fbpx

როგორ დაუბრუნდება მტკვარი თბილისს – სანაპირო ზოლის საპროექტო ვიზუალიზაციები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი


სიმწვანე, ჯებირებისგან თავისუფალი მდინარე, ნავები, ბალახზე წამოწოლილი ადამიანები, სპორტული მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები – ასე გამოიყურება მტკვრის მიმდებარე ტერიტორია პროექტში, რომელიც  უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. 

თბილისის განვითარების ფონდმა კონკურსი აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციაზე მაისში გამოაცხადა.  

გამარჯვებული  პროექტის ავტორი „შპს ელისო სულაკაურია“, რომელიც ქართველი და უცხოელი არქიტექტორებითა და ურბანისტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს – „პროექტი თბილისი“ – წარმოადგენს.

 

ელისო სულაკაური, პროექტის ავტორი:

„თბილისის დაარსების დღიდან მტკვარი ქალაქის განუყრელი ნაწილი იყო – მისი ბირთვი. გარდა პრაქტიკული სარგებლისა, მან  ქალაქის სოციალური და კულტურული ცხოვრების ფორმირებაც მოახდინა. 

თუმცა საბჭოთა პერიოდიდან  ნელ-ნელა დაიწყო მისი მნიშვნელობის დაკარგვა, როცა მდინარე ბეტონის არტახებში მოექცა და შესაბამისად მოსწყდა ქალაქს. მის გასწვრივ საავტომობილო გზების მშენებლობამ კი ის საბოლოოდ ჩამოაშორა ადამიანებს. 

დღეს მტკვრის ნაპირები ადამიანისთვის პრაქტიკულად მიუდგომელია და მდინარეც აღარ არის ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამ სიტუაციის ფონზე ეს პროექტი, პირველ რიგში, არის მცდელობა, რომ მიუდგომელი და მივიწყებული მდინარე ქალაქს დავუბრუნოთ. 

ჩვენი პროექტით მტკვრის სანაპირო იბრუნებს ცენტრალურ ადგილს, როგორც ქალაქის სოციალური ელემენტი. გამოვიყენებთ რა მის სრულ უპირატესობებსა და პოტენციალს, ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, რომ ქალაქის დინამიკა განსაზღვროს.“

პროექტი გულისხმობს მტკვრის სანაპიროს რეაბილიტაციას დედაენის ბაღიდან რიყის პარკამდე. მისი მიზანი ამ მონაკვეთის საზოგადოებრივ სივრცედ ქცევაა, რაც ევროპული ქალაქების ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მიიჩნევა. 

ამის მისაღწევად პროექტის ავტორები, პირველ რიგში, მტკვრის ორივე სანაპიროს გარკვეული მონაკვეთების ჯებირებისგან განთავისუფლებას აპირებენ.

მათ ნაცვლად გაკეთდება სპეციალური საფეხურები, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს წყლის ზედაპირთან წვდომა ექნებათ. 

ასევე ორივე სანაპიროზე – იუსტიციის სახლთან და რიყის პარკთან იგეგმება ნავსადგურების მოწყობა.  

თუმცა დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, ნავთსაყუდელებისა და ნავების ფუნქციონირების პრინციპები ერთიანი სისტემით უნდა დარეგულირდეს. ქაოტური მოძრაობის თავიდან ასაცილებლად უნდა განისაზღვროს, სად და როგორ გაჩერდება სხვადასხვა ტიპის წყლის ტრანსპორტი.

შეიცვლება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარებაც. უკანასკნელ წლებში ის მთლიანად შენობის პარკინგს ჰქონდა დაკავებული. პროექტის მიხედვით კი ავტოსადგომი მოეწყობა ისე, რომ მის მიერ დაკავებული ადგილი განახევრდება, შესაბამისად  სანაპიროს ტერიტორია საზოგადოებრივ სივრცეს დაეთმობა და გამწვანებულ ზოლს შეუერთდება. გაკეთდება კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები. მათ შუაში კი –  ბალახის საფარი.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ორ სანაპიროს შორის საქვეითო წვდომის არსებობას. შესაბამისად,  ბარათაშვილის ხიდზე ორივე მხრიდან დამონტაჟდება კიბეები და ლიფტი იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს ერთი სივრციდან მეორეში გადასვლა.

სანაპიროს გასწვრივ  კი მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება პირველი ეტაპი იმისა, რომ  მომავალში მთელი ქალაქის სანაპირო ზოლი საველოსიპედო ზონად იქცეს. 

თუმცა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მტკვრის თემის დასმისთანავე ჩნდება,  მის დაბინძურებას ეხება.

რამდენად შედგება პროექტი, რომლის მთავარი ღერძი მდინარე და მასთან ხელმისაწვდომობაა, მტკვრის დღევანდელი მდგომარეობის ფონზე?!  

 

ელისო სულაკაური:

„პროექტის ფარგლებში აუცილებლად უნდა მოხდეს მტკვრის გაწმენდა. მას შემდეგ, რაც სანაპიროს რეაბილიტაცია დასრულდება, აუცილებლად დადგება ამის საჭიროება და შესაბამისად, თემაც დადგება დღის წესრიგში. პირიქით არ გამოდის და ამიტომ  ჯერ მთავარია, დავიწყოთ ამაზე მუშაობა და ასეთი საკითხებიც ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. 

ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა ამ გამოცდილებით. მსგავსი პროექტები განხორციელებულა როგორც ევროპის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში  ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და ეს კონკრეტული ურბანული პროექტი გახდება მთელი ქალაქის სანაპირო ზოლის განვითარების მოდელი.“

პარიზი

მადრიდი

ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია. პროექტი საბოლოო სახით მზად დეკემბერში იქნება, რის შემდეგაც მისი განხორციელება დაიწყება.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.