“ყვავების მარტოობა” – იაპონელი ფოტოგრაფის ავტობიოგრაფიული შემოქმედება
იაპონელი ფოტოგრაფი მასაჰისა ფუკასე იმ ტიპის არტისტია, რომლის შემოქმედებაც სრულად ავტობიოგრაფიულია.
მასაჰისა ფუკასე
მასაჰისა ფუკასეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოწიგნი „ყვავების მარტოობაა“. ეს თემა ფოტოგრაფის შემოქმედებაში ცოლთან, იოკო ვანიბესთან განშორების შემდეგ ჩნდება. საყვარელ ქალთან დაშორება ძალიან განიცადა, რასაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება, თვითგანადგურების სურვილი და თვითმკვლელობის მცდელობაც კი მოჰყვა. პირადი განცდები, მარტოობის გრძნობა და საკუთარ დემონებთან ბრძოლები აისახა მის ფოტოსერიაში „ყვავების მარტოობა“.
იოკო ვანიბე. ავტორი მასაჰისა ფუკასე
„ერთხელ, როცა მატარებლით მშობლიურ ქალაქში ვბრუნდებოდი, ფანჯრიდან ჩემსავით მარტოსული და უხასიათო არსება – ყვავი დავინახე. ჩამოვედი და რამდენიმე კადრი გადავიღე. რთული ასახსნელია, მაგრამ ისინი მომწონს. რეინკარნაცია რომ შემეძლოს, ყვავი ვიქნებოდი“, – წერდა ფოტოგრაფი.
ფოტოსერია „ყვავების მარტოობა“ ერთი შეხედვით ძალიან რთულია აღსაქმელად. შავ-თეთრი კადრები თითქოს კოშმარულ და ბნელ კინემატოგრაფიულ სამყაროში ითრევს მნახველს. თუმცა, ამავე დროს, დიდ ემოციურ გავლენას ახდენს და დამთვალიერებელში თანაგრძნობას იწვევს.
„ტექნიკური თვალსაზრისით ფუკასეს ნამუშევრები შორსაა სრულყოფილებისგან, თუმცა, ამგვარი „ხარვეზები“ უფრო ამძაფრებს თანაგანცდასა და მისი გულწრფელობაში დაეჭვებას გამორიცხავს“, – ამბობს იაპონელი კრიტიკოსი აკირა ჰასაგავა.
მასაჰისა ფუკასეს აღსასრულიც ისეთივე ტრაგიკული იყო, როგორც მისი ცხოვრება. 1992 წელს, როცა ფოტოგრაფი სახლში ნასვამი ბრუნდებოდა, დაეცა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო, რასაც 20-წლიანი კომა მოჰყვა. ფოტოგრაფი 2012 წლის ივნისში გარდაიცვალა. „ყვავების მარტოობა“ მისი ბოლო სერიოზული პროექტი აღმოჩნდა, რომელიც 2010 წელს გამოცემა British Journal of Photography-მ ბოლო 25 წლის საუკეთესო ფოტოწიგნად აღიარა.