fbpx

„ევროპის ოქროს პაიკი“ – ახალი ქართული ინიციატივა მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში


გააზიარე სტატია

31 ივლისს მონტე-კარლოში (მონაკო) ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-მიშელ რაპაირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე 2019 წლის ნოემბერში ევროპის საჭადრაკო სამყაროში ისტორიული მნიშვნელობის  დაჯილდოების ცერემონიალის – „ევროპის ოქროს პაიკის“ დაარსების შესახებ გამოაცხადეს. 

ამავე პრესკონფერენციას დაესწრო „ევროპის ოქროს პაიკის“ ბრილიანტის და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური სპონსორის, ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპის“ წარმომადგენელი გიორგი ხუროძე. “აიგრუპის” მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ევროპის საჭადრაკო  ახალი ცერემონიალის დაარსება. “ევროპის ოქროს პაიკი” სათავეს უდებს ახალ ტრადიციას და ყოველწლიურად ევროპის საჭადრაკო სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლებს მოუყრის თავს.

ჭადრაკი დგას ინტელექტის, ბრწყინვალე და  მოქნილი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე. ჩვენ კი ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჯანსაღი, მაღალინტელექტუალური და საინტერესო აქტივობები და იდეებია”. – განაცხადა პრესკონფერენციაზე “აიგრუპის” წარმომადგენელმა გიორგი ხუროძემ.

დაჯილდოების პირველი წელი მიეძღვნება ევროპელ ლეგენდებსა და მათი ღვაწლის წარმოჩენას, ეს ერთგვარი საპატიო დაჯილდოების ცერემონიალი იქნება სპეციალური ნომინაციებით, რომელიც სამომავლოდ შეიცვლება.

პირველი წლის ნომინაციებია:

  • საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო რედაქტორი
  • საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო ჟურნალისტი
  • საუკეთესო ევროპელი ორგანიზატორი
  • საუკეთესო ევროპული საჭადრაკო პროექტი
  • საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო არბიტრი
  • სკოლებში ჭადრაკის განვითარების ევროპელი პიონერი
  • ყველა დროის ყველაზე პატარა ევროპელი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
  • ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი
  • ჭადრაკის ლეგენდა (ქალი)
  • ჭადრაკის ლეგენდა (კაცი)

კონკურსს გარეშე:

  • საუკეთესო წიგნი (მხატვრული)
  • საუკეთესო ფილმი (მხატვრული)

უნდა აღინიშნოს, რომ 1903-1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი გახლდათ ანდრია დადიანი, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი.  

გიორგი ხუროძე: “აიგრუპი” აგრძელებს ანდრია დადიანის ტრადიციას, ერთი საუკუნის შემდეგ მონაკოში კვლავ ვბრუნდებით ქართველები და ჭადრაკის სამყაროში ყველაზე  დიდ დაჯილდოების ცერემონიალს ვუყრით საფუძველს.”

ევროპის საჭადრაკო კავშირის ქართველი პრეზიდენტისა და კომპანია „აიგრუპის“ თანამშრომლობით მონტე-კარლოში  ანდრია დადიანის მიერ საუკუნის წინ დაწყებული ქართული საქმე გრძელდება, რაც უპირველესად ჭადრაკის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ მის ფინანსურ ხელშეწყობას გულისხმობს.  

პირველი „ევროპის ოქროს პაიკი“ მონტე-კარლოში (მონაკო) 30 ნოემბერს გაიმართება.

პირველ წელს ევროპის საჭადრაკო კავშირი თავის პირველ სპეციალურ ჯილდოს გადასცემს მონაკოს პრინცს, ალბერტ II-ს – მისი მშობლების ჭადრაკისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და იმის ნიშნად, რომ ჭადრაკი ოდითგანვე სამეფო თამაშად მიიჩნეოდა.

ამავე ღონისძიების ფარგლებში იმავე დღეს გაიმართება ლეგენდარული გარი კასპაროვის ერთდროული თამაშის სეანსი 6-12 წლის ბავშვებისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.