Cinemania.ge-ს ჟურნალისტების გუნდი ტოვებს
Cinemania.ge-ს საავტორო გუნდი ტოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში წერია, რომ 2019 წლის ივლისში ITDC ჯგუფმა adjaranet.com და Cinemania.ge შეიძინა, ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კი სინემანიას გუნდს საიტის დატოვება უწევს.
“საიტი ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი კი მადლობას გიხდით ორწლიანი თანამშრომლობისთვის. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, თქვენთან ერთად, კინომოყვარულებისთვის საუკეთესო ქართული პლატფორმა შევქმენით”, — აღნიშნულია განცხადებაში.
AT.ge სინემანიას რედაქტორს დაუკავშირდა და გუნდის სამომავლო გეგმებზე კომენტარი სთხოვა.
“ჩვენი გუნდი აპირებს გააგრძელოს წერა კინოზე, თუმცა სხვა სახელით და სხვა პლატფორმაზე. ამ ეტაპზე კომპანიებთან მიდის მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვით”, — ამბობს სნემანიას რედაქტორი ანო ფრანგიშვილი.
სინემანია ქართულ მედია სივრცეში 2017 წელს გამოჩნდა.