პოპკორნის კრევეტები, ქართული ბურატა და გოლფი Tbilisi Hills-ში
ცხოვრების გასახალისებლად და განსატვირთად აუცილებელია არა მხოლოდ სასიამოვნო გარემო, არამედ საინტერესო კულინარიული თავგადასავლებიც.
თბილისის ცენტრიდან 15 წუთში სავალზე, არაჩვეულებრივ გარემოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გლამურული სპორტის სახეობა – გოლფი შეგიძლიათ ითამაშოთ და იქ არსებულ რესტორანს ეწვიოთ, სადაც ელეგანტური კერძებით დახვეწილ სივრცეში გიმასპინძლებენ.
Tbilisi Hills Golf ზუსტად ის ადგილია, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეძლებთ დროის გატარებას და შთაბეჭდილებების მიღებას.
რესტორნის ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება გოლფის მოედნებსა და ქალაქზე. მენიუზე ესტონელმა შეფმა ვლადისლავ დჯაცუკმა იმუშავა. ესტონელი შეფის კარიერა მსოფლიოში წამყვან რესტორნებს ითვლის, მათ შორისაა Tchaikovsky და Mon repos, სადაც მთავარი შეფ-მზარეული თავად გახლავთ.
ვლადისლავ დჯაცუკი Bocuse dOr Estonia-ს პრეზიდენტია, მისთვის კულინარია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მარტივი ინგრედიენტების ელეგანტური შერწყმით გამოირჩევა.
რესტორნის მენიუში საინტერესო კერძებია, მაგალითად, პოპკორნის კრევეტები და სამეფო ბურგერი ტრიუფელით. ნებისმიერი კერძი შეფის მიერ სათანადოდ შერჩეული ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება. მისი კულინარიული ფილოსოფიაც სწორედ ეს არის – ახალი, ადგილობრივი პროდუქტებით საუკეთესო გემოების შექმნა.
გთავაზობთ ინტერვიუს შეფთან, რომელიც რესტორან Tbilisi Hills-ის შესახებ საუბრობს.
რესტორნის შესახებ
თბილისში ერთი თვის წინ დავიწყეთ მუშაობა, თუმცა მანამდე უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, გვქონდა შეხვედრები, ვნახე ეს არაჩვეულებრივი ადგილი და გადავწყვიტე, რომ მინდოდა შემექნა რაღაც განსაკუთრებული აქაური სტუმრებისთვის.
მენიუში, რომელსაც სტუმრებს ვთავაზობთ, ქართული კერძები არ არის, რადგან ვთვლი, რომ ქართული სამზარეულო ისედაც ძალიან დახვეწილია თბილისში.
ჩვენ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი პროდუქტებისგან ჩემი ინტერპრეტაციით ვაკეთებთ კერძებს ევროპული სამზარეულოდან.
ყველაფერი, რასაც სტუმრებს ვთავაზობთ, არის ძალიან მარტივი, თანამედროვე და ევროპული.
ჩვენს მენიუში არის კერძები, რომლებიც გესიამოვნებათ მაშინ, როდესაც გოლფის სათამაშოდ მობრძანდებით.
განსაკუთრებული კერძები მენიუში
ჩემი აზრით, ეს არის ქართული მოცარელა-ბურატა, რომელსაც ძალიან კარგი პიროვნება ადგილობრივად ამზადებს ჩვენთვის. ასევე კრევეტი პოპკორნით, რომელიც დავაფუძნეთ კრევეტის ტემპურას იდეაზე.
კრევეტი ყველას უყვარს, საჭიროა ჰქონდეს სიტკბო, სიმჟავე და ცოტა ჩილი. ასევე გვაქვს განსაკუთრებული შავი პური.
პურის რეცეპტი საკმაოდ რთულია, ვცადეთ, რომ საცხობში გამოგვეცხო, მაგრამ არ გამოვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა, ამიტომ ჯერჯერობით მას აქ ვაცხობთ.
კარიერა
კარიერა 16 წლის ასაკში ესტონეთში, კულინარიულ სკოლაში დავიწყე, თუმცა იქამდე ყოველთვის ვამზადებდი სახლშიც.
ადგილი, სადაც პირველად ვმუშაობდი, ესტონეთში იყო, იქ მივიღე დიდი გამოცდილება და შევიძინე მენტორი. ვფიქრობ, მენტორის არსებობა შეფ-მზარეულის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში რთულია აირჩიო სტილი.
ჩემი მენტორი დიმიტრი დივიანოვი იყო. შემდეგ ვმუშაობდი უმეტესად მიშელინის ვარსკვლავიან რესტორნებში – საფრანგეთში, დანიაში, შვედეთსა და ფინეთში.
უკვე 9 წელია ვმუშაობ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Telegraaf-ის რესტორანში, Tchaikovsky-ში, რომელიც მაღალი დონის (fine dining) რესტორანია.
ასევე სამი წლის წინ გავხსენი საკუთარი რესტორანი Mon repos, რომელიც ისტორიულ შენობაში მდებარეობს, სადაც ასევე განთავსებული იყო რესტორანიც. აქ ძველ რეცეპტებს ახალ სულს ვბერავთ.
ერთი ინგრედიენტი, რომელიც გიყვარს და რომელიც არ გიყვარს
მე არ მიყვარს ცუდი ხარისხის პროდუქტით მომზადება. ჩემი სტილი არ არის, რომ ავიღო ცუდი ინგრედიენტები და ვეცადო მათგან რაიმე კარგის გამოყვანას. მჭირდება იდეალური პროდუქტები, რომლებიც სეზონური და ადგილობრივია.
სამზარეულოს ფილოსოფია
ძალიან მარტივია, ვამზადებ სტუმრების მიხედვით.
ყველაზე საამაყო მომენტი კარიერაში
ესტონური Bocuse dOr-ის ფინალისტობა. როდესაც Bocuse dOr-ისთვის მოვამზადე კერძი და ტოპ შეფებმა აღნიშნეს, რომ ის საუკეთესო იყო. მე არ მყავს კუმირები, მაგრამ ბევრ შეფ-მზარეულს ვცემ პატივს.
რეკომენდაციები
მე არ ვარ შეფი, რომელსაც სურს, რომ ყოველდღე მიირთვას fine dining, რადგან, ვფიქრობ, რომ ასეთი საკვები განსაკუთრებული შემთხვევისთვისაა, სწორედ ეს არ ესმით ხშირად გამოუცდელ სტუმრებს.
ვურჩევ ესტუმრონ michel bras-ის რესტორანს საფრანგეთში, ასევე “ნომას” – კოპენჰაგენში.