fbpx

ონკოლოგიური ნიღბები და ქველმოქმედება სხივური თერაპიის შემდეგ – კუკი კერქსტონი


გააზიარე სტატია

 

კუკი კერქსტონი ამერიკელი მხატვარია, რომელსაც რამდენიმე წლის წინ პირხახის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. სხივური თერაპიის წინ მას სპეციალურად შეუქმნეს ნიღაბი, რომელსაც ინდივიდუალურად  უმზადებენ ყველა პაციენტს იმობილიზაციასა და  ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვის მიზნით.

„ექიმის კაბინეტში სხვა ადამიანების ნიღბები ინახებოდა, შეშინებულს ისინი თითქოს მამხნევებდნენ და მაგრძნობინებდნენ, რომ მარტო არა ვარ“, – წერს მხატვარი.

კუკი კერქსტონი ხანგრძლივი სხივური თერაპიის შედეგად განიკურნა და გაუჩნდა იდეა, რომ ნიღაბი, რომელიც მისთვის გარდაუვალ აღსასრულთან ასოცირდებოდა, ხელოვნების ნიმუშად და სიცოცხლის, იმედის სიმბოლოდ ექცია.

კუკი კერქსტონმა ონკოლოგიის ცენტრიდან სხვა პაციენტების ნიღბებიც წამოიღო და მათი მოხატვაც დაიწყო. მალე არტისტის იდეას სხვა ხელოვანებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის ისინიც, რომელთაც მსგავსი ონკოლოგიური პრობლემა ჰქონდათ.

მხატვრებმა თავიანთ ნიღბებს სხვადასხვა დატვირთვა მისცეს და სულ მალე, უამრავი ადამიანის ინდივიდუალური ხედვები და დამოკიდებულება ონკოლოგიური პრობლემისადმი ერთ დიდ კოლექციად იქცა.

 

  • დედოფალი. ავტორი: ჯენი ფრისტოუნი

 

  • მეომარი ფრინველი. ავტორი: ჯოან კონკელი

 

  • იმედი. ავტორი: ჟაკ კროკეტა

 

  • მამა. ავტორი: რაიან ლიჰი

 

 

კუკი კერქსტონის თქმით, სხივური თერაპიით მკურნალობის დროს ბევრ პაციენტს სანერწყვე ფუნქციების, გემოვნებითი რეცეპტორების მოშლის, საჭმლის მონელების, ყლაპვისა და სუნთქვის პრობლემები ექმნება, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ვინაიდან ბევრ პაციენტს დამატებითი  ხარჯების გაღება არ შეუძლია, არტისტმა მათი დახმარება გადაწყვიტა და ნიღბების ავტორ მხატვრებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია Courage Unmasked დააარსა.

მისი მიზანი ონკოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების ფინანსური დახმარება, ასევე დაავადების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა გახდა.

 

  • ფოთოლთა ცეკვა. ავტორი: მიკელინ კლექსბრუნი

 

  • უსათაურო. ავტორი: სარა ილიტალო

 

  • უსათაურო. ჯოზეფ ბარბაკია

 

 

ორგანიზაცია Courage Unmasked-მა ნიღბების პირველი აუქციონი 2009 წელს გამართა. გამოფენაზე 100 მხატვრის მიერ მოხატული 108 ნიღაბი იყო წარმოდგენილი. შემოსული თანხა კი იმ ადამიანებზე გადანაწილდა, რომლებმაც ორგანიზაციას დასახმარებლად  მიმართეს. კუკი კერქსტონის თქმით, მსგავსი და სხვა ტიპის ღონისძიებები ყოველ წელს იმართება და უფრო მასშტაბური ხდება, შესაბამისად, იზრდება საქველმოქმედო გადარიცხვების შესაძლებლობაც.   

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.