fbpx

დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედის” პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება


გააზიარე სტატია

ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. Millimeter Film-ის წარმოება, რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმი “ბოროტმოქმედი” ნაჩვენები იქნება სექციაში “ჰორიზონტი”. ესაა საკონკურსო სექცია, რომელშიც მთავარი პრიზის მოსაპოვებლად 20-მდე ფილმი იბრძოლებს.

“ბოროტმოქმედი” – ესაა ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მაღაროში მუშაობს და შემთხვევით, ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება. 

28 წლის გიორგი ყოველდღიურად თვალს ადევნებს მკვლელობის ძიებას და მის სატელევიზიო გაშუქებას, თუმცა ვერ ახერხებს დარეკოს პოლიციაში და ვერ ეკონტაქტება გარდაცვლილის ოჯახს. ყოველდღიურად ის უფრო და უფრო ეფლობა ამ კრიმინალურ ისტორიაში და საკუთარ თავს კარგავს. 

რეჟისორი, დიმიტრი მამულია ფილმზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, მას ჰქონდა სურვილი გადაეღო ისტორია კაცზე, რომელიც შემთხვევითობის შედეგად, სხვა კრიმინალური ისტორიის გამო საკუთარ თავს კარგავს. 

135 წუთიან ფილმში მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, მადონა ჩაჩხიანი და ნატალია ჯუღელი ასრულებენ. “ბოროტმოქმედის” საპრემიერო ჩვენება ფესტივალის ფარგლებში 5 სექტემბერს გაიმართება. 

ბოლო წლებში, ვენეციის კინოფესტივალის ამავე სექცია “ჰორიზონტში” ნაჩვენები იყო ნუცა ალექსი-მესხიშვილის “კრედიტის ლიმიტი” და ქართულ-ფრანგულ-ბრიტანულ-გერმანული კოპროდუქციით გადაღებული ფილმი “პრეზიდენტი”. რომელშიც მთავარ როლს მიშა გომიაშვილი ასრულებს. ფესტივალის სხვა სექციაში კი რუსუდან ჭყონიას Keep Smiling-ის პრემიერა გაიმართა.

ვენეციის კინოფესტივალი დღეს, 28 აგვისტოს ოფიციალურად, წითელი ხალიჩის ცერემონიალით ფილმი La Vérité (“სიმართლე”) გახსნის, რომელშიც მთავარ როლებს კატრინ დენევი, ჟულიეტ ბინოში და იტენ ჰოუკი თამაშობენ.

ათი დღის განმავლობაში ფესტივალზე ელოდებიან მსოფლიო პრემიერებს ხოაკინ ფენიქსის, მერილ სტრიპის, გარი ოლდმანის, ანტონიო ბანდერასის, ჯუდ ლოუს, ჯონ მაკლოვიჩის, გაელ გარსია ბერნალის და სხვა მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით. 

კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი “ოქროს ლომი” ესპანელ რეჟისორს – პედრო ალმოდოვარს გადაეცემა. 

ვენეციის 76-ე კინოფესტივალი 7 სექტემბერს დაიხურება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.