ტურისტული მიმართულებები ქუთაისსა და იმერეთში


გააზიარე სტატია


ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასთან ერთად ქუთაისი ტურისტული ქალაქი გახდა. წლიდან წლამდე მატულობს იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც სამოგზაუროდ  ქუთაისს ირჩევენ, ხოლო ქუთაისიდან ტურებს გეგმავენ მთელ იმერეთში და შემდეგ საქართველოს სხვა კუთხეებში. 

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ამავე მონაცემების მიხედვით, ტურისტების რაოდენობით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:  გერმანია, პოლონეთი და რუსეთი.

 

2019-ის 4 თვე

2019-ის 4 თვე4 months of 2019

Gepostet von ქუთაისის ტურიზმის ცენტრი Tourism Center of Kutaisi am Freitag, 17. Mai 2019

 

თუმცა, რადგანაც ეს მონაცემები ეყრდნობა  მხოლოდ იმ ტურისტებს, რომლებმაც ქალაქში ტურისტულ ცენტრს მიაკითხეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი  გაცილებით მაღალია. 

სამწუხაროდ, არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც გვაჩვენებს შიდა ტურიზმის განვითარების მაჩვენებელს, ვინაიდან ქუთაისში ჩასული ქართულენოვანი ტურისტები, როგორც წესი, ტურისტულ  ცენტრებს არ მიმართავენ. 

თუმცა, როგორც ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარი დევიძე ამბობს, პირადი დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას ხელი შეუწყო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად განხორციელებულმა პროექტმა – “გაიცანი საქართველო”.

ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, მარი დევიძეს.

 

რამდენად არის ქუთაისი მზად იმისთვის, რომ ტურისტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღოს? 

მარი დევიძე: იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე წელია, რაც ქუთაისი საერთაშორისო  ტურისტული ქალაქების ნუსხაში ჩაერთო, ყველა სეგმენტი ცდილობს დაეწიოს საერთაშორისო სტანდარტებს. რა თქმა უნდა, არსებობს რიგი პრობლემები, თუმცა კერძო ბიზნესიც და ჩვენი სამსახურიც ცდილობს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. მაგალითად, დავიწყეთ გიდების გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს საქმიანი,  გასტრონომიული, თუ კულტურული ტურიზმი. 

 

ღიმილით გვეცხოვროს!

☀️ძველ ქალაქში, მარადიული დეკორაციების წიაღში, მარადიული საუნდტრეკების ფონზე, ცხოვრება გრძელდება… ცხვება პური, დილაობით რძეს დაატარებენ ეზო-ეზო, ბაზრის დახლებზე ლაგდება მწვანილი, ისევ უყვარდებათ და იღიმებიან… გილოცავთ 2019 წელს! გვეცხოვროს ღიმილით, სიყვარულით… გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ჩვენია და ჩვენი მოვალეობაა ღირსეულად ვემსახუროთ მას!☀️In the old city, in between withstanding decorations and with the background of withstanding soundtracks, life goes on… Bread is being baked, morning milk is passing from yard to yard, market desks are filling with vegetables, people fall in love and smile to each other!Happy 2019 year! Let's live with love and remember that this city is ours and we are obliged to serve it with honor!

Gepostet von ქუთაისის ტურიზმის ცენტრი Tourism Center of Kutaisi am Sonntag, 30. Dezember 2018

 

როგორი კამპანიები იმართება ქუთაისის პოპულარობის გასაზრდელად?

მარი დევიძე: ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი მხრივ, ეს არის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, სადაც წარვადგენთ იმერეთის რეგიონს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტს ვანიჭებთ ქვეყნებს, სადაც ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ხორციელდება. 2019 წელს იმერეთი წარდგენილი იყო ისრაელის ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე, ასევე ქალაქებში –  პოზნანში, ვენაში, მადრიდში…

მეორე მხრივ, ქუთაისში ვიწვევთ ტურ-ოპერატორებს, ჟურნალისტებს და ბლოგერებს, რომლებსაც ადგილზე ვაცნობთ იმ მარშრუტებს და ტურებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებულებმა უნდა შესთავაზონ ადგილობრივებს, გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები, დაწერონ სტატიები იმერეთზე და ასე გახდეს უფრო ცნობილი ეს მხარე.

 

Discover Kutaisi, Georgia

We continue our video series on Georgia with Kutaisi. The second largest city in Georgia, it was the seat of the Georgian parliament from October 2012 until just recently (In January 2019 the parliament was moved back to Tbilisi). But the impressive, futuristic parliament bulding isn't the only sight worth seeing on a stop here. You can also admire ancient monasteries and churches, as well as the famous white bridge connecting both sides of the city. The Gelati Monastery, a UNESCO World Heritage Site overlooking Kutaisi, is a highlight from Georgia’s Golden Age.

Gepostet von JayWay Travel am Donnerstag, 2. Mai 2019

 

საერთაშორისო ტურ-ოპერატორის, JayWay Travel-ის საიმიჯო ვიდეო ქუთაისზე.

 

კონკრეტულად რა სახის ტურებს აცნობთ ტურ-ოპერატორებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს?

მარი დევიძე: იმერეთს აქვს იმისი პოტენციალი, რომ ტურისტები მოიზიდოს როგორც კულტურული ტურებით, ასევე გასტრონომიული მიმართულებით,  ღვინის ტურით, საქმიანი და სამედიცინო ტურებითაც კი. აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო პოპულარული გავხადოთ ბალნეოლოგიური ტურიზმი.

 

გთავაზობთ ხუთ აუცილებლად სანახავ ადგილს იმერეთში, რომელიც მოიცავს ტურისტულ ობიექტებს პრეისტორიული ხანიდან 21-ე საუკუნემდე:

 

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი 

ქუთაისიდან სათაფლიის ნაკრძალამდე დაახლოებით 6 კილომეტრია, ვიზიტორთა ცენტრი კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში მდებარეობს. ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. 

სათაფლიის ნაკრძალის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დინოზავრების ნაკვალევი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ:  “ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და  შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა“.

ფოტო: apa.gov.ge

 

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე ქუთაისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავშია. 

მღვიმე მდიდარია განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით, ჰელიქტიტებით, გაქვავებული ჩანჩქერებით და ჩამოკიდებული ქვის “ფარდებით”.

ტური, რომელშიც მღვიმეში არსებული თექვსმეტივე დარბაზის დათვალიერებას მოიცავს,  დაახლოებით 1 საათს გრძელდება. მღვიმეს ორი გასასვლელი აქვს – ერთი გადის მდინარეზე, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, ხოლო მეორე გასასვლელი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოდის.

ფოტო: visitkutaisi.com

 

ვანი

ვანის ნაქალაქარი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ქუთაისიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. 

ძველი ანტიკური ხანის ნაქალაქარი განლაგებულია ქალაქ ვანის მიმდებარედ არსებულ ბორცვზე და მოიცავს დაახლოებით 8,5 ჰექტარ ფართობს.

ნაქალაქარის მიდამოებში 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმში წარმოდგენილია ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდის ნიმუშები – ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ. ექსპონატები  ძვ. წ. VII საუკუნიდან I საუკუნის ჩათვლით თარიღდება.

1987 წელს მუზეუმში ოქროს ფონდი გაიხსნა, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. 

გაზეთი „დროება“ ვანის შესახებ ჯერ კიდევ 1876 წელს წერდა: „აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა… დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე…“ 

 

ქუთაისი 

ქუთაისში ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის რაიმე საინტერესოს. ქალაქის ცენტრშია განთავსებული ოპერის, თოჯინების და დრამატული თეატრები, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სამხატვრო გალერეა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმი. 

ცენტრიდან ფეხით 15-20 წუთის სავალზეა გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო – ბაგრატის ტაძარი. ტაძრამდე გზა ჯაჭვის ხიდის გავლით მიდის.

ქუთაისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა თეთრი ხიდი, რომლის გასწვრივაც არის ოქროს ჩარდახი – იმერეთის მეფეთა რეზიდენცია. 

რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები ქუთაისში შეხვდებიან როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ასევე კათოლიკურ ტაძრებს და სინაგოგებს. 

ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომენტრში მდებარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. გელათის სამონასტრო კომპლექსში შედის გელათის აკადემიაც, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოში განათლების უმთავრესი ცენტრი იყო. აღსანიშნავია, რომ სწავლასთან ერთად აკადემიაში მიმდიარეობდა მთარგმნელობითი და სამეცნიერო საქმიანობაც. 

კიდევ ერთი, ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომლის ქუთაისიდან მონახულებაა შესაძლებელი მოწამეთას მონასტერია.

მოწამეთას მონასტერი ქუთაისიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს. 

თანამედროვე ქუთაისის ღირსშესანიშნაობად იქცა ყოფილი პარლამენტის შენობა, რომელიც ალბერტო დომინგოს და კარლოს ლაზაროს დაპროექტებულია. 

გართობის მოყვარულებისთვის ქუთაისში უკვე ორი კლუბი ფუნქციონირებს – “რეფლექტორი” და “ბუდე”. 

ქუთაისის არტ რუკა

 

წყალტუბო

წყალტუბოს 1920 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი აქვს – სანატორიუმების მშენებლობის ბუმი 50-იან წლებში დაიწყო და 22 სანატორიუმი ფუნქციონირებდა, ხოლო სამკურნალოდ და დასასვენებლად უამრავი ადამიანი ჩადიოდა როგორც საქართველოდან, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. 

დღეისთვის წყალტუბოში ძველი სანატორიუმებიდან მხოლოდ  ერთი ფუნქციონირებს, ახალაშენებულებიდან კი – 11. 

წყალტუბო  გამწვანებული ქალაქების მიხედვით საქართველოში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ცენტრალური პარკი აქვს. წყალტუბოს ცენტრალური პარკის 78 ჰექტარზე   150 ჯიშის ხე-ნარგავებია გაშენებული.

სანატორიუმი “მეშახტე”  

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

 


რეკომენდებული სტატიები
5 კაფე და რესტორანი ქუთაისში, სადაც სასიამოვნო გარემოში გემრიელად გაგიმასპინძლდებიან

5 კაფე და რესტორანი ქუთაისში, სადაც სასიამოვნო გარემოში გემრიელად გაგიმასპინძლდებიან

5 კაფე და რესტორანი ქუთაისში, სადაც სასიამოვნო გარემოში გემრიელად გაგიმასპინძლდებიან
საქართველოში რეგიონული ტურიზმის განვითარების საკითხმა ბოლო დღეებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, რის გამოც AT.ge შემოგთავაზებთ საინტერესო რეკომენდაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზაფხულის სასიამოვნოდ გასატარებლად. დავიწყოთ ქუთაისით.
კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის
ვინაიდან საქართველოში ხეტიალისთვის ყველაზე შესაფერისი დრო - ზაფხული დადგა, გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც შეიძლება გაჩერდე კომფორტულად ღამის გასათევად.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.