fbpx

Cherry on Top – ქართველი გოგონები ლოს-ანჯელესში


გააზიარე სტატია


Cherry on top – ძველი ნივთების ონლაინ მაღაზიაა ლოს-ანჯელესში და მიუხედავად არსებობის მოკლე დროისა, საკმაოდ პოპულარული და სახასიათოა. 

Cherry on top ამერიკაში მცხოვრები ორი ქართველი გოგოს – ელენე მახარაშვილის და ნატუტა ბაგრატიონის პროექტია, რომლებმაც ერთმანეთი ლოს-ანჯელესში გაიცნეს.  

პროფესიით ჟურნალისტი ელენე მოდელობით და მსახიობობით არის დაკავებული. ნატუტამ თბილისში ფსიქოლოგია შეისწავლა, ლოს-ანჯელესში – ფოტოგრაფია და კინოპროდიუსინგი და ძირითადად ვიდეოების გადაღება-მონტაჟით არის დაკავებული. 

შთამბეჭდავი და სახასიათო ვიდეორგოლები Cherry on top-ის ერთ-ერთი მთავარი საპრომოციო ელემენტია. 

როგორ და რატომ გადაწყვიტეთ cherry on top-ის შექმნა? 

ნატუტა: ჩემი პირველი vintage მაღაზია Why Not vintage თბილისში შევქმენი, ჩემს მეგობარ ქეთი არჩვაძესთან ერთად, რომლის მიმართულებაც უფრო 80-იანი და 90-იანი წლების აქსესუარები გახდა. 

ლოს-ანჯელესში დაბრუნების შემდეგ დისტანციის გამო ვეღარ ვახერხებდი გვერდის სრულად მართვას და იმ იდეების განხორციელებას, რაც ფიზიკურად საქართველოში  ყოფნას საჭიროებდა, ამიტომ შევთავაზე ელენეს გაგვეკეთებინა ონლაინ მაღაზია, რომელსაც Cherry on top დავარქვით.

ელენე: ნატუტას შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამდენი ახლის შექმნა სულ არ არის საჭირო, როდესაც შეგვიძლია მეორე სიცოცხლე მივცეთ მოძველებულ ტანსაცმელს. 

პირველად ამერიკაში ვეზიარე მეორადი ტანსაცმლის კულტურას, მივხვდი, რომ ჩემ გარშემო თითქმის აღარავინ ყიდულობდა ახალ ტანსაცმელს, ამიტომ მინდა კიდევ უფრო მეტად შევუწყო ხელი ძველი პროდუქტის ხელმეორედ დაბადებას და ეს შანსი გამოვიყენე.

სახელს რა დატვირთვა აქვს? 

როგორც კი  გადავწყვიტეთ მაღაზიის გაკეთება, სახელიც თავისით მოვიდა. ეს ფრაზა pretty please, cherry on top თვითონ გკარნახობს თავისივე მნიშვნელობას და “დაგვირგვინებას ან დასრულებას” გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ზუსტად იმას იპოვით, რაც გაკლიათ და რაც თქვენს სილუეტს ბოლომდე დაასრულებს.  

სად პოულობთ ტანსაცმელს და აქსესუარებს და ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? 

კალიფორნიაში, უფრო კონკრეტულად ლოს-ანჯელესში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მეორადი პროდუქტი ადვილად ხელმისაწვდომია. 

ქალაქგარეთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა საწყობია, Estate Sale-ები და vintage მაღაზიები. ჩვენც ყველგან ვარჩევთ ჩვენს პროდუქტს. 

მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან გვყავს, რომლებსაც უყვართ მრავალფეროვნება, აინტერესებთ და არ ეშინიათ განსხვავებულობის.  

რეალიზაციას როგორ აკეთებთ: რეალურად  გაქვთ მაღაზია თუ მხოლოდ ონლაინ? 

ონლაინ  მაღაზია გვაქვს, ვმონაწილეობთ  სხვადასხვა fleamarket-ებზე ლოს-ანჯელესში, რაც ძალიან გვეხმარება გავარკვიოთ, თუ როგორ მუშაობს მთელი აქაური სისტემა. ჩვენი პროდუქტის ნახვა მომხმარებელს შეუძლია ინსტაგრამზე, depop-ზე და Poshmark-ზე. იგეგმება საიტის გაკეთებაც.  

ვიდეოები და ფოტოები, რომელსაც cherry on top-ისთვის აკეთებთ, საკმაოდ ნიშურია.  მარკეტინგის რა ხერხებს იყენებთ? 

ჩვენი მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილიც სწორედ flea market-ებზე მონაწილეობით, ინფორმაციის გაცვლით, ხალხთან  კონტაქტით და აქაურ “ინფლუენსერებთან” დაკავშირებით დაიწყო. 

შემდეგ თავისით მოვიდა იდეები ინსტაგრამისთვის, გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი გვერდი, რაც ძალიან გამოგვარჩევდა სხვა ონლაინ vintage მაღაზიებისგან. 

ნატუტა: Cherry on top ყველაფერს მოიცავს და არ შემოიფარგლება რაიმე ერთი მიმართულებით. ვცდილობთ ყოველი კოლექცია ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს და ამოვარდნილი იყოს პერიოდითაც და სტილისტურადაც. 

ჩემთვის მთავარი სიამოვნება გადაღებებისას ვიდეომასალის შეგროვება და მონტაჟია. 

ვიდეოებიც სრულიად ექსპერიმენტულია და არანაირი მიმართულება არ აქვს. მომწონს ისიც, რომ ყველაფერს სრულიად მინიმალური რესურსით ვაკეთებთ და ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა, ვიდეოს გადაღებისას ყოველთვის მომწონდა სიმარტივე, ამ სიმარტივიდან გამოსვლა და პატარ-პატარა ამოცანების გადაწყვეტა.

ყოველი გადაღებისას ვქმნით ახალ პერსონაჟს და ამ გმირის ხასიათიდან გამომდინარე ვაკეთებ ვიდეოებსაც.

მომავალში ვგეგმავთ ჩვენი მიმართულება “სთაილინგისკენ” წავიყვანოთ და ვიმუშაოთ სხვადასხვა კინოსა თუ პროექტზე.

რა არის თქვენთვის “ვინთიჯ შოფების” მთავარი მიმზიდველობა? თქვენ თუ ხართ მომხმარებელი და  შეგიძლიათ თუ არა თქვენი ფავორიტი “ვინთიჯ შოფები” რომ გაგვაცნოთ.

ელენე: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ “ვინთიჯ” მაღაზიის და ტანსაცმლის შეძენა, რომელიც  უცნობ ისტორიას ატარებს, უფრო მიმზიდველია ჩემთვის.

ამერიკაში ძალიან ფართო არჩევანია მეორადების, უნიკალური რაღაცების აღმოჩენა შეიძლება და ამიტომ ბევრ საყვარელ მაღაზიას ვსტუმრობ  აქ. თბილისი ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ვითარდება, თუმცა საყვარელი მაღაზია ჯერ არ მაქვს.

ნატუტა: ყოველთვის ვიყავი მეორადი და vintage ტანსაცმლის მომხმარებელი. ძველი ნივთების და ავეჯის მიმართ ინტერესი ჩემი მშობლებისგან მომდევს.  ხშირად აგროვებდნენ და ანახლებდნენ სახლის ინტერიერს, ჩემს გონებაშიც უფრო სიახლოვეს ვგრძნობ ძველ ნივთებთან – მაშინვე იჩენს ადგილს ჩემს სივრცეში და თითქოს მანამდეც უკვე ჩემთან არსებობდა. 

ასევე მეორე მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ მეორადის გამოყენება მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყოველდღიურად მაწუხებს Climate Change-ის პრობლემა და მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი. ხშირად მხვდება სტატიები fast fashion-თან დაკავშირებით და რამდენ დაბინძურებასთანაა კავშირში ეს ინდუსტრია. 

თუკი მეორადი ტანსაცმლის მოხმარებით ოდნავ მაინც შევძლებ პატარა წვლილი შევიტანო ამ დიდი პრობლემის გადაჭრაში, მაშინ კიდევ უფრო აქტიურად ვეცდები ვაკეთო ეს საქმე.

მომწონს,  საქართველოშიც რომ უცებ მასობრივად  დაინტერესდნენ და მომხმარებელიც ბევრი გაჩნდა. ქართული Vintage მაღაზიიდან გამოვარჩევ Pauline Wears It-ს! მომწონს მთელი ბრენდინგი და იდეა, რაც  შეფუთვის უკან დგას. 

აქ ჩემი ყველაზე საყვარელი ივენთია Current Affair, რომელიც ორჯერ ტარდება LA-ში და გულისხმობს მთელი ამერიკიდან სხვადასხვა ვენდორების ერთ დიდ თეთრ ინდუსტრიულ შენობაში შეკრებას. საყვარელი მაღაზიებიც ბევრი მაქვს: RecessLa, Replika vintage, New found, Corner store, Sunbeam vintage. 

ყველა ეს მაღაზია და გვერდები სხვადასხვა მიზეზით მომწონს და ვცდილობ, ეს ვიზუალური ცოდნა გავაერთიანო და შემდეგ Cherry on top-ში გამოვიყენო.


რეკომენდებული სტატიები
მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი
“მელი-მელო” შემოქმედებითი ბიზნესია, რომელიც ციფრულ სამყაროში ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც მეორადი ტანსაცმლის ონლაინმაღაზია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.