fbpx

ფეხბურთი ქართულ ენაზე – გრძელდება!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთი რომ არაპროგნოზირებადი თამაშია, ამის შესახებ ოდითგანვე ცნობილია, მაგრამ როდესაც მას ზედ კიდევ ქართული ხასიათის ხელწერაც დაერთვება ხოლმე, მაშინ უკვე ნამდვილად ვხვდებით, რომ მართლაც არსებობს ფეხბურთი ქართულ ენაზე!

ამის საუკეთესო მაგალითი ქვეყნის ჩემპიონმა „საბურთალომ“ დაგვანახვა, რომელმაც ისე ანერვიულა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისული გულშემატკივარი, რომ იქ მომხდარი კიდევ დიდხანს ემახსოვრება არა მარტო „საბურთალოს“ ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს თუ ფეხბურთელებს, არამედ იქ მისულ თითოეულ ქომაგს, რადგან რომ არა გამართლება, „საბურთალოს“ მოუწევდა ჩემპიონთა ლიგასთან პირველივე ეტაპზე დამშვიდობება. 

მაინც რამ განაპირობა მატჩის ისეთი დებიუტი, როგორიც არამცთუ „საბურთალოს“, არამედ ქართულ საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთსაც კი არ ახსოვს ლამის სამი ათწლეულის მანძილზე მრავალი ჩაგდებული მატჩის მიუხედავად?

სტუმრებმა ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე გახსნეს, ხოლო მე-11 წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდნენ, რაც მათთვის მატჩის წინ ასეთი საკრალური – დამატებითი დროის საწინდარი იყო.

მეტოქის პირველივე გადმოსვლა დაახლოებით მე-15-მე-20 წამზე უკვე „საბურთალოს“ კარში დარტყმით დასრულდა, საბედნიეროდ მეკარემ იმარჯვა, მაგრამ გოლმა მაინც არ დააყოვნა. მასპინძელთა დაცვის მარჯვენა ფლანგზე გაუგონარი ამბები ხდებოდა, ყველა პასი გადიოდა და „შერიფი“ ფაქტობრივად  რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა.

ავტოგოლიც ამ გამაოგნებელი მდგომარეობის შედეგად გავიდა,  ხოლო მესამე ბურთი რომ შორს არ იყო, სტადიონზე მისული ნებისმიერი გულშემატკივარი მშვენივრად ხვდებოდა.

რა მოხდა ამის შემდეგ? საბედნიეროდ საფეხბურთო რეფლექსი ამუშავდა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანი საკუთარ კარში გოლის არგაშვებაა და ამან მატჩის ბოლომდე იმუშავა. 

თუმცა, ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილ დროში მასპინძელთა მხრიდან საკუთარი კარის მშრალად შენახვის მიუხედავად, მოლდოვურმა კლუბმა იმდენი მომენტი შექმნა,  რამდენიმე თამაშსაც რომ ეყოფოდა.

 

კოხრეიძე მოედანზე საუკეთესო იყო

 

მატჩის პირველი ტაიმის დაახლოებით ბოლო 15 წუთის განმავლობაში „საბურთალო“ გონს მოეგო და მეტოქის კარში გოლის გატანის პირველი შანსებიც გამოჩნდა. გულშემატკივარიც ოდნავ გამხნევებული დაელოდა მეორე ტაიმის დებიუტს, რომელმაც საბედნიეროდ გაამართლა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული „საბურთალოს“ ფეხბურთელები გაცილებით კონცენტრირებული ჩანდნენ მინდორზე, აშკარად გამოირჩეოდა მარცხენა ფლანგზე მოთამაშე კოხრეიძე, რომელიც თამამად შეგვიძლია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავასახელოთ – რომ არა მისი ინდივიდუალური ოსტატობა და გააზრებული თამაში, „საბურთალო“ ნამდვილად ვერ მოახერხებდა ამ თამაშის გადარჩენას.

„შერიფზე“ დაწოლა კი თანდათანობით მატულობდა, უკვე საკუთარი მოედნის ფაქტორმაც იჩინა თავი და საკმაოდ დაბნეულმა მეტოქემ უხეშობას უმატა. მსაჯი თითქოს ლოიალობას იჩენდა მათ მიმართ, მაგრამ 73-ე წუთზე მეტოქეს მაინც მოუწია მინდორზე 10 კაცით დარჩენა.

პარადოქსი კი ისაა, რომ სწორედ ბოლო 20 წუთი აღმოჩნდა უმძიმესი „საბურთალოსთვის“. ამ მომენტისთვის როლოვიჩს გოლი უკვე გატანილი ჰქონდა, მაგრამ ცოტა ხანში გამოცვალეს, ხოლო ვინ შეძლებდა მის ნაცვლად საჭიროების შემთხვევაში გოლის გატანას, ეს უკვე სხვა საკითხია და საბედნიეროდ ამის საჭიროება არც შექმნილა.

 

როლოვიჩის გოლმა „საბურთალო“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა

 

მატჩის მიწურულს კოხრეიძემ ჩამოიტოვა რა რამდენიმე მოწინააღმდეგე, დიასამიძეს რასაც ჰქვია  ცარიელ კარში დაუდო ბურთი გასატანად, მან კი ააცდინა. 10 კაცით დარჩენილ „შერიფს“ კი ბოლო 20 წუთში რამდენიმეჯერ შეეძლო „საბურთალოს“ კარის აღება. 

ამგვარად, სტადიონზე მისული გულშემატკივარი მატჩის ბოლო წუთებზე ხარობდა და აპლოდისმენტებით (!) ეგებებოდა ყოველ პაუზას, იქნებოდა ეს აუტი თუ მინდვრის შუაგულში წესის დარღვევა, რასაც სიტუაციის ოდნავი განმუხტვა მოჰყვებოდა.

მსაჯის მიერ დამატებულმა ექვსმა წუთმაც ჩაიარა და „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე აღმოჩნდა. მომავალი მეტოქე ზაგრების „დინამო“ კი გამოცდილი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გემო გასინჯული აქვს.

ღმერთმა ქნას, რომ „საბურთალო“ განმეორებითი მატჩის წინ ბურთების ისეთივე მარაგით  გამოვიდეს მოედანზე, როგორც ეს „შერიფთან“ იყო. საქართველოს ჩემპიონს გამოცდილებაც უკვე მიღებული აქვს და კარგად ეცოდინება, რომ მეტოქეს დაფასება სჭირდება!

საკვირველი კი არაფერია. გარდა იმისა, რომ წლების წინ გორის „დილას“ ხორვატული „ჰაიდუკი“ ჰყავს გამოგდებული ევროპის ლიგის გათამაშებიდან, ხოლო საქართველოს ნაკრებს კი დაუვიწყარ მატჩში ხორვატიის ნაკრები ჰყავს დამარცხებული, რატომ არ უნდა გავიმარჯვოთ კიდევ ერთხელ ხორვატულ ფეხბურთთან.

თანაც წლევანდელი ევროპის ლიგის ტურნირის უდიდესი სენსაციის ავტორი ზემოთ ხსენებული „ჰაიდუკია“, რომელმაც პირველ შეხვედრაში გასვლაზე 2:0 გამარჯვების შემდეგ, შინ მოახერხა 1:3 მალტის გუნდთან წაგება და გავარდნა. 

საინტერესოა, რომ „ჰაიდუკი“ მატჩის 57-ე წუთამდე იგებდა, ბოლო ბურთი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვა… 

ასეთი ამბებიც ხდება თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ვინ როდის გაისვრის, ხშირად იღბალი განაპირობებს ხოლმე. 

საქართველოს ჩემპიონატი კი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. აბა წარმოვიდგინოთ, რომ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 10 გუნდიდან 4 ევროთასებზეა. თავისი გუნდების ევროტურნირებზე მოხვედრის ასეთი პროცენტული მაჩვენებელი ხომ ნამდვილად არ აქვთ იმ ჩემპიონატებს, სადაც 16, 18 თუ 20 გუნდი მონაწილეობს. ამიტომ, ამ უპირატესობას კარგად გააზრება და გამოყენება სჭირდება. კარგი იქნებოდა, ოთხივე გუნდს რომ გაეგრძელებინა ასპარეზობა მომდევნო ეტაპზე, მაგრამ სამწუხაროდ ქუთაისის „ტორპედომ“ ეს ვერ მოახერხა. 

მატჩის პირველი ტაიმი ყაზახეთის „ორდაბასისთან“ გუნდმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფიზიკური ძალები ბოლომდე შეალია კიდეც მას. მეორე ნახევარი კი უკვე კახი ცხადაძის გუნდისა იყო. 

თანაც მატჩის მე-60 წუთზე მინდორზე შემოსული სწრაფი და კულულებიანი ბადიბანგას შეჩერება მასპინძელთა მოქანცული მცველებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. სამწუხაროდ „ტორპედო“ ისე გავარდა, რომ ორი მატჩის ჯამში ყაზახური გუნდის კარში ვერც ერთი გოლის გატანა ვერ შეძლო.

სამაგიეროდ იმარჯვა „ჩიხურამ“, რომელმაც მეორე მატჩში პირველის ანალოგიური შედეგით – 2:1 დაამარცხა ლუქსემბურგის „ფოლა ეში“. 

აღფრთოვანება გამოიწვია „ფოლა ეშის“ ფეხბურთელთა საქციელმა, რომლებმაც მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელი მიალაგეს.

საინტერესოა, რომ საჩხერული კლუბის ანალოგიური შედეგით მომდევნო ეტაპზე მისი მომავალი მეტოქე – შოტლანდიის „აბერდინიც“ გავიდა. მანაც თავისი მოწინააღმდეგე ორივე მატჩში თანაბარი ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.

„ჩიხურა“ შარშანაც მონაწილეობდა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე და სოსო ფრუიძის გუნდს ტრადიციულად თავი არ შეურცხვენია ევროთასებზე. რას წარმოადგენს წლევანდელი „აბერდინი“? ეს არის საშუალო კლასის შოტლანდიური კლუბი, რომელმაც ერთხანს – სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის პერიოდში  3-ჯერ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი, 4-ჯერ თასი და ერთხელაც 1983 წელს მაშინდელი თასების მფლობელთა თასის ტურნირი, თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 2 წლის შემდეგ…

„დინამო“ კი ვალდებულია, რომ ევროპის ლიგის მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანის „გაბალასთან“ ოთხი წლის წინანდელ მარცხზე რევანში აიღოს და დაამარცხოს მეტოქე, რომლის ისტორია სახსენებელიც არ არის ლეგენდარულ კლუბთან, რომელსაც მოგებული აქვს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი, ასევე საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი, მრავალგზის პრიზიორი, თასის ფინალისტი და საქართველოს  თექვსმეტგზის ჩემპიონია.  

რა თქმა უნდა, თბილისის „დინამო“ ტრადიციულად ქართველ გულშემატკივართა ყურადღების ცენტრშია და კლუბის აღზევების მოლოდინი უდიდესია. ამ ფონზე კი უკვე დავიწყებას მიეცა ანდორას „ენგორდარისთან“ ორი მატჩის ჯამში 7:0 მოგება. 

 

 „დინამო“ – „ენგორდარის“ მატჩის ფრაგმენტი

 

ეს ასეც უნდა იყოს, რადგან „დინამო“ ისტორიულად სულ სხვა კალიბრის გუნდია და თუნდაც აზერბაიჯანული გუნდების დამარცხება მისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

მოლოდინი უდიდესია სამივე ქართული გუნდის წარმატებით ასპარეზობისა. შედეგები კი სულ მალე – ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. 


რეკომენდებული სტატიები
Copa América: ბრაზილია უძლიერესია!

Copa América: ბრაზილია უძლიერესია!

Copa América: ბრაზილია უძლიერესია!
დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები კი ალბათ იმ მხრივაც გამოირჩევა, რომ ერთგვარი ფეთქებადობის გამო ფეხბურთის გულშემატკივარს მის მიმართ წამდაუწუმ ფიქრის და ფანტაზიის საშუალებას აძლევს
ფეხბურთი ქართულ ენაზე! - "საბურთალო - შერიფი"

ფეხბურთი ქართულ ენაზე! - "საბურთალო - შერიფი"

ფეხბურთი ქართულ ენაზე! - "საბურთალო - შერიფი"
ის, რაც მაყურებელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდში “საბურთალო” - “შერიფის” მატჩისას იხილა უდიდესი ფსიქოლოგიური მუშაობის შედეგი იყო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.