დიზაინერმა მაქს მაჩაიძემ საბჭოთა და ამერიკული ნივთებით აქსესუარები შექმნა
ქართველმა დიზაინერმა მაქს მაჩაიძემ ჩვენი ყურადღება ამჯერად არა მისი რომელიმე მუსიკალური კლიპით, არამედ საკმაოდ საინტერესო ხელნაკეთი სამკაულებით მიიქცია, რომლებიც ძველი, საბჭოთა და ამერიკული ნივთებით შექმნა.
სამკაულები საკმაოდ მრავალფეროვანი ნივთებით, მათ შორის პომპონებით, სკეიტის ბორბლებით, სათამაშო კამათლებითა და საბჭოთა დროინდელი კერამიკული თიხით არის დამზადებული.
დიდი ზომის აქსესუარები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნებისმიერი თქვენგანი დიდი სიამოვნებით მოირგებდა, ჩვენი ბავშვობის დროინდელ მოგონებებსა და შეგრძნებებს აღვიძებს.
“პატარაობაში თითქმის ყოველთვის ვაშენებდით პატარა სახლებს ქვებით. ამ სამკაულებზეც იმავე პრინციპით ვმუშაობდი, უბრალოდ, ქვების ნაცვლად საბჭოეთის დროინდელი თიხა, კრისტალები, ძველი მანქანის ნაწილები და სხვა საინტერესო მასალები გამოვიყენე”, — ამბობს დიზაინერი.
მაქსმა ისიც აღნიშნა, რომ სამკაულების დასამზადებლად სხვადასხვა მასალებს დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა ძველმანების ბაზრობებსა თუ ძველი სათამაშოების მაღაზიებში.
კიდევ ერთი დეტალი, რაც მაქსის ნამუშევრებს განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ ისინი ერთნაირად აღძრავს როგორც მეოცე საუკუნის საბჭოთა, ასევე ამერიკის პერიოდის ნოსტალგიას — ეს ის დროა, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო 1922-1991 წლებში.