fbpx

8 უცნობი ადგილი, რომლებიც პრაღაში უნდა ნახოთ


გააზიარე სტატია

პრაღაში ტურისტების რიცხვი  წლიდან წლამდე იზრდება, ქალაქი კი სწრაფი ტემპით ვითარდება და  მეტ კომფორტს, თავგადასავალსა და სანახაობას სთავაზობს სტუმრებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძალიან დიდი არ არის, მდიდარია ღირსშესანიშნაობებით და იმისათვის, რომ ტურისტულმა გზამკვლევებმა, ადგილობრივმა გიდებმა და გუგლის საძიებო სისტემის რეზულტატებში რეკლამის შედეგად მოხვედრილმა ადგილებმა არ დაგაბნიოთ, გთავაზობთ 8 ადგილს, რომელთა  ნახვაც ქალაქის შესახებ უფრო ღრმა წარმოდგენას შეგიქმნით. 

Meet Factory

ქალაქგარეთ მდებარე ყოფილი ქარხნის შენობაში მოწყობილი გალერეა, ხელოვანებისთვის განკუთვნილი რეზიდენცია, ბარი, კაფე, საზაფხულო კინოთეატრი და სივრცე ლაივ პერფორმანსებისთვის საინტერესოა არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. 

აქ მოსახვედრად ისეთი ადგილების გავლა მოგიწევთ, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება პრაღის ცენტრალური უბნების ესთეტიკისგან და მის ინდუსტრიულ ნაწილს გაგაცნობთ. ამ ადგილის, როგორც კულტურული ცენტრის ტრანსფორმაციის იდეის ავტორი დავიდ ჩერნია, თანამედროვე ჩეხი სკულპტორი, რომლის ნამუშევრებსაც ქალაქის ბევრ ადგილას შეხვდებით და გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ. Meet Factory-ს ფასადზე წითელი მანქანებიც დავიდ ჩერნის ნამუშევარია. 

 

Jelica

სერბული რესტორანი ავთენტური დიზაინით, კერძებით და მუზეუმით შეგიძლიათ ნახოთ მას შემდეგ, რაც meet Factory-ს ნახავთ. რესტორანი ღია ეზოთი ქარხნიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული და ახლო პერიმეტრზე ერთადერთი საკვები დაწესებულებაა. თუკი ამ ადგილს ესტუმრებით, დააკვირდით სქესის აღმნიშვნელ სიმბოლოებს ტუალეტის კარებზე – ქალებისთვის განკუთვნილ კარს ცხვარი ახატია, კაცებისას – მამალი. 

 

Sapa

Sapa – ვიეტნამელების ბაზრობა პრაღის ერთ-ერთ გარეუბანში, სადაც ვიეტნამელების მიგრაცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დაიწყო. ერთი კომუნისტური ქვეყნიდან მეორეში ჩამოსვლა, თუკი ეს მეორე ევროპაში მდებარეობდა, ბევრისთვის მიმზიდველ პერსპექტივად ჩანდა. 

დღეს ჩეხეთში ვიეტნამელები სამ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას შორის არიან და მათი რიცხვი 80 000-ს აღემატება. Sapa – თავისი არსით ბითუმად სავაჭრო ბაზარია, რომელმაც დროთა განმავლობაში თავის არეალში  მოაქცია ავტოსერვისები, რესტორნები, კაფეები, ტაძარი, ტურისტული სააგენტო და ის სერვისები, რაც ადამიანს მისი საცხოვრებლის გარშემო სჭირდება. 

ასე რომ, თუკი ამ ადგილს ესტუმრებით, ერთდროულად იმოგზაურებთ ევროპასა და აზიაში, გასინჯავთ პრაღაში საუკეთესო ვიეტნამურ კერძებს და შეგიძლიათ ხელსაყრელ ფასად იყიდოთ საჭირო ნივთები. 

 

Dox

თანამედროვე ხელოვნების ცენტრია, რომელიც რამდენიმე საგამოფენო დარბაზს, ბიბლიოთეკას, წიგნის და სუვენირების მაღაზიას, სახელოსნოებს და ლაბორატორიას აერთიანებს. 

ცენტრის თავზე დამონტაჟებულია სკულპტურა – გულივერის ხომალდი, რომელიც ცენტრში ყველაზე შთამბეჭდავი და მასშტაბური ნამუშევარია. “დოქსი”, ისევე როგორც “მით ფექთორი”, ინდუსტრიულ ზონაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა აშენებული. გასული საუკუნის დასაწყისში აქ ავტომობილების ქარხანა იყო. 

დღეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი არის სივრცე კვლევისთვის, დებატებისა და პრეზენტაციებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე, რომელსაც ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა, პერფორმანსი ან რომელიმე სხვა სახელოვნებო დარგი დააყენებს დღის წესრიგში. 

 

კომუნიზმის მუზეუმი 

 

ინახავს ისტორიას ჩეხოსლოვაკიის საბჭოებიდან პრაღის გაზაფხულის, ანუ იმ დროის ჩათვლით, როცა ჩეხეთმა და სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და კომუნიზმი წარსულში დატოვეს. 

ეს მუზეუმი ალბათ განსაკუთრებით საგულისხმოა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებისთვის, რომლებსაც ახსოვთ ან სმენიათ ამბები რეპრესიების, საკონცენტრაციო ბანაკების, საბჭოთა პროპაგანდის და ცენზურის, ბელადების კერპების, ცარიელი მაღაზიების, პიონერთა ბანაკების შესახებ. 

 

Futura 

თანამედროვე ხელოვნების კიდევ ერთი ცენტრი რამდენიმე სართულს და ბაღს აერთიანებს ქალაქის ისტორიულ, თუმცა ნაკლებად ჯენტრიფიცირებულ უბანში, სადაც ჯერ კიდევ ძირითადად ადგილობრივები ცხოვრობენ და ტურისტები ნაკლებად დადიან. ბაღში განთავსებულია დევიდ ჩერნის ცნობილი სკულპტურა – ფუტურას ვიზიტორების უმეტესობა მათ სანახავად დადის, თუმცა საგამოფენო ნაწილში არანაკლებ საინტერესო ექსპოზიციები იმართება. 

 

Havelska Koruna

ჩეხური რესტორანია ქალაქის ცენტრში და ტურისტულ ადგილას, სადაც, როგორც წესი, ორი საფრთხე არსებობს – ან მაღალი ფასები იქნება ან ნაკლებად კარგი სამზარეულო. ამ რესტორანში სტუმრობა ორივე საფრთხეს აგაცილებთ თავიდან –  ფასებიც ნორმალურია, საკვებიც გადასარევი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა რიგში დგომა მოგიწიოთ შესასვლელად, შიგნით კი თვითმომსახურებაა. 

ბოტასის მაღაზია – იცოდით, რომ ბოტასის ამბავი ქსეროქსის და პამპერსის ამბავს ჰგავს და სინამდვილეში ის არა კონკრეტული სტილის ფეხსაცმლის, არამედ ერთი ფირმის სახელი იყო, რომელიც მერე ყველა სპორტული ფეხსაცმლის სახელად გადაიქცა? თუ არა, ამიერიდან გეცოდინებათ და იმასაც გეტყვით, რომ ბოტასი ჩეხური კომპანიაა, რომელიც დღემდე მუშაობს და ერთმანეთზე ლამაზ მოდელებს ქმნის. 

თუკი პრაღას ესტუმრებით, გაითვალისწინეთ, რომ უკიდურესად კარგად გამართული სატრანსპორტო სისტემისა და მდიდარი რეკრეაციული უბნების გამო ამ ქალაქში გადაადგილება და თავგადასავლის მოწყობა ძალიან ადვილია, ისეთი ისტორიული ადგილები კი, როგორიც ჩარლის ხიდი, ასტრონომიული საათი, სასახლეები და ლუცერნაა, ბევრს თუ ივლით, გზად აუცილებლად და არაერთხელ შეგხვდებათ.  


რეკომენდებული სტატიები
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.