ქართული კომპანიები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ
ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის 20 ივნისის სისხლიან ღამეს დატრიალებული მოვლენების შესახებ, რომელსაც მეორენაირად გავრილოვის ღამეც კი შეარქვეს, ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად კი, რომელიც უკვე 26 დღეა მიმდინარეობს, რუსეთმა საქართველოს ტურისტული ემბარგო დაადო და 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა.
მტრულად განწყობილი ქვეყნის გადაწყვეტილებამ ქართული ეკონომიკა და ტურისტული სეზონი სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. რუსული ემბარგოსგან მიღებული მოსალოდნელი ზარალის შესამსუბუქებლად ქართულმა კომპანიებმა სხვადასხვა დროს ანტისაოკუპაციო ბრძოლაში ჩაბმა გადაწყვიტეს.
წარმოგიდგენთ ქართული კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ:
მაკნატუნა – მზესუმზირა ანტისაოკუპაციო შეფუთვით
სულ ცოტა ხნის წინ მაღაზიის დახლებზე მაკნატუნას მზესუმზირა გამოჩნდა, რომელსაც სრულიად განახლებული შეფუთვა აქვს. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რუსულ ოკუპაციას ებრძოლოს და საკუთარი პროდუქტის შეფუთვით ყველას გააგებინოს, რომ რუსეთი ოკუპანტია.
Wine Ness – ღვინო ანტისაოკუპაციო ეტიკეტით
WINE NESS საკმაოდ წარმატებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ეს არის ღვინო, რომელიც დამზადებულია ტრადიციულად დაყენებული მუქი ლალისფერი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. მომხმარებლებს კი ეტიკეტის შერჩევისას სრული თავისუფლებით იზიდავს. აღსანიშნავია, რომ WINE NESS 14 ივლისს პარლამენტის შენობის წინ გამართული ფლი მარკეტის ერთ-ერთი სტუმარი იყო, სადაც ღვინოებს ანტისაოკუპაციო ეტიკეტით ყიდდა.
Chini • ჩინი – ანტისაოკუპაციო გარსაცმები
ჩინიც ქართული კომპანიაა, რომელიც თქვენი ჩემოდნებისთვის თვალსაჩინო გარსაცმებს ამზადებს, მათ შორის, ანტისაოკუპაციო წარწერებითა და ეროვნული სიმბოლიკით – დიახ, ეს არის ჩემოდნის ე.წ. ჩასადები, რომელიც მას დაზიანებისგანაც დაიცავს და ამ მნიშვნელოვან მესიჯს მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს.
Nair • ნაირი – 20%-იანი ფასდაკლება
ნაირი ფერად და ნაირ-ნაირ თასმებს ყიდის. 20 ივნისის ამბების შემდეგ კი კომპანიამ განსაკუთრებული აქციის მოწყობა გადაწყვიტა. საქმე ის არის, რომ მომხმარებლები “პუტინ ხუილოს” თქმის სანაცვლოდ ნაირის ნებისმიერ პროდუქტზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
Giovanni Morra – პასპორტის ჩასადები მავთულხლართით
Giovanni Morra-ში სასაჩუქრე აქსესუარების ფართო არჩევანია და მათ შორის არის პასპორტის ჩასადებიც, რომელსაც ანტისაოკუპაციო წარწერა ამშვენებს და სრულიად მსოფლიოს ამცნობს, რომ რუსეთი ოკუპანტია.