fbpx

ბათუმის ფოტოდღეები 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება


გააზიარე სტატია

ბათუმის ფოტოდღეები წელს, 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალი ახალი მთავარი თემითა და მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საინტერესო გამოფენებსა და ღამის ჩვენებებს დაესწრონ. 

Mirror Land (“სარკისებრი სამყარო”) –  გამოფენის მთავარი თემაა, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ დღევანდელ რეალობას ეხმიანება, რომელშიც ადამიანებს  უწევთ ცხოვრება და რომლის  გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები და  მედიაწყაროების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციებია.  

მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო “ო. გალოგრეში” (მისამართი: ზ. გამსახურდიას # 29) გაიხსნება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე კონკურსის წესით შერჩეული 31 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ამ ყველაფრის მიზანი კი ისაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხელოვანების პირადი გამოცდილება და მათ ქვეყნებში არსებული რეალობა ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას დაუკავშიროს. 

30 აგვისტოს კი, 13 საათზე, „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ (მისამართი: ზ. გამსახურდიას # 1/5) შედგება ფოტოლაბის გახსნა – შერჩეული მონაწილეების შეხვედრა მენტორებთან და პროექტების წარდგენა. 

ფოტოლაბის მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ არტისტებს იდეების დახვეწასა და განვითარებაში. ფოტოლაბის გამარჯვებულების ვინაობა 1 სექტემბერს, 15 საათზე, გახდება ცნობილი.

31 აგვისტოს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე ორ საინტერესო გამოფენას უმასპინძლებს – დორიან ტეტის “ვიზიტს”, რომელიც ინტიმურობასთან დაკავშირებულ მითებს ეხება და ლაშა ცერცვაძის “გიორგის”, რომელიც პირველი შიშველი ქვიარ ფოტოპროექტია. ფესტივალის ფინალურ გამოფენას კი კაფე K2 უმასპინძლებს, სადაც იუსუკე ჰაშიდას ფოტოპროექტს – “კორეა/საზღვარს” ვიხილავთ. 

მცირე მასშტაბის მიუხედავად, “ბათუმის ფოტოდღეები” უნიკალური პლატფორმაა, რომელიც არაერთ პროექტს, ექსპერიმენტსა, საერთაშორისო თანამშრომლობას უყრის საფუძველს. 

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ფოტოდღეების  ფეისბუქ-გვერდს: https://www.facebook.com/batumiphotodays/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.