fbpx

“ხშირად დასმული კითხვები” ახალი პასუხების მოსაძებნად – ინტერვიუ მარიამ ნატროშვილთან


გააზიარე სტატია

 

“ხშირად დასმული კითხვები” ახალი პასუხების მოსაძებნად

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

1-ლი ივლისიდან 30 ივლისამდე კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში  მე-11 თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი “ფესტინოვა” გაიმართება.  ფესტივალის ფარგლებში პროექტი “ხშირად დასმული კითხვები” იწყება, რომლის მთავარი თემაა დრო. 

წლევანდელი “ფესტინოვა” აფართოებს არეალს და  სივრცეს ლიტერატურას, სიტყვებს უთმობს. პროექტი ”ხშირად დასმული კითხვები” სიტყვების პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა დისციპლინას.  AT.GE ”ხშირად დასმული კითხვების შესახებ” პროექტის ავტორს, მარიამ ნატროშვილს ესაუბრა.

რა არის პროექტის მთავარი კონცეფცია  და რა მიზანს ისახავს სიტყვების პლატფორმა?

“ხშირად დასმული კითხვების” მიზანი სააზროვნო სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შერჩეულ თემაზე ახალ კითხვებს დასვამენ. “ხშირად დასმული კითხვების” მთავარი იარაღი სიტყვაა. სწორედ სიტყვის საშუალებით ეცდებიან პროექტის მონაწილეები – გაიხსენონ და აღწერონ დავიწყებული ისტორია, გასული დრო. პროექტი “ფესტინოვასთან” თანამშრომლობით ტარდება. 

 

იკვლევთ ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარ ამბებს და მოვლენებს, რომელმაც დღევანდელი დღე განაპირობა, თუმცა გაუაზრებელი დარჩა და დაიკარგა. რა მოვლენები დავივიწყეთ,  რატომ ვერ შეფასდა სათანადოდ ან ვის უნდა შეეფასებინა?

საქართველოს უახლესი ისტორია საკმაოდ ბუნდოვანი და გაუაზრებელია. გვაქვს მოცემულობები, რასაც აუცილებელია გადავხედოთ და კითხვები დავუსვათ. ამ მოცემულობებში ბევრი მტკივნეული ამბავია ჩაკარგული. მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ ოკუპირებულ 20%-ზე და აფხაზეთზე, გვახსოვს ადამიანები, ვინც სახლები და ახლობლები დაკარგა?

წელს წყალტუბოში ვიყავი. მოვხვდი სანატორიუმში სახელად “საქართველო”. ალბათ,  70-80-იან წლებში აშენებული შენობაა, სადაც დღემდე ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები. მესამე სართულის ერთი ნაწილი ღიაა, სართულზე ტყეა ამოსული, ჭერიდან  წყალი ჩამოდის – თითქოს გადაუღებლად წვიმს. 

ადამიანების უმეტესობა იქ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. შენობის სახურავზე დღემდეა შემორჩენილი წარწერა – სასტუმროს სახელი – “საქართველო”. ეს შენობა თითქოს ჩვენი წარსულისა და აწმყოს მემორიალია. 

წინდებზე ამოქარგული მავთულხლართების და 20%-ით აჭრელებული ჩანთების თუ კედლების პარალელური სინამდვილე – ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული ადამიანები. 

ამ 30 წლის განმავლობაში  ბევრი ასეთი თემა დაგროვდა. იქნებ ამ ამბების მოხელთება და ერთად აკინძვა დაფიქრებისა და ახალი პერსპექტივების გაჩენის საბაბი გახდეს. 

რა იქნება ის მთავარი კითხვები, რომელსაც პროექტის მონაწილეები დასვამენ? 

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე  30-წლიანი მონაკვეთის გააზრებამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. რა დაგვავიწყდა, რა გამოგვრჩა ან რა დარჩა ისტორიის ფურცლებს გარეთ? რა ხდებოდა პროტესტიდან პროტესტამდე, ომებიდან რევოლუციამდე, ხელისუფლებების ცვლილებიდან სამოქალაქო წინააღმდეგობებამდე?

 

დაკარგული ტერიტორიებიდან დავიწყებულ ადამიანებამდე, დარბევებიდან გამარჯვებებამდე?

ვთვლით, რომ სწორედ დღეს, დემონსტრაციების ტალღამ ახალი კითხვებიც  უნდა მოიტანოს და ახალი ისტორიის დაწერასთან ერთად, წარსულსაც უნდა გადაავლოს თვალი. სწორედ ამიტომ, ივლისში სხვადასხვა სიტყვებით ვეცდებით აღვწეროთ დრო, დავსვათ კითხვები და მზა პასუხების ნაცვლად, ახალი პასუხები მოვძებნოთ.

 

შინაარსობრივ ნაწილზეც მოგვიყევით… რა კომპონენტებისგან შედგება პროექტი?

პირველი ნაწილი რეზიდენციაა. არტ-ვილა გარიყულაში მწერლები სხვადასხვა ფორმით აღწერენ დროს. სწორედ დროა პირველი წლის თემა. თითოეული მწერალი 1989-დან 2019 წლამდე ირჩევს ერთ წელს და შერჩეული წლის შესახებ წერს. ფორმა და ჟანრი შეზღუდული არაა – ეს შეიძლება იყოს ამბავი, მოგონება, სიზმარი, დოკუმენტური პროზა, მხატვრული ლიტერატურა.  

პროექტის სამომავლო გეგმები როგორია?

სექტემბერში წიგნი დაიბეჭდება. წიგნის პრეზენტაციასთან ერთად საუბრები და შეხვედრები გაიმართება.  კონცეფციიდან გამომდინარე, წიგნი ერთგვარი კალენდარი იქნება. 

სხვადასხვა ადამიანის მიერ მოთხრობილი სუბიექტური ისტორიის წიგნი. წელს პროექტის მიზანი დროის აღწერაა. თუმცა, გარდა ამისა, ლიტერატურული (უფრო  სწორედ, text based) რეზიდენციის შექმნა და სხვადასხვა პროფესიის ამბის მთხრობელების ერთმანეთთან დაკავშირებაა. 

მაგალითად, არტისტების, მკვლევრების და მწერლების. ასევე, ტექსტების, ლიტერატურის განსხვავებული ფორმით ჩვენება – სექტემბერში წიგნის გამოსვლასთან ერთად, გარიყულაში დაწერილი სიტყვების გამოფენაც იგეგმება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.