საქართველო, შემჭიდროვებული რუსთაველის გამზირზე

ავტორი: ალექს ჩიღვინაძე
ზვიად რატიანის ბოლო ლექსები ხომ არ წაგიკითხავთ ‘არილში’?
“ვერც ვიქართველე, ვერც ვიკაცე, ვერც ვიპოეტე,
და ვერც სიკვდილი მოვასწარი. როგორც სიმს – ხემი,
გაწყვეტამდე წამით ადრე, უეცრად დამწვდა
ჩემზე ბოლოჯერ ჩაქნეული მზრუნველი ხელი…”
ამ დღეებში კი ბევრჯერ ახსენეს ზვიად რატიანი, მაგრამ რა შეემთხვა ზვიად რატიანს? რამდენიმე პოლიციელმა ის გამეტებით სცემა და მას დაზარალებულის სტატუსიც კი არ მისცეს, არაფერს ვამბობ ძალის გადამეტებისთვის თუნდაც ერთი პოლიციელის დასჯაზე.
მერე ხშირად ხვდებოდნენ ეს პოლიციელები, თავს ესხმოდა აგრესიულად განწყობილი ხალხი, იმიტომ რომ მას ასევე მზრუნველმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუვრცელა ვიდეო, სადაც მთვრალი და არეული, უკვე ნაცემი და დაბნეული რატიანი მოძალადე პოლიციელებს შორის იგინება. მინისტრი პირადად იყო ამ საქმეში ჩარეული. რატიანი საქართველოში ვეღარ დარჩა.
სწორედ ის “მზრუნველი” ხელი დატრიალდა 21 ივნისს, რაზეც ზვიადი წერს და დატრიალდა იმიტომ რომ რატიანის ამბავი გაუვიდათ და შერჩათ, იმიტომ რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილი შერჩათ.
და ის რაც მოხდა 21 ივნისის ღამეს, მხოლოდ გვირგვინია იმისა, რაშიც ჩვენც ვცხოვრობთ. სინამდვილეში ადამიანები გარეთ მხოლოდ გახარიას გადადგომისთვის არ გამოდიან და ვინც ცდილობს ამ პროცესებში ისევ პარაზიტებს — ნაციონალების და ოცნების უწესო ორთაბრძოლა გამოარჩიოს, უბრალოდ ნაძირალაა და ისევ აღრმავებს, ისედაც უზარმაზარ უფსკრულს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია გაჩენილი.
გახსოვთ ბიჭუნა ჯართის ძებნისას რომ იმარხება მიწაში? შიმშილით მკვდარი ჩვილი? ან მუშები, ყოველკვირეულად გამოწერილივით რომ ცვივიან კორპუსებიდან? რით ჩამოუვარდება ეს ყველაფერი თვალში დამიზნებულ ტყვიას? სპეცნაზელებივით არ დგანან ეს ჩალიჩით აშენებული კოპრუსებიც, თბილისის ვიწრო და ოდესღაც ლამაზ ქუჩებზე, რა სპეცნაზელებივით არ გვავიწროვებენ და არ გვხუთავენ? ან ეს ჰაერი რით ჩამოუვარდება აქციაზე გაშვებულ ცრემლსადენ გაზს? ან რეზინის ტყვიას რით ჯობს ტყვიის დონე სისხლში?
თუმცა მიუხედავად ჩვენი ულმობელი ყოველდღიურობისა, ყოველი მომდევნო წარმოდგენა მაინც აჭარბებს მოლოდინებს.
21 ივნისის ღამეს საქართველო მერამდენედ შემჭიდროვდა და ჩაეტია რუსთაველის გამზირზე, თუმცა გაჟონა მიმდებარე პარკებში. წარმოდგენა იმდენად დამღლელი იყო, რომ გამთენიისას აღარავის ჰქონდა აპლოდისმენტების თავი. ფარდა ჩუმად დახურეს, რეკვიზიტები აკეცეს, გახვეტეს ნაგავი და მორეცხეს სისხლი. მეორე დღეს ნაბახუსევზე მყოფ ტურისტებს ექნებოდათ განცდა, რომ არც არაფერი მომხდარა.
ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კი საოცრად ნაცნობია რუსთაველის პროსპექტის ეს შემზარავი სიცარიელე, პარლამენტის ტრაწისფერი დეკორაცია, რომელიც თითქოს მაგნიტივით იზიდავს ახალ-ახალ მსხვერპლს, რადგან ქართველობა და კაცობა დღეს ნიშნავს, რომ ჩაგრავ, ამცირებ, ატყუებ, ართმევ და ვერ გახდა ეს ქვეყანა ზვიად რატიანის ქვეყანა. ვერ გახდა კარლო კაჭარავას და შოთა ჩანტლაძის ქვეყანა. შოთასაც აქვს ასეთი ლექსი:
“გენერალი ქალაქიდან დამპირდა გასახლებას,
გენერალი მილიციის.
ვინ იცის, ცხოვრებაში ვის რა გადახდება,
ვის გაასახლებენ, ვინ იცის?”

