რა წავიკითხოთ ზაფხულში
ავტორი: ტატო ჩანგელია
მოვიდა ზაფხული და უფრო მეტი თავისუფალი დროც გვექნება – დავტოვებთ სამსახურებს, უნივერსიტეტებს, ტყვიით და ათასი გამონაბოლქვით სავსე ქალაქს და წავალთ – ზოგი ზღვაზე, ზოგიც მთაში… შესაბამისად, თავისუფალი დროის შევსებისთვის გვჭირდება ლიტერატურა, თანაც ნათქვამია, რომ წიგნი ყველაზე კარგად სწორედ ზაფხულში იკითხება, აქედან გამომდინარე რეკომენდაციის სახით გთავაზობთ რამდენიმე გამოცემას, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით კარგად მიდის.
ჩარლზ დიკენსი – დიდი იმედები
ქართულ ენაზე თამარ კოტრიკაძის მიერ თარგმნილი უდიდესი ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის რომანი “დიდი იმედები” გამოიცა. წიგნში ობლად დარჩენილი პატარა ბიჭი, პიპი, პირველ პირში გვიყვება თავის ამბებს ირონიული და რიტმული სილაღით.
ის დასთან და დის ქმართან ერთად ცხოვრობს მყუდრო სოფელში და ცხადია, ჟანრის კანონის შესაფერისად მყუდროება ირღვევა და პატარა პიპის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები ჩნდებიან. ეს რომანი დიკენსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წიგნად ითვლება, აქ ავტორი თავისებური ზღაპრული ესთეტიკისთვის დამახასიათებელი სილაღით გვიყვება ამბებს, დიკენსის ენა არაჩვეულებრივად აღწერს ადამიანის ბუნებასა და ჩვევებს, მკითხველიც მიჰყვები ავტორის მიერ შექმნილ დინებას, აუღელვებლად, სწრაფი ტემპით და ვერაფრით შორდები ამ გასაოცარი ბიჭის უცნაურ თავგადასავალს, და ასე შეუმჩნევლად გადის 600 გვერდზე მეტი.
პირადი გამოცდილებით გაძლევთ რეკომენდაციას: “დიდი იმედები” ზაფხულს და მის მთავარ იარაღს – სიცხეს ანეიტრალებს, აგრილებს და ფუნქციას უკარგავს. ერთი სიტყვით, გავიწყებს, რომ გაზაფხული აიბარგა და ცხელ ზაფხულს დაუთმო ასპარეზი.
ხულიო კორტასარი – სამხრეთის გზატკეცილი
ზაფხულში, თითქმის ყოველთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სეზონი პიკშია, ბათუმში შესვლას (და არა ჩასვლას) დიდი ძალისხმევა სჭირდება – საცობია, უსასრულო რიგი სხვადასხვა “ჟანრის” მანქანებისა, სხედან ასე, საკუთარ ავტომობილებში შეყუჟული პოტენციური დამსვენებლები და თავ-თავიანთ რიგს უცდიან. საცობი ლამის მახინჯაურიდან იწყება და ცხადია, ქალაქის ყველა ქუჩამდე ვრცელდება. მე კი, როცა ამ უზარმაზარ საცობში ვდგავარ და ნერწყვს ვათამაშებ ბათუმის მოლოდინით, და მეტიც, ვუყურებ მანქანიდან ჰორიზონტზე ამოვარდნილ, მოკბეჩილ, სიმულაციური ესთეტიკით გაშლილ ქალაქს, ანუ, ერთი სიტყვით, როცა მისკენ წასვლა/ შესვლა ჭირს, მუდამ მახსენდება არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის ვრცელი მოთხრობა (მინი რომანი) “სამხრეთის გზატკეცილი“.
აქაც იგივე ამბავია, ქალაქის შესასვლელთან უზარმაზარი საცობია, ყველაფერი ერთ ადგილასაა გაშეშებული, ყველას წინ წასვლა უნდა, მაგრამ ვერავინ მიდის, ვერავინ შედის მექად ქცეულ ქალაქში. ცხადია, ეს ნარატივი ძალიან ბევრს გამოხატავს, და არა მხოლოდ ჩემს ინფანტილურ ალუზიას ბათუმში შესვლის სევდასთან დაკავშირებით, არამედ უფრო დიდს, აღმატებულს, გლობალურს – უძრაობას.
ზურა აბაშიძე – როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი
თუ გინდა დასვენების დღეებში ცოტა ხნით მაინც ჩავარდე შენთვის უცნობი ადამიანების უცნაურ და სევდიან ამბებში, ამისთვის საუკეთესოა თანამედროვე ქართველი მწერლის, ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული – “როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი”. ერთი შეხედვით საშიშ სახელთან გვაქვს საქმე, არადა წიგნში ყველაფერი სხვანაირადაა – ეს ბილი ელიოტი ძაღლია, ერთი მარტოსული ადამიანის ეგზისტენცია, შიშიც და იმედიც ერთდროულად.
ამბები ზოგჯერ ისტერიკული, ზოგჯერ კი შარდის გაპარვამდე სასაცილოა, რადგან ასეთები არიან ზურას მიერ შექმნილი პერსონაჟები – კომიკურები და ისტერიულები, მუდმივად პანიკის მდგომარეობაში მყოფნი; რაღაცნაირად ალმოდოვარის პერსონაჟებს ჰგვანან – დატვირთულები არიან ცხოვრებისეული სიმძიმეებით, თუმცა მთავარ იარაღს, საყრდენ წერტილს – ქარაფშუტობას და იუმორს არ კარგავენ.
ასეთია ეს წიგნიც – ლაღი და ქარაფშუტა, თან ზაფხულში განსაკუთრებით კარგი საკითხავია, რადგან ამბებია ისეთი… რაღაც ზაფხულისეული, თანაც წიგნის ატმოსფეროც ისეთია, ზღვისპირა და მზიანი ქალაქისა, მაგრამ წიგნში ზღვას ვერსად იპოვი, უბრალოდ ზღვის ადამიანები ჩანან. ესეც თავისებური ამბავია.
მილან კუნდერა – უმნიშვნელობის ზეიმი
თანამედროვე ჩეხი მწერლის წიგნი – “უმნიშვნელობის ზეიმი”, უხეშად რომ ვთქვათ, ლიტერატორებმაც გაატარეს, გამოცდილმა მკითხველებმაც და ახალმა მკითხველებმაც, რაც არ უნდა იყოს მთლად კარგი საქმე, რადგან ვფიქრობ, კუნდერას რომანი უსამართლოდ გაატარეს, დაფიქრებისა და ცდების გარეშე.
ეს მცირე ფორმატის წიგნი ერთ დღეში საკითხავი თრიპია, უამრავი საინტერესო ამბით სავსე – აქ შეხვდები ჩამოუყალიბებელი დასავლელი ადამიანების ცხოვრების ისტორიებს, და ამავე დროს სტალინსა და ხრუშჩოვს სხვადასხვა ტუალეტში, ერთს – სხვებთან ერთად დიდ ბელადზე ჭორიკნობაში, მეორეს, ანუ ბელადს კი სხვების პერსონალურ ტუალეტში.
კუნდერას დამოკიდებულება სტალინისადმი ყველასთვის ცნობილია, სადაც კი შესაძლებლობა ეძლევა, ყველგან კუდში კბენს, აქ კი ამ დისკურსის ზენიტია – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სტალინი თანამშრომლებს ახალგაზრდობაში კაკბებზე ნადირობის ისტორიას უყვება.
აქ კუნდერა ყველანაირ ზღვარს ცდება. ავტორი ამ წიგნში უარს ამბობს ზეიმზე, პირიქით, დასცინის კიდეც ზეიმს, თავისი უბადლო იუმორით, რაც საბოლოო ჯამში მაინც ზეიმი გამოდის. როგორ კარგავს სამყარო იუმორის ფუნქციას, და როგორ იყენებს ამ იარაღს ავტორი. ეს საშიში და მიმზიდველი ზონაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაგადაკვეთოს მკითხველმა. ეს იმაზე უფრო დიდი წიგნია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით.
სვეტლანა ალექსიევიჩი – ჩერნობილის ლოცვა
ბოლო პერიოდში სოციალური ქსელები დაიპყრო HBO-ს სერიალმა “ჩერნობილი”, რომლის სცენარიც დიდწილად დაწერილია ბელორუსი ნობელიანტი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის დოკუმენტური რომანის – “ჩერნობილის ლოცვის” მიხედვით.
წიგნიც და სერიალიც 1986 წლის 26 აპრილს საბჭოთა კავშირში, კერძოდ კი უკრაინაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ მძიმე ავარიას, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე მოგვითხრობს. ამ ერთი შეხედვით შემთხვევით კატასტროფას უამრავი მსხვერპლი და დამნაშავე ჰყავს – ეს უკანასკნელი, ცხადია, საბჭოთა კავშირის გამო.
ბელარუსი მწერლის წიგნი კი სწორედ კვლევისთვისაა – ავტორი არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ აღწერს, გვიყვება რეალურ, თავად მოძიებულ ინფორმაციებს, საბოლოოდ კი დასკვნების გამოტანა ჩვენზეა.
ალექსიევიჩის წიგნებს აქვთ ერთი ჯადოსნური ფუნქცია – ნებისმიერ წამს შეგიძლიათ მისი გადადება, და ასევე ნებისმიერ წამს კითხვის გაგრძელება საიდანაც გინდათ, რომელი გვერდიც უნდა გადაშალოთ, ყველგან ისტორიებია, მძაფრი და საშინელი. დოკუმენტური პროზის დოსტოევსკი, სვეტლანა ალექსიევიჩი იმ სამყაროზე გვაფიქრებს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.
გნოსტიკური სახარება
ვისაც რელიგია გაინტერესებთ, აუცილებელ საკითხავ წიგნებში პირველ ადგილზე დააყენეთ რამდენიმე თვის წინ გიგა ბერიაშვილის მიერ თარგმნილი და გამოცემული “გნოსტიკური სახარება”, რადგან ვერაფერს იხილავთ ამ ჟანრში უკეთესს.
“გნოსტიკური სახარება” ოცამდე ტექსტისგან შემდგარი კრებულია, სადაც თავმოყრილია I-დან VII საუკუნემდე შექმნილი გნოსტიკური ნამუშევრები, მათ შორის “სახარება თომასი”, “სახარება მარიამ მაგდალინელისა”, “სახარება იუდა ისკარიოტელისა”, “სახარება პეტრესი”, “ჰიპოსტაზები არქონებისა”, “ნიკოდემუსის სახარება”, “ფილიპეს სახარება”, “იაკობის სახარება” და მრავალი სხვა გნოსტიკურ-ქრისტიანული, ებრაული, ბერძნულ-რომაული ნამუშევარი, რომლებშიც გნოსტიკური ფილოსოფია და სპირიტუალური სწავლება ღმერთების და არქონების, ეონებისა და პლერომას შესახებ უმაღლესი პოეზიის ფორმებით არის გადმოცემული.