეთი შინაარსის გზავნილის გამოხატულება პერუელთა კარში გატანილი პირველი გოლი იყო, რომელიც კაზემირომ ლამის მთელი ბრაზილიის ნაკრების სახელით „შეტენა“ მეტოქის კარის ბადეში.
ტიტემ მატჩის მიწურულს ცვლილებაც გამოიცნო, რადგან საბოლოო წერტილი ულამაზესი შორეული დარტყმით შეხვედრის უკანასკნელ წუთზე სწორედ რომ შეცვლაზე შემოსულმა ვილიანმა დასვა. ამის შემდეგ კი იყო გაბრიელ ჟეზუსის თერთმეტმეტრიანი და პასუხად პერუელთა გოლკიპერ გალესის ფანტასტიკური ნახტომი.
ვინ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ბრაზილიის ნაკრებს მიმდინარე კოპა ამერიკაზე? ჩილეს გარდა, ერთ-ერთი კანდიდატი კოლუმბიის ნაკრებია. მაყურებელს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში, გერმანიის ნაკრებთან განადგურებამდე, მერვედფინალში ბრაზილიამ ჩილე თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში კი კოლუმბიას მართალია, 2:1 ძირითად დროში მოუგო, თუმცა იმ ავადსახსენებელ მატჩში სუნიგამ ნეიმარი დაამტვრია…
კოლუმბიის სიძლიერეზე ამ ნაკრების შესანიშნავი ასპარეზობა მეტყველებს ჯგუფურ ეტაპზე. გუნდმა სამივე თამაში მოიგო და ბრაზილიის ნაკრების მსგავსად, ჯერჯერობით ერთადერთია, ვისაც საკუთარი კარი მშრალად აქვს შენახული.
ნიშანდობლივია, რომ კოლუმბიამ ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარა ბოლო შეხვედრა პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც სულ მცირე, ფრე სჭირდებოდა ჯგუფიდან გასასვლელად.
B ჯგუფის გამარჯვებულს წაგების შემთხვევაშიც კი განაღდებული ჰქონდა პირველი ადგილი, მაგრამ მას არც სპორტული ფაირ პლეისთვის, არც საკუთარი გულშემატკივრისთვის უღალატია და არგენტინის ნაკრების დიდი სიძულვილის მიუხედავად, მან პარაგვაის ნაკრები გაწირა და კიდევ ერთხელ გაახსენა ამ უკანასკნელს „ალბისელესტეს“ წინააღმდეგ მატჩის მიწურულს გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი…
რა შეიძლება ითქვას კოპა ამერიკის ბოლო ორი გათამაშების ფინალისტის შესახებ? ყატარის ნაკრების წინააღმდეგ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი კი ჩაატარეს, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს მაქსიმუმი სამომავლოდ?
როგორც იქნა, არგენტინის ნაკრებმა საკუთარი კარი მშრალად შეინახა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდს დაცვაში ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. კვლავაც თავი იჩინა უამრავმა შეცდომამ, შეუთამაშებლობამ და რაც მთავარია გუნდის წამყვან მოთამაშეთაგან ალექსის სანჩესისა თუ არტურო ვიდალისგან სრულიად განსხვავებულმა მენტალიტეტმა, რადგან, მაგალითად, სერხიო აგუეროს თამაში გაცილებით დამაჯერებელია „მანჩესტერ სიტიში“, ვიდრე არგენტინის ნაკრებში.
მეოთხედფინალში არგენტინელთა მეტოქე კერკეტი კაკალი – ვენესუელას ნაკრები იქნება. აღსანიშნავია, რომ „ალბისელესტეს“ მან უკანასკნელი შეხვედრა ანგარიშით – 3:1 მოუგო და თანაც გუნდს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს გამოცხადებული.
ვენესუელას კარის აღება ოფიციალურად მიმდინარე კოპა ამერიკაზე მხოლოდ ბოლივიამ შეძლო, თორემ ბრაზილიის და პერუს ნაკრებებს ვიდეო რეფერის გადაწყვეტილების შედეგად მის კარში ჯამში 5(!) გოლი გაუუქმეს.
ამგვარად, იღბალი ვენესუელას მხარესაა, თუმცა მისი დამარცხების შემთხვევაში, არგენტინელთა სავარაუდო მეტოქე ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრები იქნება, რადგან წესით, კონტინენტის 8 გზის გამარჯვებულმა უნდა შეძლოს მეოთხედფინალის ბარიერის დაძლევა.
ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი
მიმდინარე კოპა ამერიკის კიდევ ერთი ფავორიტი, რომელსაც ჯერ საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, ურუგვაის ნაკრებია. ოსკარ ტაბარესი დიდად შეფიქრიანებული ჩანდა იაპონიის ახალგაზრდულ გუნდთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, თუმცა სამხრეთ ამერიკის თასის 15 გზის ტრიუმფატორს თამაშის განვითარების პერსპექტივა რომ გააჩნია, ეკვადორთან 4:0 მოგებულმა მატჩმაც დაგვანახა.